იყავით მარტო, თუ გსურთ ამაღლდეთ და გარემოს მწიკვლმა და ტალახმა არ გააბინძუროს თქვენი სიმშვენიერე… იყავით მარტო, ვით დაგვიანებული იალქანი ბინდისას მოარული ლურჯ ზღვაზედ.
თქვენი თვალები ვერას იხილავენ ათას თვალთა შორის, თუ არ სულის სიღრმეში… ჩაღრმავდით და სინათლე დღისა მოიშორეთ სამუდამოთ, რომ მის ავათმყოფობამ არ გადაგადვათ უკურნებელი სენი…
ჩამოწვა ღამე მძიმე კალთებით და ათასმა სულმა იწყო ძებნა მიუწვდომელის… და ვერ პოებდენ მას… ვერც ოდეს იხილავენ თუ არ იქ, რომელსაც ვერვინ მიწვდება გარდა შენისა.
ვისაც გსურთ ამაღლდეთ და მზეს დაუტოლდეთ – იყავით მარტო… ვისაც გსურთ სიდიადე და გრძნეულება – ჩაღრმავდით თქვენს სულში და იყავით მარტო…
მზე სულისა, უცხოველესი ცაზედ მოარულ მზეზედ, გაგათბობთ თქვენ და შეგმოსავთ ვარდის ფერ სხივებით…
სამყარო თქვენი იყიდის ათას სამყაროს მიწისას და მზე თქვენი დაჩრდილავს მზეს ცისას. სამყარო თქვენი დიდებული იქნება და ვერრა გრიგალი ქვეყნისა ვერ შეარხევს თქვენ ყვავილთა ნაზ ღეროთაც…
ზურმუხტი ღამეები დაბადე შენს სულში და ფერშემქრთალი მთვარე გუნდი და გუნდ ვარსკვლავებით…
ყვავილოვანი მდელოები გადიშლებიან იქ და ნიავი ნელი დაუალერსებს დაცვარულ ფოთლებს…
შენს სამთავროს დაათრობენ ლამაზი ტუჩები – უტკბილესი ღვინოსა და თაფლზედ…
ყველა ამას შენ შექმნი სულის სიღრმეში, მოშორებული დღის ავათმყოფ სინათლეს…
ვისაც გსურთ შვება იპოვოთ – იყავით მარტო.