ახლა, როდესაც ყვლაფერი ისე ცხადია,
როგორც ეგ შენი მარტოობა სასაფლაოზე –
(მე მახსოვს, მახსოვს ჩემს ხელებზე შენი ცრემლები
და შევედრება გადარჩენის და სასწაულის!) –
მე აღარ მინდა ზამთრის დღეებს ვანდო ოცნება
და, როგორც ძველად,
დღესაც ვიფიქრებ ისევ შენზე, დაუვიწყარო!
აქამდის მიყვარს შემოდგომის გამოხუნება
და მოლოდინი უეცარი ზამთრის თავდასხმის,
როს გაიღვიძებ და ფანჯარაში შემოზვავდება
თოვლის სპეტაკი ბრწყინვალება და სხივოსნობა –
(ახლაც, ო, ახლაც, როგორც ბრიყვი, შევხარი ამას!)
და სწორედ მაშინ, როცა გზები დაითოვება,
როცა სკივრიდან ამოვაწყობ წარსულის ნიშნებს: –
ბავშვობის პერანგს, პირველ რვეულს და სათამაშოს; –
ისევ გიამბობ, როგროც ძველად, ამ გულის ამბავს,
საბრალო ბავშვო, მეოცნებე სასწაულებზე,
კვლავ დაგანახებ განუკურნელ, მწვავე იარას
და გეტყვი ჩუმათ: „სასწაული აღარ არსებობს!“