ელეაზარი ????? ლოგო – Blue Horns

ავტორი : ლეონიდ ანდრეევი, თარგმანის ავტორი: ტიციან ტაბიძე

თარიღი : 02.06.1913

ადგილი :

საცავი :

გამოცემა : ჟურნალი „ოქროს ვერძი“ №3, №4

თარგმანები, შემოქმედება

ელეაზარი ????? ლოგო

I

როდესაც ელეაზარი ამოვიდა საფლავიდან, სადაც ის იმყოფებოდა სიკვდილის საიდუმლო უფლებაში და ცოცხალი დაბრუნდა თავის სახლში, დიდხანს ვერ ამჩნევდენ მას იმ ბედით ახირებას, რომელმაც შემდეგ საშინელი შეჰქმნა სახელი მისი. მხიარულობდენ ნათელ სიხარულით მეგობრები და ახლობელნი ახალ დაბრუნებულზე და მის ალერსსა და სასმელ საჭმელზე ზრუნვაში იკლავდენ თავიანთ გაუმაძღარ ყურადღებას.

და ჩააცვეს ელეაზარს მშვენიერი ტანისამოსი, მორთული იმედის და სიცილის ყვავილებში და როცა ის, როგორც საქმრო საქორწილო ტანისამოსში, იჯდა მათ შორის სუფრაზე და კიდევ სვამდა, კიდევ სჭამდა, ისინი სტიროდენ სიხარულით, თან უხმობდენ მეზობლებს, რომ მოსულიყვენ და შეეხედათ სასწაულით აღმდგარისთვის.

მოდიოდენ მეზობლები და უხაროდათ.

მოდიოდენ უცნობნი შორეულ ქალაქებიდან და სოფლებიდან და ხმამაღლათ აცხადებდენ თავიანთ თაყვანისცემას სასწაულზე და როგორც ფუტკრები ბზუოდენ მარიამის და მართას სახლში.

– მას, რაც ახალი გამოაჩდა სახეზე ელეაზარს და მის მიხვრამოხვრას, ისინი ბუნებრივად ხსნიდენ, როგორც მძიმე ავადმყოფობის და გამოცდილ ძრწოლათა ნაკვალევს.

ალბად რღვევითი მუშაობა სიკვდილისა ცხედარზე მხოლოდ შეეყენებინა ცოტათი სასწაულებრივ ძალას, მაგრამ მთლად არ მოესპო და ის რაც სიკვდილს მოესწრო დაემჩნია ელეაზარის სახესა და სხეულზე, ძლიერ მიაგავდა მხატვრისგან გაუთავებელს სურათს თხელ მინაზე. თვალებზე და ლოყებზე აჩნდა ელეაზარს მიწის ფერი განიერი სილურჯე, ისე ლურჯი და მიწის ფერი იყვენ გძელი თითები მისი ხელებისა და საფლავში ამოსულ ფრჩხილებსაც აჩნდა იგივე ფერი. ალაგალაგ ტუჩებზე და სხეულზე გამსკდარიყო კანი, საფლავში გასივებული და იმ ალაგზე დარჩენილიყვენ თხელი, სისხლიანი ჭრილობები, რომელნიც ბრწყინავდენ. საფლავში გასივებულ სხეულს შერჩენოდა სიდიდე და გახრწნის მყრალი სუნი. მაგრამ მკვდრის სული, რომლითაც გაჟღენთილი იყო მისი საფლავში ჩაყოლებული ტანისამოსი და აგრეთვე მისი სხეული მალე სრულიად გაჰქრა. რამდენიმე ხნის შემდეგ გადავიდა სილურჯის ფერი და გამხდარი სისხლიანი ადგილები, თუმცა სრულებით არას დროს არ გადასულან. აი, ამ სახით წარუდგა ის ადამიანებს თავის მეორე სიცოცხლეში, მაგრამ ის სრულიად ბუნებრივად ეჩვენებოდათ მათ, ვისაც უნახავთ ის დამარხული.

სახის გარდა თითქო ხასიათიც გამოეცვალა ელეაზარს, მაგრამ ეს არავის  აკვირვებდა და ვერც მიეპყრო შესაფერი ყურადღება.

სიკვდილამდი ელეაზარი იყო მუდამ მხიარული და უდარდელი. უყვარდა სიცილი და შეურაცხყოფას მოკლებული მასხრობა. ამ ბოროტებას და წყენას მოკლებულ სიმხიარულისთვის შეუყვარდა ის მასწავლებელს, ეხლა ის შეიქნა სერიოზული და მდუმარე, თითონ არ ხუმრობდა და არც სხვის ხუმრობას უპასუხებდა სიცილით და ის სიტყვები, რომელსაც ხანდისხან ის წარმოსთქვამდა იყვენ სრულიად უბრალონი, ჩვეულებრივი და მიუცილებელი და ეს სიტყვები ისე იყვენ მოკლებულნი შინაარსს და სიღრმეს, როგორც ის ხმები, რომლითაც ცხოველები გამოსთქვამენ ტკივილს და სიხარულს, წყურვილს და შიმშილს. ამისთანა სიტყვები შეუძლია მთელ სიცოცხლეში ილაპარაკოს ადამიანმა და ვერავინ ვერას დროს ვერ გაიგებს რა ტკიოდა ან რა ახარებდა მის ღრმა სულს… ასე მკვდრის სახით, რომელსაც სამ დღეს ფლობდა სიკვდილი წყვდიადში, მდიდარ საქორწილო ტანისამოსში, რომელიც ბრწყინავდა ყვითელი ოქროთი და სისხლის ფერ მეწამულით, მძიმე და მდუმარე იჯდა ის სანადიმო მაგიდასთან მეგობართა და ახლობელთა შორის.

გძელი ტალღებით ხან ნაზად, ხან ქროლვით დადიოდა მის გარშემო სიხარული და თბილი სახელი სიყვარულისა მიეზიდებოდენ მის სახისკენ, რომელსაც კიდევ შეენახა საფლავის სიცივე და ცხელი ხელი მეგობრისა ეალერსებოდა მის ლურჯ და მძიმე ხელს. მუსიკა უკრავდა. მოუხმეს მემუსიკეთ და ისე მხიარულად უკრავდენ: სალამური, ჩანგი, ტიმპანი ერთმანეთში ირეოდა, თითქო ფრინველები გალობდენ მარიამის და მართას ბედნიერ სახლის ზევით.

II

ვიღაც გაუფრთხილებელმა გასწია ზეწარი. ვიღაცამ გაუფრთხილებელი ერთი შებერვით, ერთი უცაბედათ წამოსროლილი სიტყვით დაამსხვრია ნათელი ჯადო და საშინელი სიტიტვლით აღმოაჩინა ჭეშმარიტება. ჯერ კიდევ აზრი არ გამორკვეულიყო მის თავში, როცა ბაგენი ღიმილით კითხულობდენ:

– რისთვის არ მოგვიყვები შენ, ელეაზარ, რა იყო იქ? – და ყველა დადუმდა ამ კითხვით შეძრწუნებული, თითქო მხოლოდ ეხლა მოაგონდათ მათ, რომ სამი დღე იყო მკვდარი ელეაზარი და ცნობის მოყვარეობით უმზერდენ მას – ელოდენ მის პასუხს, მაგრამ ელეაზარი სდუმდა.

– შენ არ გინდა გვიამბო? – გაიკვირვა მკითხავმა, – ნუთუ, მართლა მაგრე საშინელია იქ?

