საქართველოს მოწინავე ინტელიგენციის ისტორია სავსეა ბრძოლითა და თავგანწირვით. ამ მოწინავე ადამიანებს უხდებოდათ ყოველგვარი ძნელი და შავი სამუშაოს შესრულება, რომ გადაერჩინათ ხალხი გადაგვარებისაგან, ყოველივე იმისათვის, რაც დღეს უბრალო საქმედ მიგვაჩნია, ჯერ კიდევ ამ ოციოდე წლის წინათ საჭირო იყო ბრძოლა. ქართული წიგნის გამოცემა, ჩვეულებრივი საღამოს ან წარმოდგენის გამართვაც კი აღინიშნებოდა როგორც დიდი მიღწევა და მონაპოვარი. დღეს კი ჩვენ საბჭოთა ხელისუფლების დროს უკვე გვაქვს მშობლიური უნივერსიტეტი, აკედემია, თეატრი, რამდენიმე გამომცემლობა და უამრავი გაზეთი! დღეს ხალხი – პარტიისა და ხელისუფლების მეთაურობით თვით სჭედავს თავის აწმყოსა და მომავალს. ოციოდე წლის წინად? მთელი გულით უნდა ჰყვარებოდა ხალხი, ერთხელ და სამუდამოდ ხელი უნდა აეღო პირად ბედნიერებაზე იმას, ვინც მოწოდებული იყო ემსახურნა ხალხისა და სამშობლოს კეთილდღეობისთვის.
ამ მებრძოლთა რიცხვს შალვა დადიანიც ეკუთვნის. მისი ცხოვრება საყურადღებოა. მისი ცხოვრება ეკლით იყო მოფენილი. მაგრამ ახლა, როცა ის გაიკაფა, განვლილი გზა ჩვენს თვალში ფეერიულ სანახაობად მოსჩანს. თეთრი თმით დამშვენებულ ამ ლამაზ ადამიანს მაგალითის მომცემი წარსული აქვს.
მისი ბედნიერება კიდევ ის არის, რომ ორმოცი წლის მოღვაწეობის შემდეგ ის არა თუ მოიღალა, პირიქით, როგორც არასოდეს, ნაყოფიერი გახდა. ისეთი ადამიანები, როგორიცაა შალვა დადიანი, ასე ადვილად არ ხუცდებიან.
დარწმუნებული ვარ, შალვა დადიანი კმაყოფილებას გრძნობს, როცა განვლილ ცხოვრებას გადახედავს. უზრუნველი და ბედნიერი არ ჰქონია ის. პირიქით, წარსულიდან მოაგონდება, ალბათ, მხოლოდ ბრძოლა მრავალ დაბრკოლებასთან და გაჭირვებასთან. მაგრამ დადიანის კმაყოფილება და ბედნიერება ის არის, რომ ყოველი დღე მან გაატარა აზრიანად, სამშობლოსადმი სიყვარულით მუდამ ფეთქდა მისი გული, და წმინდად მოიტანა ის დღემდე.
შალვა დადიანის მამას, ცნობილ სწავლულს, მწერალს და საზოგადო მოღვაწეს – ნიკო დადიანს, რასაკვირველია, საშუალება ჰქონდა ერთადერთი ვაჟი სასწავლებელში მიებარებინა. მაგრამ ის მაინც არ მოიქცა ასე. ნიკო დადიანს სწამდა, რომ სკოლა, რომელსაც თვითმპყრობელობა პატრონობდა, გონებრივად და ზნეობრივად დაუმახინჯებდა შვილს. მან შეგნებულად აარიდა შვილი იმ სკოლას და თვით იკისრა მისი აღზრდა. იქნებ გაზვიადებული გეჩვენოთ ამ სწავლული კაცის ასეთი ახირებული შიში, მაგრამ ვინ იტყვის, რომ ამის საფუძველი არ ჰქონდა? ერთი კი ცხადია, მან ჩაუნერგა და შეუნარჩუნა თავის აღზრდილს მაღალი რწმენა და სულიერი სიწმინდე და ასეთი გაუშვა ცხოვრების გზაზე.
მაგრამ ერთი რამ ვერ განსაზღვრა მოხუცმა სწავლულმა, ერთ რამეში არ გაუმართლდა იმედი: შვილს ამზადებდა ის ვიწრო მეცნიერულ, კაბინეტურ მუშაობისათვის, შვილი კი, დავაჟკაცდა თუ არა, გაიქცა კაბინეტიდან და ხარბად დაეწაფა ცოცხალ ცხოვრებას, მის ყოველდღიურობას.
