სერენადა – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1912

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სერენადა

ძღვნათ

 

კვალად მოცოცხლდა სული მგზნებარე,

ოდეს დაღვარა ცრემლი მდუღარე!..

ცრემლი საზდოა სიყვარულისა,

ცრემლი შვებაა მაშვრალთ სულისა…

ილხენდე, სულო! რა არის სევდა

გაზახულისა დღესასწაულზე?..

მოკვდა ის გველი, გესლს რომ ანთხევდა

ჩვენს ყვავილებზე, ჩვენს სიყვარულზე…

ზამთრის სიცივემ გიჟური ვნება

ვერ გაანელა, ვერ გააცივა…

კუბოდან აღსდგა ბედნიერება _

ცას სიყვარულის ცრემლები სცვივა!..

მეჯლისობს დილა, ხარობს მიდამო!..

ჩვენც შევუერთდეთ: წამომყევ, წამო!..

დაუგდე ყური მგოსნის ოქროს ქნარს,

დაუგდე ყური ვნებიან ზღაპარს…

ზამთრის ღამეში სიზმრათ გხედავდი,

შენს ახლოს ყოფნას… ტრფიალს ვბედავდი…

არ შევუშინდი ფინთ ზამთრის ღამეს,

ნუთუ მომაკლებ ახლა სიამეს?..

ნუ შემიყვარებ, იყავი მტერი…

შენი ხედვითაც ვარ ბედნიერი!..

არ ვიცი განა, რომ მიწის ვნება

შენს უმანკო სულს არ მიუდგება!..