და ისევ აზრი მიდიოდა სიტყვების უკან და ის რომ სიტყვების წინ წასულიყო, მაშინ მკითხავი არ მისცემდა მას ამ კითხვას, რომლითაც ერთ წამზე მოუთმენელი შიშით დაღონდა მისი საკუთარი გული. ყველას შეეპარა მოუსვენრობა და უკვე სევდიანად ელოდენ ისინი ელეაზარიდან სიტყვებს. ის კი სდუმდა ცივად და სასტიკად და მისი თვალები შორს სივრცეში გაიყურებოდენ. და აქ ისევ, თითქო პირველად შეამჩნიეს საშინელი სილურჯე სახისა, მაგიდაზე თითქო დავიწყებული ელეაზარიდან იდვა მისი ლურჯი ხელი და თვალები უნებლიეთ დაეტოვებია მას, თითქო პირველად იმისგან ელოდენ სასურველ პასუხს. მემუსიკენი ისევ უკრავდენ, მაგრამ აი, მათთანაც მიაღწია სიჩუმემ, და როგორც წყალი როცა დაესხმება ნაღვერდალს, ისე გააქრო მან მხიარული ხმები. დადუმდა ჩანგი, და თითქმის სიმი გაწყდა და თითონ სიმღერა მოკვდა, მთრთოლვარე მოწყვეტილ ხმით გამოეხმაურა ქნარი.

და ჩამოვარდა სიჩუმე.

– და შენ არ გინდა? – გაიმეორა მკითხავმა, რადგან ვერ შეძლო დაეკავებინა მოტარტარე ენა. იყო სიჩუმე და გაუნძრევლად იდვა მაგიდაზე ლურჯი ხელი. აი, ის ცოტათი შეინძრა და ყველამ ამოისუნთქა მოსვენებულათ და მიაჩერეს თვალები, პირდაპირ მას. მძიმედ და საშინლად იხედებოდა ამდგარი ელეაზარი.

ეს იყო მესამე დღე ელეაზარის საფლავიდან ამოსვლის შემდეგ. ამის შემდეგ ბევრმა გამოსცადა დამღუპველი ძალა მისი შეხვედრისა, მაგრამ არც ისინი, ვინც სამუდამოდ მოსწყვიტა მან, არც ისინი, ვინც თვით სიცოცხლის პირველ წყაროში ნახა ნება საწინააღმდეგო, ვერ ხსნიდენ საშინელს, რომელიც ესვენა მის თვალებში. იცქირებოდა ელეაზარი მშვიდად და საღათ. მას არ ქონდა სურვილი, რაიმე დაემალა და ან რაიმე ეთქვა. ცივად იცქირებოდა ის როგორც ადამიანი, რომელიც უსაზღვროდ გულცივია სიცოცხლეზე. ბევრი უზრუნველი ხალხი ხვდებოდა მას ახლო და ვერ ამჩნევდენ. შემდეგ კი განცვიფრებით და შიშით იგებდენ, ვინ იყო ის მშვიდი, რომელიც შეეხო თავის მდიდარი ტანისამოსით. მზე არ შეწყვეტდა სინათლეს, როცა ის ხედავდა, შადრევანი არ წყვეტდა ძახილს და ისევ უღირებულო და ლურჯი რჩებოდა მშობელი ცა, მაგრამ ადამიანი, რომელმაც განიცადა მისი შეხედვა უკვე არ გრძნობდა მზეს; არ ესმოდა შადრევნის ხმა და ვერ ცნობდა სამშობლო ცას. ხანდისხან ადამიანი ტიროდა მწარედ, ხანდისხან სასოწარკვეთილებაში იწეწდა თმას თავზე და გიჟივით ეძახდა ხალხს საშველად, მაგრამ უფრო ხშირად ასე ხდებოდა: მშვიდად დაიწყებდა კვდომას, კვდებოდა გძელ წლეებით. კვდებოდა ყველას თვალწინ, უფერო, მოწყენილი, როგორც ხე, მდუმარედ რომ ხმება ქვიან ნიადაგზე და პირველნი, რომელნიც უყვიროდენ და გიჟდებოდენ, ხანდისხან უბრუნდებოდენ სიცოცხლეს, მეორენი კი – კვდებოდენ.

– მაშ, არ გინდა შენ გვიამბო, ელიაზარ, რაც ნახე იქ? – მესამეჯერ გაუმეორა კითხვა მკითხავმა, მაგრამ ეხლა, მისი ხმა იყო ცივი და მკვდრული, რუხი მოწყენილობა მღვრიედ – მაშ, არ გინდა შენ გვიამბო, ელიაზარ, რაც ნახე იქ? – მესამეჯერ გაუმეორა კითხვა მკითხავმა, მაგრამ ეხლა, მისი ხმა იყო ცივი და მკვდრული, რუხი მოწყენილობა მღვრიედ იცქირებოდა მის თვალებიდან და ყველას სახე დაფარა, როგორც მტვერმა ამ მოწყენამ და გაკვირვებით უცქეროდენ ერთმანეთს სტუმრები და ვერ გაეგოთ, რად შეიკრიბენ და ზიან აქ მდიდარ სუფრაზე. შესწყვიტეს ლაპარაკი, გულცივად ფიქრობდენ, რომ უთუოდ უნდა წავიდენ სახლში, მაგრამ არ შეეძლოთ დაეძლიათ ზარმაცი მოწყენა, უღონო ძარღვები და ისევ განაგრძობდენ სხდომას. ყველა ერთმანეთს მოწყვეტილი, როგორც ბინდიანი ცეცხლი უდაბნოში გაბნეული ღამით. მემუსიკეთ ასაჩუქრებდენ, რომ დაეკრათ და ისევ მოკიდეს მათ ხელი ინსტრუმენტებს და ისევ ამეტყველდენ დასწავლილი მწუხარე ხმები. ისევ ის შეგუბებული ჰარმონია ისახებოდა მათში, მაგრამ გაკვირებით უსმენდენ სტუმრები, მათ არ იცოდენ, რისთვის იყო ეს საჭირო და რისთვის არის ეს კარგი, როცა ადამიანები ჩამოკრავენ სიმებს, ლოყებს გააფართოვებენ და ქმნიან უჩვეულო, სხვადასხვა ხმიან ხმაურობას…

– როგორ ცუდად უკრავენ! – თქვა ერთმა.

მემუსიკენი გაიბუტენ და წავიდენ. მათ უკან მიყვენ სათითაოდ სტუმრები, რადგან უკვე ღამე იყო და როცა ყოველ მხრიდან მათ შემოერტყათ წყვდიადი და უკვე უფრო მსუბუქად შეეძლოთ ამოესუნთქათ, უეცრივ მათ წინ სათითაოდ რისხვის ბრწყინვაში გამოჩნდა ელეაზარის სახე. ლურჯი სახე მკვდარისა, საქმროს ტანისამოსი, მდიდარი და ბრწყინვალე, ცივი სახე, რომლის სიღრმეში ციალობდა რაღაც საშინელი. თითქო ქვად ქცეულნი იყვენ ისინი სხვადასხვა ადგილას და წყვდიადი გარეიცავდა მათ. სიბნელეში კი უფრო ნათლად ისახებოდა საზარელი მოჩვენება, ზებუნებრივი სახე მისი, ვინც სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სიკვდილის უფლებაში, სამი დღე იყო ის მკვდარი, სამჯერ ამოვიდა და ჩავიდა მზე, ის კი იყო მკვდარი, ბავშები თამაშობდენ, ქვებზე მოლიკლიკებდა წყალი, ცხელი მტვერი ადიოდა გზას და ის კი იყო მკვდარი. და ეხლა ისევ ხალხში არის იგი, ეხება მათ, ხედავს მათ! – და მის თვალის კაკლების შავწრეთა შორის, როგორც ბნელ მინისგან ხედავს ის ადამიანებს, თვით მიუწდომელი იქ…

 

