შერიგება – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1928

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

შერიგება

ღამის უფსკრული მეც მიჭრია მღელვარე ფიქრით

და ზეცას ხარბად შეპყრობია ჩემი თვალები,

რომ თვით სიკვდილის და სიცოცხლის საზღვრების იქით

გადამეწია ეს ოცნება განაწვალები!

 

როგორც ფრინველი, დაფრთხობილი ზამთრის ღამეში,

ასკდება ფანჯრებს განათებულს და ძირს ვარდება, –

ისევე ჩემი განწირული სულის თარეში

ფრთებ დამსხვრეული სიმაღლიდან ძირს მოქანდება!

 

როცა სიჩუმე გაიშლება ხავერდის ფრთებით

და დროს ჩამოთვლემს მდუმარების ნისლიან გზებზე –

ადამიანო, რას დაეძებ, და რისთვის კრთები?!

რათ გტანჯავს ფიქრი სიცოცხლეზე და ვარსკვლავებზე?

 

იყავი ისე, როგორც მთაში ყვავილი არის!

იყავ ფუტკარი, რომ ითვრება ყვავილის წვენით!

მზის ელვარება და ნათება ღამეში მთვარის

რომ შენში ერთად მეტყველებდენ უბრალო ენით!

 

იყავ ტოროლა აფრენილი ზაფხულის დილით,

და ნუ გაშინებს, რომ ახლოა წყვდიადი ღამის!..

ო, თვით სამყაროც, ვით ყვავილის მსუბუქი ჩრდილი,

მხოლოდ და მხოლოდ სიზმარია და სუნთქვა წამის!