L’art – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

L’art

ემონე ლაჟვარდს ყველაზე მეტად –

ჭეშმარიტ საზომს არჩეულ სულთა,

რომ ჩაგესვენოს მღელვარე სვეტად

მარადი რწმენა და ფიქრი სუფთა.

ცვალებადია სამყაროს სახე

და ორმაგობით ჩვენს წინ ირთვება…

სულისთვის ყვლეგან აგია მახე,

როცა ღამეა, ან დღე ინთება!

არ არის სხვა გზა, არ არის არსად, –

ეს მასკრადი მოეწყო ისე!

დაფერფლე სული და ეცვი ჯვარსა,

ვით ავაზაკი და როგორც ქრისტე!

უარყავ ჟინის ცეცხლი მაცდური

და სიყვარული დაანთე სულში.

იწამე ყოფნა ჩვენი ლანდური

შორ მომავალში და შორ წარსულში.

მისაღებია ყოველი ფერი,

მაგრამ ეძიე მათში ფარული,

რომ ამეტყველდეს შენი სიმღერით

დღის სინამდვილე, ღამე მთვარული.

დამალე ცრემლი. განა ტირილი

ვისმეს ახარებს, ვისმეს სჭირდება?!.

და, განწმენდილი დიდი ტკივილით,

ღიმილით ყველას შეურიგდები!