III

არავინ არ ზრუნავდა ელეაზარზე, არ დარჩენ მას ახლობელნი და მეგობრები და ვრცელი უდაბნო, რომელიც გარშემო ერტყა წმიდა ქალაქს, მიუახლოვდა თვით მის სახლის კარებს. და შევიდა მის სახლში და მის საწოლზე დაწვა, როგორც მოსიყვარულე ცოლი და ჩააქრო ცეცხლი. არავინ არ ზრუნავდა ელეაზარზე. ერთი ერთმანეთზე წავიდენ მისი დები მართა და მარიამი, დიდხანს არ უნდოდა მისი დატოვება მართას, რადგან არ იცოდა, ვის უნდა ესმია და ეჭმია მის ძმისთვის, ან ვის უნდა შებრალებოდა. დიდ ხანს ტიროდა და ლოცულობდა, მაგრამ ერთ ღამეს, როცა ქარიშხალი დაჰქროდა უდაბნოში და მწარე მოთქმით იღუნებოდენ კიპარისები სახლის სახურავზე, მართამ ჩუმად ჩაიცვა, და ჩუმადვე წავიდა. უთუოდ გაიგონა ელეაზარმა, როგორ მოიხურა კარი და დიდ ხანს არწევდა მას ქარიშხალი, თითქო უნდოდა თავის ფრთებზე წამოეკიდა და წაეღო, მაგრამ არ ადგა ელეაზარი, რომ შეეხედა და დაეკეტა. და მთელი ღამე ზუზუნებდენ მის თავის მაღლა კიპაროსები, და მწუხარედ ერახუნებოდა კარი, უშვებდა რა სახლში ქარიშხალს და ცივ უდაბნოს. როგორც კეთროვანს უფრთხოდენ მას ყველანი და როგორც კეთროვანს დაუპირეს კიდეც პატარა ზარები დაეკიდათ ყელზე, რომ გაეგოთ მისი შეხვედრა და გადადგომოდენ გზაზე. მაგრამ ვიღაც, გაფითრებულმა შიშით სთქვა, რომ საშინელი იქნება, როცა ღამე ფანჯარასთან ჩამოესმებათ პატარა ზარების წკარუნი ელეაზარისა და ყველა გაფითრდა და დაეთანხმა მას…

და რადგან არც თითონ ზრუნავდა ის თავის თავზე: შესაძლებელია მომკვდარიყო კიდეც შიმშილით, რომ მეზობლებს, რაღაც შიშის გამო არ გადაეწყვიტათ მისთვის საჭმელის დატოვება სახლში. მიჰქონდათ საჭმელი ბავშებს, რადგან მათ არ ეშინოდათ ელეაზარისა, მაგრამ არც დასცინოდენ მას, როგორც გულუბრყვილოთ ხანდისხან იციან ხოლმე დაცინვა უბედურებისა. გულცივად ეკიდებოდენ მას ბავშები და გულგრილობითვე უხდიდა ელეაზარიც. არ ქონდა მას სურვილი მიეალერსებია ხუჭუჭა თავისთვის და ჩაეხედა გულუბრყვილო ნათელ თვალებში. ჟამის და უდაბნოს ანაბარად დატოვებული თანდათან ინგრეოდა მისი სახლი და დიდი ხანია გაიქცენ მეზობლებში შიმშილისგან გაბრუებულნი პეტელით თხები. დაძველდა საქორწილო ტანისამოსი მისი. როგორც ჩაიცვა მან პირველად იმ ბედნიერ დღეს, როცა უკრავდენ მემუსიკენი, ისე უცვლელად ატარებდა, თითქო ვერც კი ცნობდა გარჩევას ახალსა და ძველს, დახეულს და მთელს შორის… ნათელი ფერი გახუნდა და ამოიწვა. ბოროტი ქალაქის ძაღლები და უდაბნოს ეკლები ძონძებათ აქცევდენ მშვენიერ სამოსს. დღე, როცა შეუბრალებელი მზე ყოველ ცოცხალის მკვლელად ჩნდებოდა და როცა ლოკოკინებიც კი მიძვრებოდენ ქვების ქვეშ და იქ იხრუკებოდენ ვისმესი დაშხამვის გიჟურ სურვილისგან, ის გაუნძრევლად იჯდა სხივების ქვეშ, მაღლა აეწია თავის ლურჯი სახე და ველური წვერები. როცა, ჯერ კიდევ ელაპარაკებოდენ მას, კითხეს:

– საბრალო ელეაზარ! შენ გიხარიან განა მზის ქვეშ. მზის ქვეშ ჯდომა და მისი ყურება?..

და მან უპასუხა:

– დიახ, მიხარია.

ალბად ასე ძლიერი იყო სიცივე სამ დღეს საფლავში და ისე ღრმა წყვდიადი მისი, რომ არ იყო მიწაზე რაიმე სიცხე, ან სინათლე, რომელსაც შეეძლო გაეთბო ელეაზარი ანდა გაენათებია მის თვალთა წყვდიადი. იფიქრეს მათ, ვინც ეკითხებოდენ და ამოხვრით მოსცილდენ მას. და როცა წითელი ბურთი მიწისკენ წამოიწევდა, ელეაზარი ბრუნდებოდა უდაბნოში და მიდიოდა პირდაპირ მზისკენ, თითქო უნდა დაეწიოსო. ყოველთვის პირდაპირ მზისკენ მიდიოდა ის და ისინი, ვინც მის გზას უთვალთვალებდენ და უნდოდათ გაეგოთ, რას აკეთებდა ელეაზარი ღამე უდაბნოში, ამოუშლელად ჩაიბეჭდენ მეხსიერებაში შავი სილუეტი მაღალი, მოწყენილი ადამიანისა უშველებელი წითელი დისკის ფონზე. ღამემ გააბნია ისინი თავის შიშით და ისევ ვერ გაიგეს, რას შვებოდა ელეაზარი უდაბნოში, მაგრამ ხატება შავის წითელ ფონზე, თითქო გამოიწვა მათ ჭკვაში და არ მიდიოდა. როგორც მხეცი, გამოსაცვენად მომზადებულ თვალებით თავის პირს თათებით იხოკავს, ისე სულელურად იწმენდდენ ისინი თვალებს, მაგრამ ის, რასაც იძლეოდა ელეაზარი, ამოუხოცელი რჩებოდა და ავიწყებინებდა მხოლოდ სიკვდილი. მაგრამ იყვენ ადამიანები, რომელთაც არ ენახათ ელეაზარი და მხოლოდ გაეგონათ მასზე. კადნიერი ცნობის მოყვარეობით, რომელიც შიშზე უარესია და იკვებება შიშით, დამალულ დაცინვით სულში, მოელოდენ ისინი მზეზე დამჯდართან და გაუბამდენ საუბარს… ამ დროს ელეაზარს სახე ეცვლებოდა სიკარგისაკენ და არ იყო ძველებურად საშინელი. და პირველ წამში ისინი იმტვრევდენ თითებს და ფიქრობდენ წმიდა ქალაქის მცხოვრებთა სისულელეზე და როცა მცირე ლაპარაკის შემდეგ ისინი ბრუნდებოდენ სახლში, მათ ქონდათ ასეთი შეხედულება, რომ წმიდა ქალაქის მცხოვრებნი მაშინვე ამჩნევდენ მათ და ლაპარაკობდენ.

– აი, კიდევ მოდის გიჟი, რომლისთვისაც შეუხედია ელეაზარს და შებრალებით დადუმდებოდენ და აწევდენ ხელებს. მოდიოდენ იარაღით ხელში, გულმაგარი და მამაცი მეომრები, მოელოდენ სიცილით და სიმღერით ბედნიერი ვაჟკაცები. მოდიოდა საქმიანი ხალხიც, ფულის ბზრიალით და კადნიერი მსახურნი ტაძრისა აყუდებდენ ელეაზარის კარებთან თავიანთ კვერთხებს და არავინ არ დაბრუნებულა ისეთი, როგორიც მოვიდა. ერთი და იგივე საშინელი ჩრდილი ჩახვეოდა სულს და ახალი სახე ეძლეოდა ძველ ნაცნობ სამყაროს. ასე გამოსცემდენ თავიანთ გრძნობას ისინი, ვისაც კიდევ ქონდა ლაპარაკის თავი.

ყველა საგნები, თვალით შესახედი და ხელით შესახები უცებ ცარიელდებოდენ და იქცეოდენ მჩატეთ, გამჭვირვალეთ, მიაგავდენ წასულ ჩრდილებს ღამის უდაბურ წყვდიად ადში, რადგან ის უშველებელი წყვდიადი, რომელიც ახვევია სამყაროს, ვერ ნათლდებოდა ვერც მზით, ვერც მთვარით, ვერც ვარსკვლავებით და უსაზღვრო შავი ზეწარით მოსავდა მიწას, როგორც დედა კოცნიდა მას.

