მწუხარე ღამით, სევდის დუმილში
მეჭიანურის ჩამომესმის ხმა,
მეჭიანურე მოსთქვამს იმაზე,
ტრფობის ყვავილი თუ როგორ გახმა.
შავი ფიქრების, შავი გრეხილი
შემოექარგა ჩემდა მაშვრალ სულს,
დავიწყებული ადგენ აჩრდილნი
და გაეღვიძა დამარხულ წარსულს.
მე კი მეგონა, რომ ყველაფერი
დავიწყების ლოდს ამოვაფარე,
მე კი მეგონა, წარსული გრძნობის
საიმედოა გულის სამარე.
რა გინდა, ქალო, რად არ მასვენებ?
ერთხელ ხომ გათფი ჩემ სიხლით გველი.
შენ გამატანე სულის მშვიდობა
და აწი ალერსს არვისგან ველი.
_ განა არ გეყო მსხვერპლი ესდენი,
გაფიცებ, ქალო, ჩამომეხსენი!..
მისი ლანდი კი მაინც იცინის,
თავისკენ მიხმობს, ალერსს მპირდება;
გულმაცა იგრძნო გრძნეულის ჯადო
და საბუდები აღარ ჩერდება.
მეჭიანურე კვლავ ისე უკრავს,
ღამის სიბნელეს შექვითინებს ხმა,
და ნაღვლიანსა მოუთხრობს ამბავს _
ტრფობის ყვავილი თუ როგორ გახმა…