Neurastenia – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1920 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

Neurastenia

დანერწყვავს ღამე და გამურავს დაქანცულ ქალაქს;

დავტოვებ ქუჩებს შხამიანებს, და სხვებთან ერთათ

შევალ კაфეში განისლული, ვიპოვნი ალაგს,

ეგებ ვიყიდო დავიწყება მე აქ მანეთათ.

 

მრავალ თვალებში მკრთალი სახით გავმეორდები.

მარადი სევდით სარკეები დამიხვდებიან;

სამი პრინცესა ბრმა თვალებით – მწუხარე დები –

სარკის უფსკრულში მომტირალე გამოჩნდებიან.

 

ლანდურ ნაბიჯით, სურნელოვან ჩუმი ლოცვებით

ისინი მივლენ და უშვერენ თეთრ თვალებს მთვარეს;

ქალწული პაჟი მათ გზებს ჰქარგავს ძვირფასი ქვებით

და ნელი ხმებით ის უმღერის მათ სიმწუხარეს.

 

უეცრათ ქრება უეცარი ეს მოჩვენება.

ყალბი სიცილის, ოხუნჯობის დამღალავს სმენა;

კვლავ მიუწვდომი შეიქნება აქ მოსვენება,

და ბრაზ მორეულს მომინდება ხორცის დაკბენა.

 

შევხედავ ზიზღით მე ქალების გაქონილ ტუჩებს,

მელოტ თავების შემზარდება სველი პრიალი;

დავტოვებ კაфეს, ისევ-ისე გავყვები ქუჩებს,

და შავ ქალაქის დამიმონებს ისევ ხრიალი.

 

გვიანი ღამით, როს ქალაქი სასაფლაოს ჰგავს,

შევიპარები როგორც ქურდი მე ჩემს ოთახში.

ცივი სიგიჟე სველ ხელებით დაიჭერს ჩემს თავს

და შეშინებულს ჩუმათ დამდევს მდუმარე სახლში.