ყველა საგნებს შეეხო ის, რკინას და ქვას და მარტოთ რჩებოდენ საგნები, რა დაეკარგათ კავშირი, ნაწილების სიღრმეში შედიოდა ის და ანაწილებდა ყველაფერს…

რადგან ის საშინელი სიცარიელე, რომელიც სამყაროს ვერ ავსებდა ვერც მზით, ვერც მთვარით, ვერც ვარსკვლავებით და მეფობდა უსაზღვროთ. ყველგან შედიოდა და ყველაფერს აცალკევებდა: სხეულს სხეულისგან, ნაწილს ნაწილისგან.

სიცარიელეში შლიდენ თავის ძირებს ხეები და თითონვე იყვენ ცარიელნი. სიცარიელეში, თითქო ჩამოქცევას ლამობდენ, ეკიდენ ტაძრები, სასახლენი, სახლები და თითონვე იყვენ ცარიელნი. სიცარიელეში დადიოდა ადამიანი ან თითონვე იყო ცარიელი, მჩატე როგორც ჩრდილი.

რადგან არ იყო ჟამი და დაახლოვდა დასაწყისი ყოველ საგნისა მას დასასრულთან. კიდევ აშენებდენ შენობებს, კალატოზები ჩაქუჩით ხმაურობდენ, მაგრამ უკვე იქცეოდა, და იბადებოდა თუ არა ადამიანი, მის თავის სასთუმალს აინთებოდა დასამარხი სანთელი და ქრებოდა სიცარიელე, იკავებდა ადამიანის და დასამარხ სანთელის ადგილს და სიცარიელით ავსებული ადამიანი უიმედოდ ძრწოდა დაუსრულებელის საშინელების წინ.

ასე ლაპარაკობდენ ისინი, ვისაც კიდევ ქონდა ლაპარაკის თავი, მაგრამ უთუოდ კიდევ მეტს იტყოდენ ისინი, რომელთაც არ უნდოდათ ლაპარაკი და ისე ჩუმად კვდებოდენ.

IV

ამ დროს ცხოვრობდა რომში ერთი დიდებული მოქანდაკე. მარმარილოსა, თიხასა და ბრინჯაოსგან ის ქმნიდა ღმერთებისა და ადამიანთა ტანს და ისე ღვთაებრივი იყო სილამაზე მათი, რომ ხალხმა მას უკვდავი დაარქვა. მაგრამ მოქანდაკე მაინც უკმაყოფილო იყო და ამტკიცებდა, რომ არის რაღაც ჭეშმარიტად ყველაფერზე ულამაზესი, რომელიც არ შეუძლია მას გადაიტანოს მარმარილოსა და ბრინჯაოზე. კიდევ ვერ შემიკრებია მე მთვარის სხივები, კიდევ ვერ დამთვრალვარ მე მზის სხივებით და არ არის ჩემ მარმარილოზე სული, არ არის სიცოცხლე ჩემ ლამაზ ბრინჯაოზე. და როცა მთვარიან ღამეში ის მიდიოდა გზაზე და გადაჭრიდა შავ ჩრდილოებს კიპარისთა, შეხვედრილნი მას მეგობრულად გაუცინებდენ და ეტყოდენ:

– მთვარის სხივები, ხომ არ გინდა შეკრიბო არკელიუსს?

– რაისთვის არ წამოიღე თან კალათა?

და ისიც სიცილით ეუბნებოდა, უჩვენებდა რა  თავის თვალებზე:

– აი, ჩემი კალათები, სადაც ვკრებ მე მთვარის სხივებს და მზის ბრწყინვას.

წარმოსდგებოდა ის ძველი პატრიციების გვარიდან, ყავდა კეთილი ცოლი, ლამაზი ბავშები და არაფერში არ გრძნობდა დანაკლისს. როცა მოვიდა რომში ამბავი ელეაზარზე, არკელიუსი მოელაპარაკა თავის ცოლს და მეგობრებს და გაემგზავრა შორეულ გზაზე იუდეიაში, რომ შეეხედა სასწაულით ამდგარისთვის.

ცოტა მოწყენილობას გრძნობდა ის ამ დღეებში, მაგრამ თანდათან იზრდებოდა გზაში ყურადღება და ცნობის მოყვარეობა.

რასაც მოუთხრობდენ ელეაზარზე, მას სულაც არ აშინებდა. ის ბევრს ფიქრობდა სიკვდილზე, არ უყვარდა სიკვდილი, მაგრამ არ უყვარდა არც ისინი, რომელნიც სიკვდილს სიცოცხლეში ურევენ. ამ მხარეზე მშვენიერი სიცოცხლე, იმ მხარეზე საიდუმლო სიკვდილი, ფიქრობდა ის, და არაფერი ამაზე კარგი არ შეუძლია ადამიანს გამოიგონოს, როგორც შეხაროდეს ამ მშვენიერ სიცოცხლეს და ის კიდეც ფიქრობდა გულში, რომ ამაში დაარწმუნებდა ელეაზარს და დაუბრუნებდა მის სულს სიცოცხლეს, როგორც დაბრუნებული იყო სხეული. მით უფრო შესაძლებელი ხდებოდა ეს, რომ ამბავი, რომელიც ელეაზარზე მიდიოდა მის ყურამდი, არ გამოსცემდა სრულ ჭეშმარიტებას და მხოლოდ აფრთხილებდენ რაღაც საშინელების წინ.

უკვე ადგა ქვიდან ელეაზარი, რომ გამოდგომოდა მზეს უდაბნოში, როცა მიუახლოვდა მას მდიდარი რომაელი, შეიარაღებული გონით და ხმამაღლა დაუძახა:

– ელეაზარ!

და შეხედა ელეაზარმა მშვენიერ და ამაყ სახეს, დიდებით გაბრწყინებულს, ნათელ ტანისამოსს, ძვირფას ქვებს, მზის ქვეშ რომ ბრწყინავდენ. წითელი სხივები მის თავს აძლევდენ ბრინჯაოს ფერს და ეს ელეაზარმა შეამჩნია. გაუგონა და დაჯდა ის თავის ალაგას და დაღლილი თვალები დაუშვა ძირს.

– შენ ულამაზო ხარ, ჩემო საბრალო ელეაზარ, – ამბობდა მშვიდად რომაელი და ათამაშებდა ოქროს ძეწკვს ხელებზე, – შენ საშინელი ხარ, ჩემო მეგობარო, კიდეც. და სიკვდილი არ ყოფილა ზარმაცი იმ დღეს, როცა შენ იმას ჩავარდნიხარ ხელში, მაგრამ შენ სხვილი ხარ, როგორც გუდა და ამისთანა ხალხი არას დროს არ არიან ბოროტი, ასე ამბობდა დიდებული კეისარი, და მე ვერ გამიგია, რისთვის გიფრთხიან შენ ადამიანები. მომცემ განა ნებას, შენ სახლში გავათიო ღამე? უკვე დაღამდა და მე არ მაქვს თავშესაფარი.

ჯერ არავის არ უთხოვია ელეაზარისთვის ღამის გათევა.

– მე არა მაქვს საწოლი. – მიუგო მან.

– მე რამდენამდე მხედარი ვარ და შემიძლია მჯდომარემ ვიძინო, – მიუგო რომაელმა, – ჩვენ ავანთებთ ცეცხლს.

– მე არა მაქვს ცეცხლი.

– მაშინ ბნელაში, როგორც ორი მეგობარი ჩვენ გავაბათ საუბარი, შენ უთუოდ მოგეძებნება სადმე ცოტა ღვინო.

– მე არა მაქვს ღვინო.

რომაელს გაეცინა.

– აი, ეხლა მესმის, რისთვის ხარ შენ ასე მწუხარე და არ გიყვარს მეორე სიცოცხლე. არ არის ღვინო, რა უნდა ვქნათ, დავრჩეთ ასე, ხომ არის სიტყვა, რომელიც აბრუებს თავს, როგორც თალეონის ღვინო.

