შემოდგომის სტუმრობა – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1935

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

შემოდგომის სტუმრობა

მოვიდა ჩუმად თვალებ დახრილი,

ვაზის  ფურცლებით აბურდულ თმებში.

მთვარე სურნელად იყო დაღვრილი,

ირმის ყვირილი ისმოდა მთებში.

 

მე დავინახე როგორ სიფრთხილით

ჩამოუარა ვენახის ზვარებს,

როგორ აავსო ყვითლად ხეხილი,

როგორ ზარავდა ზაფხულის კარებს.

 

განთიადისას, როდესაც ზეცა

აბნევდა პეშვით მაღლიდან ქარვებს,

ოქროს კალთები ისევ მოკეცა

და დააბერტყა ტყეების კარვებს!

 

შემდეგ ის სადღაც ბუჩქებში გაქრა,

და თვალთმაქცურად დაჰკარგა კვალი.

ბროწეულები რომ დაელაშქრა

და მოებნია ტყეში მაყვალი.

 

შუადღით ისევ ყანებში ნახეს:

გლეხებთან ერთად ტეხავდა სიმინდს,

ბავშვებს მწყერისთვის უწყობდა მახეს

და პირდებოდა ელვიან ამინდს.

 

და როცა მინდვრებს წვიმა დაესო,

როცა ბაჯაღლოდ გადიქცა მუხა, –

სტუმრად ეწვია გლეხების ეზოს

და გამოავსო ბეღლები უხვად.

 

არ ვიცი, რა დროს მოვიდა ჩემთან,

როგორ ამინთო ბუხარში ცეცხლი,

ან როგორ გაჩნდა შორეულ მთებთან

და მწვერვალები მოჭედა ვერცხლით.

 

როს ზეცა ისევ გადაისარკა

და ქარი ხეებს უმტვრევდა კუნთებს,

ვით მწყემსი გოგო, სამხრეთისაკენ

ის მიდენიდა მერცხლების გუნდებს.