I
ტანჯვა-ვაებით, ცოდვით ნაშენი,
ცვალებადია ცრუ ეს სოფელი;
ერთხელ მეც მიდგა ჟამი შვებისა,
გულს არ მიღრღნიდა შავი ნაღველი.
მაგრამ უბოლო – სხვა რაა ქვეყნად?
გაჰქრა, წავიდა, ვით მოჩვენება.
უღვთოდ დაიმსხვრენ ოცნების ფრთები,
დამეპატრონა სევდა-ვაება.
II
ერთხელ ჰყვაოდა ჩემი მამული,
თურმე კი უდგა მასაც ზაფხული;
უმწეოდ ქმნილი, შვილთგან გმობილი,
ეხლა ცრემლს აფრქვევს გულ-ჩათხრობილი.
ჩრდილოეთიდან სუსხავს ზამთარი,
ვნების გრიგალი თავს დაღრიალებს _
რიონი, ჩუმათ ქვითინებს ჩვენი,
ძაძა ჩაუცვამთ მთისა მწვერვალებს.
III
მეც მყავდა სატრფო! უჟღერდი სიმებს,
ეხლა სადღაა?! ფარავს სამარე,
მაგრამ ამ სოფლად არ ვარ ობლათა,
ნუგეშათ დამრჩა ცრემლი მდუღარე!
მასში ვადუღებ მე სულის ტკივილს,
მასში ვპოულობ თავდავიწყებას;
ბედნიერი ვარ, თუ კი რომ ისიც
აღარ შეშურდა ჩემთვის განგებას.