ანიშნა ხელით და გაუშვა მონა და ისინი დარჩენ ორი ერთად, ხელახლა ალაპარაკდა მოქანდაკე და თითქო ჩამავალ მზესავით მიდიოდა მისი სიტყვებიდან სიცოცხლე და დაცარიელდენ სიტყვები, გაუფერულდენ. თითქო ირყეოდენ უძლურ ფეხებზე. თითქო იქცეოდა მთვრალი სევდის და სასოწარკვეთილების ღვინო.

– ეხლა შენი სტუმარი ვარ, და არ დაგტოვებ ასე, ელეაზარ, – ამბობდა ის, – სტუმართმოყვარეობა სავალდებულოა მისთვისაც, ვინც საფლავშიაც იყო სამი დღე. ოხ! როგორ ბნელა,  და საიდან გამოიტანე შენ ეს ჩვეულება უღვინოთ და უცეცხლოთ გაძლების. მე მიყვარს ცეცხლი, აქ როგორ მალე ბნელდება, შენ მართლა საინტერესო ხაზები გაქვს წარბებსა და შუბლზე, თითქო ფერფლით დამარხული ნანგრევებია სასახლეთა მიწის ძვრის შემდეგ? მაგრამ რისთვის ხარ შენ ახირებული და ულამაზო ტანისამოსში. მე მინახავს საქმრონი თქვენ მხარეში და ისინი ატარებენ ამნაირ ტანისამოსს. რა სასაცილო ტანისამოსია, რა საშინელი ტანისამოსია.

– მაგრამ შენ საქმრო ხარ?

უკვე დაიმალა მზე და შავი გოლიათი ჩრდილი გამოიქცა აღმოსავლეთიდან, თითქო ვეებერთელა შიშველმა ფეხებმა დაიწყეს სილაზე ხრაშუნი, და ჩქარი სირბილის ქროლვამ ზურგში სიცივით შეიქროლა.

– ბნელაში შენ უფრო დიდი მოჩანხარ, ჩემო ელეაზარ! შენ თითქო გასუქდი ამ რამდენიმე წამში, მართლა ხომ არ იკვებები შენ წყვდიადით?.. მე კი მინდოდა ცეცხლი, თუნდა პატარა ცეცხლი, მე მცივა რაღაც, თქვენში ბარბაროსული ცივი ღამეები ცოდნია… რომ ასე ბნელი არ ყოფილიყო, მე შენ გეტყოდი, რომ მიცქერი მე ელეაზარ, დიახ, მგონია შენ მიცქერი… ხომ მართალია, მე ვგრძნობ რომ შენ იღიმები.

ღამე მოვიდა და მძიმე სიშავით გაიჟღინთა ჰაერი.

– აი, კარგი ის იქნება ხვალ, რომ ამოვა მზე. შენ უთუოდ იცი, რომ მე დიდებული მოქანდაკე ვარ, როგორც მეძახიან მეგობრები. მე ვქმნი, დიახ, ამას ქვია შექმნა. მაგრამ ამისთვის დღეა საჭირო. ცივ მარმარილოს მე ვაძლევ სიცოცხლეს, მე ცეცხლს უდებ მრეკავ ბრინჯაოს… რისთვის შემახე შენ ხელი?..

– წავიდეთ, უთხრა ელეაზარმა, შენ ჩემი სტუმარი ხარ. – და ისინი წავიდენ სახლში და გძელი ღამე დააწვა მიწას. მონამ ბევრი უცადა ბატონს, შემდეგ კი მივიდა მასთან, როცა მაღლა იდგა მზე. და შეხედა პირდაპირ, დამწველ სხივთა ქვეშ იჯდენ ერთი მეორესთან ელეაზარი და მისი ბატონი, იცქირებოდენ ზევით და სდუმდენ. ატირდა მონა და ხმა მაღლა დაიყვირა.

– ბატონო ჩემო, რას ვხედავ ამას? ბატონო, რა დაგმართიათ?

იმ დღესვე ის დაბრუნდა რომში. მთელი გზა ავრელიუსი დაფიქრებული იყო და სდუმდა, ყურადღებით ათვალიერებდა ყველაფერს, ხალხს, ხომალდს, ზღვას, თითქო სცდილობდა დამახსოვრებას. ზღვაში მათ ძლიერი ქარიშხალი წამოეწიათ და მთელი ეს დრო ავრელიუსი იმყოფებოდა ბაქანზე და გაუმაძღრად ათვალიერებდა მოზღვავებულ ტალღებს. სახლში შეშინდენ რა შეამჩნიეს საშინელი გამოცვლა მოქანდაკეს, მაგრამ მან დაამშვიდა სახლობა, დიდმნიშვნელოვანად სთქვა:

– მე ვნახე.

და იმ ჭუჭყიან ტანისამოსით, რომელიც მას არ გამოუცვლია მგზავრობაში, ის შეუდგა მუშაობას და მორჩილად დაიწკრიალა მარმარილომ ჩაქუჩის დაკვრაზე. დიდხანს, გაუმაძღრად მუშაობდა ის, არავის არ უშვებდა ოთახში და ბოლოს ერთ დღეს სთქვა, რომ ნაწარმოები უკვე გაათავა და უბრძანა შეეკრიბათ მეგობრები, დამფასებელნი და მცოდნენი ხელოვნებისა… და უცდიდა ის მათ მშვენიერ და ბრწყინვალე ტანისამოსში, გამოწყობილი ოქროთი და მეწამულით.

– აი რა შევქენი. – სთქვა მან დაფიქრებით.

შეხედეს მეგობრებმა და ორმა მწუხარების ჩრდილმა დაფარა მისი სახე.

ეს იყო რაღაც საზიზღარი, რომელსაც არ ჰქონდა არც ერთი თვალისთვის ნაცნობი ფორმა. მაგრამ არ იყო მოკლებული რაღაც ახალ, უცნობ ხატებაზე ნასახს. წვრილ და მრუდე ტოტზე ანუ მის მომსგავსებაზე მრუდედ და ახირხულად იდვა ბრმა ველური ნამტვრევები ქვისა, რომელნიც უღონოდ სცდილობდენ თავისთავიდან წასვლას. შემთხვევით ერთ ამისთანა ველურად მყვირალა ადგილთან შეამჩნიეს მშვენივრად გამოქანდაკებული პეპელა, გაჭვირვალე ფრთებით, თითქო მთრთოლვარენი ფრენის უღონო ნდობიდან.

– რატომ არის ეს საკვირველი პეპელა? – გაუბედავად ჰკითხა ვიღაცამ.

– არ ვიცი – უპასუხა მოქანდაკემ.

– ეს საძაგელი რამაა, საბრალო მეგობარო.

– მომეცით ჩაქუჩი!

და ორი დარტყმით მან დაამსხვრია ქანდაკი, დატოვა მარტო გამოქანდაკებული საკვირველი პეპელა.

ამის შემდეგ არაფერი არ შეუქმნია ავრელიუსს. გულგრილად უცქეროდა ეხლა ის მარმარილოსა და ბრინჯაოს და თავის უწინდელ ღვთაებრივ ქმნილებათ, რომლებზედაც განისვენებდა უკვდავი სილამაზე. ცდილობდენ – აღეძრათ მასში შემოქმედების ძალა, დაჰყავდათ – რომ დაეკვირვებინათ სხვის მშვენიერ ნაწარმოებთათვის, მაგრამ ის მალეც გულ გრილად უცქეროდა ყველაფერს და ღიმილიც კი არ ათბობდა მის დაღვრემილ სახეს. როცა მას დიდხანს და ბევრს ესაუბრებოდენ სილამაზეზე, ის, დაღლილი, ცივად უპასუხებდა.

– მაგრამ ყველა ეს ხომ სიცრუეა.

დღით, როცა მზე ანათებდა, ის გადავიდოდა თავის ხელოვნურად მორთულ ბაღში და მონახავდა რა იმ ადგილს, სადაც არ იყო ჩრდილი, დაუხურელ ტიტველ თავს და მღვთის თვალებს გაუჩერებდა სიცხეს და ბრწყინვას. დაჰფრინავდენ წითელი და თეთრი პეპლები, მარმარილოს წყლის ამოსაღებიდან მოჩუხჩუხებდა წყალი – ნეტარად მთვრალი სატირის მრუდე ბაგეთაგან. ის კი იჯდა განუძრევლად, როგორც მკრთალი ჩრდილი მისი, ვინც კი ბარმა სივრცეში, თვით უდაბნოს კლდოვან ბჟესთან განუძრევლად იწვა პაპანება მზის ქვეშ.