წინააღმდეგ თავისი წარმოშობისა (მან თავის წრეს ჯერ კიდევ მაშინ გააწნა სილა და უწოდა „გუშინდელნი“, როცა ის მდგომარეობის ბატონ-პატრონობას იჩემებდა) წინააღმდეგ ბრწყინვალე საზოგადოებისა, ეს ახალგაზრდა კაცი ცხოვრების შუაგულში შეიჭრა და ხალხში დატრიალდა.
ამ დღიდან მან იცის მხოლოდ ერთი ბედნიერება – ხალხს ემსახუროს.
რეაქციის ყველაზე უფრო შავბნელ წლებში შალვა დადიანმა დასწერა პიესა „როს ნადიმობდნენ“, სადაც გაბედულად დასვა სოციალური ურთიერთობის საკითხი – ბრძოლა კაპიტალსა და შრომას შორის.
ის თვით თამაშობდა ამ პიესაში და თამამად წარმოსთქვამდა მამხილებელ სიტყვებს მშრომელების დამმონავებელთა წინააღმდეგ. ეს პიესა დადიანის მიერ შედგენილ მოგზაურ დასს თან დაჰქონდა საქართველოს ყველა კუთხეში და საქართველოს საზღვრების გადაღმაც. ადვილად წარმოსადგენია, თუ რა გამოხმაურებას პოებდა ის მშრომელთა შორის.
შალვა დადიანი, როგორც მწერალი, ჯერ კიდევ შესაფერისად შეფასებული არ არის ჩვენი კრიტიკის მიერ. პირიქით, აწ განსვენებული „რაპპი“ არა თუ ჩრდილქვეშ აყენებდა, მწერლობიდან ამოშლასაც უპირებდა ამ შესანიშნავ ოსტატს – მონუმენტალური რომანის „უბედური რუსის“, მრავალი მოთხრობის და პიესის ავტორს.
არსებობს ერთი ჰანგი, რომელსაც საქართველოში ყველგან ამბობენ. მას დიდი ხანია მღერიან მეოცნებე გოგონებიც, სიცოცხლითა და ბრძოლის უნარით სავსე ჭაბუკებიც. იმ ჰანგის სიტყვები მხნეა. ის უმღერის სიცოცხლეს, სამშობლოს სიყვარულს. ოდესღაც მას ნიღაბი ჰქონდა აფარებული, ისევე, როგორც აკაკის „სულიკოს“. მაგრამ იქ, სადაც ხალხის ცოცხალი გულის ფეთქა იყო, გრძნობდნენ მის ფარულ ძალას და გამოხმაურებას პოებდნენ:
„მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის მოუცია მაღლიდან ღმერთს“…
ეს სიმღერა ძველია. ათეული წლები გაისმის ის ჩვენში, მაგრამ იშვიათად თუ ვინმემ იცის, რომ მისი ავტორია რომანისტი და დრამატურგი შალვა დადიანი.
ამის მეტი ლექსი დადიანს არც დაუწერია. მაგრამ ამ ერთსაც მღერის ხალხი და თავის გულისთქმას აქსოვებს შიგ. ეს ლექსი შალვა დადიანს შეუძლია ეპიგრაფად წაუმძღვაროს თავისი ცხოვრების აღწერას, თუ კი ოდესმე დაწერა,
მართლაც, რაც ბუნებამ მისცა ამ კაცს, მან მხოლოდ ერთ რამეს ამსახურა: სამშობლოს მომავალს, მის კეთილდღეობას.
განვლილი ცხოვრებისათვის, წარსული და დღევანდელი მუშაობისათვის უფრო უკეთეს ჯილდოს, ვიდრე ის, რომ ხალხმა ნდობა გამოუცხადა და საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს წევრად დაასახელა, მე მგონია, შალვა დადიანი ვერც წარმოიდგენდა.
ამით ღირსება გვემატება ჩვენც, მის კოლეგებს მწერლობაში. ეს გვავალებს, ჩვენც მეტი პატიოსნებით ვემსახუროთ ხალხს და მისი მედროშის, მისი იმედის, საყვარელი ბელადის – დიდი სტალინის საქმეს.
სერგო კლდიაშვილი