მუდამ მწუხარე, შვების არ მცნობი,
რწმენის საფლავთან სული ვალალებს;
ავი დემონი პირზე ღიმილით
არყოფნის უფსკრულს მას მიაქანებს.
ნუ დაისვენებ, გასწი, დემონო!
ელვის სისწრაფით დაშორდი სოფელს,
იქ ჯოჯოხეთში მოელის სული
თავ-შესაფარსა და ნავთ-საყუდელს!
დეე, მოვტყუვდე ვით ვტყუვდებოდი,
ჩემთვის პირველი ეს არ იქნება!
ქვეყნად რა დამრჩა, რომ დავუბრუნდე?
სულს ააშფოთებს თვით მოგონება.
სატრფო მღალატობს… სატრფო მაცდური,
გარს მომახვია კაეშნის ბადე,
დედა ცრემლს აფრქვევს… ოხ! ღმერთო, ღმერთო!
ასე საბრალო რისთვის დამბადე?
გასწი, დემონო! _ გაშალე ფრთები,
სადაც შენ წახვალ, მეც იქ მოგყვები!
ნეტა, სად არის არყოფნის კუთხე,
ჩემი ედემი… ჩემი სამოთხე.