V

და აი მიიხმო თავისთან ელეაზარი თვითონ დიდებულმა ღვთაებრივმა ავგუსტმა. ჩააცვეს ელეაზარს ისევ სადღესასწაულო, საქორწინო ტანისამოსი, თითქო ჟამმა დააკანონა, რომ თვით მეორე სიკვდილამდე ყოფილიყო ის საქმარო უცნობი სარძლოსი. გავდა იმას, თითქო ძველი, დამპალი კუბო ისევ მოევარაყებინათ ოქროთი და ახალი ფარჩით შეემოსათ და მიჰყვებოდენ მას სადღესასწაულოდ გამოწყობილნი, თითქო მართლა მიდიოდა ქორწილის პროცესია და წინამძღვარნი ხმამაღლა აყვირებდენ საყვირთ, რომ მიეცათ გზა იმპერატორის გამოგზავნილთათვის, მაგრამ უდაბური იყო გზები ელეაზარისა.

მთელი სამშობლო მხარე სწყევლიდა სასწაულით ამდგარისას. და დაფრთხა და გაიქცა ხალხი მარტო გაგონებაზე ელეაზარის მოახლოვებისა. მაინც ყვიროდენ ტყვიის საყვირები და მარტო უდაბნო უპასუხებდა თავის გამოძახილით.

შემდეგ წაიყვანეს ზღვით. და ეს იყო ყველაზე უფრო მწუხარე ხომალდი, რომელიც ოდესმე მიდიოდა ხმელთა შუა ზღვის ტალღებზე. ბევრი ხალხი მიდიოდა ამ ხომალდით, მაგრამ, როგორც საფლავი, იყო ის მშვიდი და მდუმარე, თითქო სტიროდა წყალი უიმედოთ. მარტოდმარტო იჯდა ელეაზარი და მიეშვირა თავი მზისთვის, ყურს უგდებდა ზვირთის დუდუნს და სდუმდა. შორს კი, როგორც მწუხარე ჩრდილთა გროვა უღონოდ იწვენ მეზღვაურები. ამ დროს რომ მეხი გავარდნილიყო უეცრად, ქარიშხალს წითელი აფრა დაეწეწა, უთუოდ დაიღუპებოდენ ყველანი, რადგან არც ერთს მათგანს – არ ჰქონდა ღონე და ნდომა სიცოცხლისათვის ბრძოლისა. გულგრილად შევიდა ელეაზარი უკვდავ ქალაქის ქუჩებში. თითქო მთელი სიმდიდრე მისი, შენობათა საკვირველება, ბუმბერაზივით რომ ცაში ეზიდებოდენ, მთელი სილამაზე და მუსიკა სიცოცხლისა, იყო მხოლოდ გამოძახილი ქარიშხლისა უდაბნოში და მკრთალი სხივი გახურებულ სილისა. მიქროდა ეტლები, მიდიოდა გროვა ძლიერი, ლამაზი და კადნიერი ადამიანების, უკვდავ ქალაქის ამშენებელთა და მისი ცხოვრების ამაყ მონაწილეთა. ისმოდა სიმღერა – იცინოდენ შადრევანები და ქალები თავის მარგალიტი სიცილით, ფილოსოფოსობდენ მთვრალნი, ღიმილით პირზე უსმენდენ მათ ფხიზელნი და ნალები რეკდენ ქუჩებზე, რა ჩაეცემოდნენ ქვებს. ყოველ მხრივ მხიარულ ხმაურობით შემორტყმული, ცივი დუმილის დაღით დადიოდა მძიმე, მოღრუბლული ადამიანი და თესავდა თავის გზაზე რისხვას და ჯანყიან მწველ სევდას. ვის შეუძლია იყოს მწუხარე რომში? – გული მოდიოდათ მოქალაქეთ და ორი დღის შემდეგ მთელმა რომმა იცოდა ამბავი სასწაულით ამდგარისა და შიშით უფრთხოდა მას. მაგრამ იყვნენ ისეთი გულმაგარი ადამიანებიც, რომელთაც სურდათ გამოეცადათ თავიანთი ძალა და მათ დაუფიქრებელ ძახილზე მორჩილად მიდიოდა ელეაზარი. სახელმწიფო საქმეებით დატვირთული იმპერატორი აგვიანებდა მიღებას და მთელი შვიდი დღე დადიოდა რომში სასწაულით ამდგარი. აი, მოვიდა ელეაზარი მხიარულ ლოთთან და ლოთი წითელი ტუჩების სიცილით შეხვდა მას.

– დალიე, ელეაზარ, დალიე! აი, ბევრს იცინებს ავგუსტი, როცა მთვრალს დაგინახავს.

და იცინოდნენ გატიტვლებულნი ლოთი დედაკაცები და ვარდის ფოთლები ეცემოდენ ელეაზარის ლურჯ ხელებზე. მაგრამ შეხედა ლოთმა თვალებში და საუკუნოდ გათავდა მისი მხიარულება. მთელი თავისი სიცოცხლე ის დარჩა ლოთად, უკვე ეხლა აღარ სვამდა, მაგრამ მაინც დარჩა ლოთად. მაგრამ მხიარულ ზმანებათა წილ საშინელი სიზმრები შეიქნენ ერთად ერთ საზრდოდ მისი სულისა. აი, მივიდა ელეაზარი ჭაბუკთან და ქალწულთან, რომელთაც უყვარდათ ერთმანეთი და იყვენ მშვენიერი თავიანთ სიყვარულში ამპარტავნულად და მაგრად მოეხვია ხელები საყვარლისათვის და ჭაბუკმა სთქვა ჩუმი შეცოდებით:

– შეგვხედე, ელეაზარ, იმხიარულე ჩვენთან, განა არის რამე სიყვარულზე ძლიერი?

შეხედა ელეაზარმა და მთელ სიცოცხლეში ისინი განაგრძობდენ ერთმანეთის სიყვარულს, მაგრამ მწუხარე და ბინდიანი შეიქნა მათი სიყვარული, როგორც საფლავზე ამოსული კვიპაროსები, რომელნიც ძირებს ასაზრდოებენ საფლავის გახრწნით და შავ მაღალ წვეროებით ამაოდ ეძებენ ცას ჩუმს საღამო ჟამს, უცნობი ძალა სიცოცხლისა მათ აგდებდათ ერთი მეორის წიაღში. მაგრამ მათი კოცნა ერთად ერთოდა ცრემლს, ტკბობა ტანჯვას და მონებად გრძნობდენ თავს: მორჩილ მონებად მთხოვნელ სიცოცხლის და უპასუხო მოსამსახურეებად მდუმარე არარაისა. მუდამ შეერთებულნი, მუდამ გაყრილნი – ისინი ინთებოდენ ნაპერწკალივით, და როგორც ნაპერწკალი ჰქრებოდენ უსაზღვრო წყვდიადში.

აი, მივიდა ელეაზარი ამაყ ბრძენთან და ბრძენმა რქვა მას:

– მე უკვე ვიცი, ელეაზარ, რაც შეგიძლია შენ მითხრა საშინელი. რით შეგიძლია შენ კიდევ დამაშინო მე?

მაგრამ გავიდა სულ ცოტა ხანი და იგრძნო ბრძენმა, რომ ცოდნა საშინელის – არ არის კიდევ საშინელი. რომ სიკვდილის მოჩვენება – არ არის სიკვდილი. და იგრძნო მან, რომ სიბრძნე და უმეცრება სულ ერთია უსაზღვროს წინაშე, რადგან არ იცის ისინი უსაზღვრობამ. და გაჰქრა საზღვარი ცოდნისა და უცოდინარობისა, ჭეშმარიტებისა და სიცრუისა, სიმაღლისა და სიმდაბლის და ჩამოწვა უსახო აზრი. მაშინ მოიკიდა მან ხელი ჭაღარა თავზე და დაიყვირა:

– მე არ შემიძლია ფიქრი.

