გოდება – Blue Horns

ავტორი : ტიციან ტაბიძე

თარიღი : 1911

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

გოდება

ვწყევლი სიცოცხლეს, ოცნებაცა მძულს,

მიველტვი კუბოს… ვსწვავ ჩემს გაზაფხულს…

ვის ძალუძს მითხრას – რაა ნუგეში?

მარქვით, რამ ჩაკლას გველი უბეში?

რა შეაკავებს მომსკდარ ჯოჯოხეთს?

რა დააწყნარებს შურისგების ღმერთს?..

დღეთა დარაჯათ დადგა დემონი,

ტანჯვა-წუხილში მიჰქრიან დრონი.

სულო, სტიროდე სატრფოს გველობას,

პირველ სიწმინდეს, უცოდველობას…

სულო, სტიროდე თასს, ჯერ დაუცლელს,

ნეკტარისა წილ რომ ხედავ შიგ გველს…

რად არ წაიღებს ნეტა მას ზეცა,

რაც სავალალოდ მისგან მომეცა?

სადა აქვს ყოფნას ბოლო, საზღვარი?

როდის გამოხრავს ჩემ ძვლებს აფთარი?..

ველტვოდი მზესა, ვეძებდი ნათელს…

ვერ მოვწყდი სევდას, ვერ მოვწყდი ნაღველს…

რომ ბოდვა არის თვით სიყვარული,

აშკარათა გრძნობს ცოდვილი სული…

კუბოთა შორის სატანა ცეკვავს,

შურის-ძიებით სახე უელავს…

დღეთა დარაჯად დადგა დემონი…

ტანჯვა-წუხილში მიქრიან დრონი.

 

ახალი ათონი