მელიტონ ჩოგოვაძის ხსოვნას – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1910

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

მელიტონ ჩოგოვაძის ხსოვნას

ბნელი ღამეა, ვით ფიქრი შავი

ზლაზვნით მიმოვლენ ცაზე ღრუბლები,

მარტოდ-მარტო ვარ, არ მესვენება,

ვგოდებ და მოვთქვამ, ცრემლებად ვსდნები.

გადმოსწოლია სამყაროს ნისლი,

ხევში ნაკადი მწარედ ქვითინებს:

„სოფლით განილტვო, გამოიტირეთ!“

ავი დემონი უღვთოდ ხითხთებს.

რად მიგვატოვე, საით წახველი?

რად მიგვანებე ბედკრულნი სოფელს?

მაგას ველოდით, განა ჩვენ შენგან

რომ ასე მალე აგვაღებდი ხელს?

მაგრამ ჩვენ ტირილს არ ვართ ჩვეული,

და ბედის წერა ვერ შეგვაშინებს,

შენგან დაწყებულ საქმეს განვაგრძობთ,

დეე, თუნდ ბედი ნუ გაგვიღიმებს…

შორს სიძაბუნე! არ მინდა ცრემლი,

ის არ მომკვდარა და არც მოკვდება,

გულს ამჩნევია, არ წაიშლება,

იმისი სახე, მისი ხატება.