ასე იღუპებოდა გულგრილ შეხედვის გავლენით სასწაულით ადგომილისა ყველაფერი, რაც ემსახურება ცხოვრების დამყარებას. აზრს და ლხენას მისას. და დაიწყეს ფიქრი, რომ საშიშარია მისი შეშვება იმპერატორთან, სჯობს მისი მოკვლა და როცა ჩუმად დამარხავენ, მერე იტყვიან, რომ დაიმალა ის სადღაც. უკვე ილესებოდა მახვილები და ხალხისთვის თავდადებულნი ყრმანი თავიანთ თავს ამზადებდენ მკვლელებად, როცა ავგუსტმა მოითხოვა, რომ დილას ეჩვენებიათ ელეაზარი. და ამით დაშალა სასტიკი პლანი. თუ არ შეიძლებოდა, სულ გადაეყენებიათ ელეაზარი, მოინდომეს ცოტათი მაინც შეემსუბუქებიათ მძიმე შთაბეჭდილება, მისი სახე რომ ახდენდა. ამ მიზნით კრებდენ ხელოვან მხატვართ, დალაქებს, არტისტებს და მთელი ღამე შრომობდენ ელეაზარის თავზე! მოპარსეს წვერები და მისცეს მას ლამაზი და სასიამოვნო შესახედაობა. უსიამოვნო იყო სილურჯე მისი ხელებისა და სახისა და საღებავებით მოაშორეს ის. გაუთეთრეს ხელები და სახე ვარდის ფრად შეუღებეს: საზიზღარი იყო ნაოჭები, ტანჯვის ნაკვალევი და შეღებეს, ამოავსეს, გაასწორეს სულ. ხელოვნურად გაუკეთეს პატარა ნაოჭები გულუბრყვილო სიცილისა და უბოროტო მხიარულებისა.

გულგრილად ემორჩილებოდა ელეაზარი ყველაფერს, რასაც უშვებოდენ და მალე ის გადაკეთდა ბუნებრივად მსხვილ, ლამაზ მოხუცად, მშვიდ და ჩუმ პაპად მრავალ რიცხოვან შვილიშვილებისა. კიდევ არ მოშორებია ღიმილი, რომლითაც ის ამბობდა სასაცილო ზღაპრებს და კიდევ იყო მის თვალების კუთხეში სინაზე. საქმროს ტანისამოსის გახდა ვერ გაბედეს, მაგრამ თვალის გამოცვლა ვერ შესძლეს, ბუნდოვანი საშინელი მინები, რომლიდანაც იცქირებოდა ადამიანებზე თვით მიუწდომელი იქ.

VI

ვერაფერი აგრძნობია ელეაზარს იმპერატორის ჩარდახის დიდებულებამ, თითქო ვერ ხედავდა ის განსხვავებას თავის დანგრეულ სახლსა, რომელსაც მიუახლოვდა უდაბნო, და ქვიან, მაგარ და ლამაზ სასახლეს შორის, ისე გულგრილად იცქირებოდა და არ იცქირებოდა ის, როცა მიდიოდა და მაგარი მარმარილო მის ფეხებ ქვეშ ემსგავსებოდა უდაბნოს ქვიშას და მიაგავდენ აუარებელი ადამიანები მისთვის სიცალიერეს ჰაერისას. მისი შეხედვის დროს სახეზე მას არ ხედავდენ. როცა მიდიოდენ, ეშინოდათ, არ მოყოლოდენ მისი თვალების საშინელ გავლენას, მაგრამ მძიმე ნაბიჯის ხმით მიხვდებოდენ თუ არა, რომ ის უკვე გაშორდა მათ, აიღებდენ თავებს და მოშიშარი ცნობის მოყვარეობით უცქეროდენ მსუქან, მაღალ, ცოტათ წელში მოხრილ მოხუცს, ნელად რომ მიიმართებოდა იმპერატორის სასახლის გულში. თვითონ სიკვდილს რომ გაევლო, მეტად არ შეეშინდებოდათ ადამიანებს, რადგან ამდენხანს ასე იყო, მკვდარმა იცოდა სიკვდილი, ცოცხალმა – სიცოცხლე და მათ შორის არ ყოფილა ხიდი. ამ არაჩვეულებრივმა ადამიანმა იცოდა სიკვდილი და იყო საშიშარი და საიდუმლო დაწყევლილი მისი ცოდნა. მოჰკლავს მაგ ჩვენს ღვთაებრივ იმპერატორსო – შიშით ფიქრობდენ რომაელები და უღონო წყევას უგზავნიდენ ელეაზარს, რომელიც ნელა მიდიოდა სასახლის სიღრმეში. თვითონ კეისარმაც იცოდა, თუ ვინ იყო ელეაზარი და მოემზადა მის შესახვედრად, მაგრამ იყო მამაცი ადამიანი, გრძნობდა დაუმორჩილებელ ძალას და ამისათვის საბედისწერო ბრძოლაში არ ინდომა, დაყრდომოდა გარეშეთა მოხმარებას. პირისპირ, ერთი ერთან შეეყარა ის ელეაზარს.

– ნუ შემომხედავ შენი თვალებით, ელეაზარ! – უბრძანა მან შემოსულს, – გამიგონია, რომ შენი თავი მიაგავს მედუზის თავს და ქვად აქცევს ყველას, ვისაც კი შეხედავს. მე კი მინდა, დაგხედო შენ და გელაპარაკო, სანამ ქვათ გადავიქცეოდე. _ დაუმატა მან მეფური ხუმარობით, რომელიც შიშს არ იყო მოკლებული, მივიდა ახლოს, ყურადღებით გაარჩია მისი სახე და უცნაური სადღესასწაულო ტანისამოსი და მოტყუვდა ხელოვნურად გაკეთებულით, თუმცა თვალი ქონდა მჭრელი და მახვილი.

– ასე, შესახედავად არა ხარ შენ საშინელი, პატივცემულო მოხუცო, მაგრამ მით უარესი ადამიანებისთვის, როდესაც საშინელი მიიღებს ასეთ სახეს. ეხლა ვილაპარაკოთ.

ავგუსტი დაჯდა და ელაპარაკებოდა რა სახით იმდენს, რამდენსაც სიტყვებით და იწყო საუბარი:

– რისთვის არ მითხარი გამარჯვება, როცა შემოდი?

– მე არ ვიცოდი, რომ ეს იყო საჭირო!

– შენ ქრისტიანი ხარ?

– არა.

ავგუსტმა კმაყოფილებით დააქნია თავი.

– ეს კი კარგია. მე არ მიყვარს ქრისტიანები. ისინი არყევენ ცხოვრების ხეს, არ აცლიან მას ნაყოფით დაფენას და ქარიშხალს ატანენ მის სურნელოვან ყვავილს. მაგრამ ვინ ხარ შენ?

ცოტა ძალდატანების შემდეგ ელეაზარმა უპასუხა:

– მე მკვდარი ვიყავი.

– ეგ გამიგონია, მაგრამ ვინ ხარ ეხლა შენ?

ელეაზარი აგვიანებდა პასუხს და ბოლოს გაიმეორა გულგრილად.

– მე მკვდარი ვიყავი.

– გაიგონე შენ, უცნობო, – უთხრა იმპერატორმა, – ჩემი სამეფოა ცოცხალთა, ჩემი ერი – ცოცხალთა და არა მკვდართა, და შენ აქ მეტი ხარ. მე არ ვიცი, ვინ ხარ შენ, მე არ ვიცი, შენ რა ნახე იქ, – მაგრამ თუ შენ სტყუი – მე მეზიზღება შენი ტყუილი, თუ შენ მართალს ამბობ – მე მძულს შენი სიმართლე, მე ჩემს გულში ვგრძნობ სიცოცხლის თრთოლვას და ჩემს ხელებში ძლიერებას. ამპარტავანი ფიქრები ჩემი, როგორც არწივები – სივრცეში დაფრენენ. იქ კი – ჩემს ზურგს უკან ჩემი უძლურის დაცვით და ჩემგან შედგენილი კანონების მეოხებით ცხოვრობს, შრომობს და მხიარულობს ხალხი. შენ გესმის ეს საკვირველი ჰარმონია სიცოცხლისა? შენ გესმის ეს საომარი ძახილი, რომელიც ადამიანს მიაწყვებს მომავალს და ითხოვს მას ბრძოლისათვის.

ავგუსტმა მლოცავივით აღაპყრო ხელი და სასოებით წამოიძახა:

– იყავ კურთხეულ, დიდებულო, ღვთაებრივო სიცოცხლევ! – მაგრამ ელეაზარი სდუმდა და მომეტებული სისასტიკით განაგრძობდა იმპერატორი.

– შენ მეტი ხარ, შენ საცოდავი დანარჩენი ხარ  სიკვდილისადგან შეუჭმელი, ადამიანებს გვრი სევდას და სიცოცხლის სიძულვილს. შენ როგორც ბობოლა მოზირო სჭამ მსუქან თავთავს სიხარულისას და ინთხევ ცრემლებს სასოწარკვეთილებისას და კაეშნისას. შენი სიმართლე მიაგავს დაჟანგულ მახვილს ღამის მკვლელის ხელში, და როგორც მკვლელს მე შენ გადაგცემ დასასჯელად. მაგრამ მანამდე მე მინდა ჩავიხედო შენს თვალებში. შესაძლებელია მარტო მშიშარებს ეშინიათ მათი და მამაცებს უღვიძებენ წყურვილს ბრძოლისას და ძლევისას, მაშინ სასჯელის კი არა, საჩუქრის ღირსი იქნები შენ, შემომხედე, აბა, მე, ელეაზარ!

პირველ წამში თითქო მეგობარი უყურებდა ისე ნაზი და წარმტაცი იყო შეხედვა ელეაზარისა. არა თუ საშინელებას, მშვიდობას პირდებოდა ის  და ნაზ საყვარლად, შემცოდებელ დათ, დედათ ეჩვენა მას უბოლოო. მაგრამ თანდათან ძლიერდებოდა მისი კალთები და სუნთქვა გადაიქცა კოცნას მოწყურებულ ტუჩებად და ვიღაცის ცივი ბრჭყალები შეეხო მის გულს და ჩაეფლო შიგ.

– მე ცუდად ვარ! – რქვა გაფითრებულმა ღვთაებრივმა ავგუსტმა. – მაგრამ, გახსოვდეს ელეაზარ! გახსოვდეს!

თითქო ნელა განირღვენ მძიმე საუკუნოებით დაკეტილი ბჭენი და ამოსულ ხვრელში ცივად და ნელა მოდიოდა საშინელება უსაზღვროსი. ორ ჩრდილივით შემოვიდენ სიცალიერე  და წყვდიადი და ჩააქრეს მზე, ფეხებისგან გამოაცალეს მიწა და სახურავი სასახლისა მოაშორეს თავს. და შესწყდა, გაყინული გულის ტკივილი.

– გახსოვდეს, გახსოვდეს, ელეაზარ! – უბრძანა ავგუსტმა. შესდგა ჟამი და საშინლად დაუახლოვდა დასაწყისი ყველა საგნისა მის დასასრულს. ახლად აშენებული დაიმსხვრა ტახტი ავგუსტისა და სიცალიერე იყო ავგუსტისა და ტახტის ადგილას. უხმოდ დაიქცა რომი და ახალი ქალაქი გაშენდა მის ადგილას და გადაყლაპა სიცალიერემ, როგორც მოჩვენებული გოლიათები ჩქარა დაიქცენ და გაჰქრენ სიცალიერეში ქალაქები, სახელმწიფონი და მხარენი და გულგრილად ყლაპავდა მათ გაუმაძღარი, შავი მუცელი უბოლოოსი.

– გაჩერდი! – უბრძანა იმპერატორმა. უკვე გულგრილობა ისმოდა მის ხმაში და უღონოდ დაეშვენ მისი ხელები და მოახლოებულ სიბნელესთან ამაო ბრძოლაში დაჰქრენ მისი არწივის თვალები.

– მომკალი მე შენ, ელეაზარ! – სთქვა მან უფერულად და ამ სიტყვებმა, უიმედობის სიტყვებმა იხსნა ის. მას მოაგონდა ხალხი, რომლის ფაშადაც ის არის მოწოდებული და მხსნელი. ტკივილით იგრძნო მისმა მიმკვდარებულმა გულმა დასაღუპად განმზადებულნი. მწუხარედ გაიფიქრა მან: ნათელი ჩრდილნი უბოლოო წყვდიადში – საშინელებით გაიფიქრა მან: სუსტი ჭურჭელნი, ცოცხალი მოელვარე სისხლით, გულით, რომელმაც იცის მწუხარება და ლხენა, გაიფიქრა მან.

ასე, ამ ფიქრით და გრძნობით ხან სიცოცხლის მხარეს სწევდა ის სასწორს, ხან სიკვდილის მხარეს. ნელა დაუბრუნდა ის სიცოცხლეს, რომ მის ტანჯვაში და ლხენაში ენახა შველა უბოლოო წყვდიადის და ბნელის წინააღმდეგ.

– არა. შენ ვერ მომკალი მე, ელეაზარ! – სთქვა მან მაგრად, – მაგრამ მე კი მოგკლავ შენ, გესმოდეს!

იმ საღამოს განსაკუთრებული სიხარულით სჭამდა ღვთაებრივი ავგუსტი საჭმელს, მაგრამ მალმალე ჩერდებოდა ჰაერში აღებული ხელი და უფერული ბრწყინვა სცვლიდა მის თვალთა არწივისებურ ელვარებას და საშინელება გაყინულ ტალღასავით გაკრთებოდა მის ფეხებთან. დამარცხებული, მაგრამ ცოცხალი ის ცივად უცდიდა თავის ჟამს, ის შავ აჩრდილივით მთელ სიცოცხლეში იდგა სასთუმალთან და მორჩილად სცვლიდა ნათელ დღეებს მწუხარებაში. მეორე დღეს გახურებული რკინით, იმპერატორის ბრძანებით ამოწვეს ელეაზარს თვალები და გამოუშვეს ის სამშობლოში, მისი მოკვლა ვერ გადასწყვიტა ღვთაებრივმა ავგუსტმა.

დაბრუნდა ელეაზარი უდაბნოში და მიიღო ის უდაბნომ ქარიშხალის სისინით და გახურებულ მზის სიცხით. ისევ იჯდა ქვაზე; ზევით აეწია ველური წვერი და ორი შავი ორმო ამომწვარ თვალების ადგილას იცქირებოდა ცაზე. შორს ხმაურობდა წმიდა ქალაქი და ახლოს ყველაფერი მომკვდარიყო და მუნჯობდა. არავინ არ უახლოვდებოდა ადგილს, სადაც თავის უკანასკნელ დღეებს ათავებდა სასწაულით ამდგარი და მეზობლებს დიდი ხანია დაეტოვებიათ თავიანთი სახლები. გახურებული რკინით შემწყვდეული თავის სიღრმეში, დაწყევლილი ცოდნა იმალებოდა იქ და არავის არ შეეძლო შეებედა ელეაზარისთვის. საღამოს, როცა მზე გადიდდებოდა, გაწითლდებოდა და დასავლეთისკენ გადიხრებოდა, მასთან ერთად ნელად მიდიოდა ბრმა ელეაზარი. წამოკრავდა ქვებს ფეხს და დაეცმოდა. მძიმედ ადგებოდა და ისევ მიდიოდა და განთიადის მოახლოვებაზე მისი შავი ტანი და აპყრობილი ხელები მიემსგავსებოდენ ვეებერთელა ჯვარს.

ისე მოხდა, რომ წავიდა ერთხელ ის და შემდეგ არ დაბრუნებულა. ალბად, აღსრულდა მეორე ცხოვრება ელეაზარისა, სამი დღე სიკვდილის საიდუმლო უძლურებაში ყოფილის და სასწაულით ამდგარის.

ტ. ტაბიძე

ჟურნალი „ოქროს ვერძი“, 1913, 2 ივნისი, №3; 16 ივნისი, 4