გ. ტაბიძე. „Graune aux fleures Artistiques“, II ტ., თფილისი, 1919 წ.
ვ. რუხაძე. „ცხოვრების ყვავილები“. LLI წიგნი. კანტორა განათლების გამოცემა თფილისი, 1919 წ.
„ლეილა“. ალმანახი ი. გრიშაშვილის რედაქციით. თფილისი. 1920 წ.
მიუდგომელი მინდა ვიყო. გალაკტიონ ტაბიძე ჭეშმარიტი პოეტი არის – მაღალი რანგის. ეს ბევრს ავალებს მას. მისი ლიტერატურული ბიოგრაფია 1907 წლიდან იწყება. პერიოდი „სევდიან“ ლექსებისა მან განვლო და პირველ წიგნში ვალი მოიხადა თავის ახალგაზდობის წინაშე. რამოდენიმე წლის შემდეგ მისი მეორე წიგნი გამოდის. ჩვენ დიდის ყურადღებით შევხვდით მას, მით უფრო რომ ჩვენ ის დასრულებულ პოეტათ მიგვაჩნდა „ცისფერ ყანწებში“ მოთავსებულ ლექსების შემდეგ.
„ლურჯა ცხენები“ შედევრია, თუმცა გალაკტიონ ტაბიძის ქმედით ინდივიდუალობას არ ეთვისება. ამ ლექსის შემდეგ ჩვენ სხვა შედევრებს ველოდით. მაგრამ წიგნში ვერსად აღმოვაჩინეთ. ირრაციონალური პოეზია „ლურჯა ცხენებისა“ არსად არ მეორდება მისი საოცარი დინამიკით. იქნებ ეს უკანონო მოთხოვნილება იყოს. შეიძლება ის შემთხვევითი ლექსია – ალკოგოლის კოშმარი, ცრემლებით და რითმით გაკეთილშობილებული. მთელი წიგნის მიღება გასაჭირია: აქ არ არის დაცული ესთეტიური კულტურა და მხატრული სისწორე. პრეტენზიებს ჩვენ გვერდს ვუართ.
„ფარულ ტკივილების ბაღი დაბურული
ასეთ გრადაციით მიდის ფრთა-ზვიადი! (!?)
ღამე – მარტოობის მტევნით დახურული (!?)
ფარდა იდუმალი, სარკე – იშვიათი.
ღამე ჩრდილოეთში უნდა გამეთია.
როცა აზიიდან მოდის განათება –
ათას საუკუნის მთელი ტრაგედია
მოსდევს მოგონებას როგორც ანათემა“ („გრადაცია“, გვ. 27).
„ვენერა სარკესთან. ეგონა ფრაგონარს (?)
პალაცო – პიტტი და პერუჯი, ვენეტა.
ფერები მიენდო. მშვენიერ საგონარს,
რომელსაც იძლევა ხმები მასენეთა“(!) („ვუალისა და ვიოლის შესახებ“, გვ. 47).
არის სასტიკი ადგილებიც, უმხატვრო, ყალბი, „ბუტაფორიის შეხლა“. ჩვენ ამას თამაშათ ვამბობთ, მაგალითი:
„მაინც სად გაქრა ეს წერეთელი
ჩხეიძეც გაქრა, როგორც ასეთი! (?!)
ვიყავი ჩემთვის. ეხლა წერტილი.
სიკვდილი ერთი და უცაბედი“. და სხვ. (,„რამოდენიმე დღე პეტერბურგში“, გვ. 109).
ზოგიერთი შედარებები და მეტაფორები თარგმანია ჩვეულებრივ რუსულ სახეებისა, თუმცა სიძვირფასის შთაბეჭდილებას იძლევიან. მაგრამ ერთი რამ ითქმის უსათუოდ: წიგნში არის ამღერება (напев), და თუ სამი სტრიქონი ყალბია, მეოთხეში დიდ პოეტს იგრძნობთ. კარგია ლექსები: „მარმარილო“, „პარალელი“, „ედგარი მესამედ“, „სახლი ტყის პირად“, „შენი სადღეგრძელო“. გალაკტიონ ტაბიძისთვის სახიფათოა ის ქება, რომელიც მას ერგო ბ. გომართელის, პაპავას და სხვების მიერ. ეს სწრაფი მიღება არ არის გასახარელი მით უმეტეს, რომ მას ყველაზე პირველათ აგრარულ საკითხზე ჭკუა დაქნილი კრიტიკოსები ასხამენ ქებას.
საქართველოში ყოველთვის ადვილი იყო პოეტის სახელის ტარება, და არც ერთ ქართველისთვის პოეტათ ყოფნა ჯერ კატასტროფით არ დასრულებულა. ქართული პოეზია და ქართული სცენა ყოველთვის ერთი განცდის ქვეშ იყვნენ და ერთ ღირებულებას წარმოადგენდენ. ქართველი პოეტი და ქართველი არტისტი ეს ორი საოცარი კონგენიალობაა ბანალობისა. გრიშაშვილი და „არშინ მალ-ალან“ – ჩვენი გემოვნების და ესთეტიურ კულტურის კოეფიციენტათ უნდა ჩაითვალოს. მათი გამარჯვება სასწაული არ ყოფილა, არც მოულოდნელი. დღეს საქართველო ეშაფოტათ გადაიქცა ზოგიერთისთვის და ბევრი დაიტირებს მას როგორც დაკარგულ იმედს.
იოსებ გრიშაშვილის პოეზია „არშინ მალ-ალანია“, სადაც საუკეთესო როლი ასკარას ეკუთვნის. ვარლამ რუხაძის პოეზია მაზოლია, რომელიც უნდა მოიჭრას. თუ გრიშაშვილის ნიჭი და კულტურა (ჩვენ ვიცით, რომ ის მოკარნახეთ იყო თფილისის თეატრში) ავლაბრელ მოქალაქის ემოციების გალექსვას მოუნდა, მეორე საწვრილმანო სავაჭროს ნოქრის პოეტურ განცდებს გადმოგვცემს. მაგალითი:
„ნუ მტანჯავ გეთაყვა, ნუ მტანჯავ უწყალოო,
წყურვილით ვიხრჩობი, ნუ მომკლავ უწყალოთ,
მომხედე, შემიტკბე, სევდა-ჭირს მარიდე…
ბადრ სახეს რომ გიმკობს, მაჩუქე მა რიდე!“ („ბარათი“).
ან და:
„საქართველოს არწივმა დაამსხვრია გალია;
ფრთა ფრთას ჰკრა და გაჰფრინდა, თავს მოევლო ამაყ მთებს.
ცხოველ მყოფელ მზეს მისწვდა, იქ ნექტარი დალია,
გამარჯვება დიადი მიულოცა მაშვრალ ძმებს“ („საქართველოს არწივი“. ძღვნათ აკაკი წერეთელს).
ყოველი ლექსი ამგვარ შედევრს წარმოადგენს. ჩვენ არაფერს არ ვურჩევთ ვარლამ რუხაძეს და მის ამხანაგობას.
„ლეილას“ ჩვენ არ ვუცდიდით დაიჭვებით; ჩვენ ვიცოდით, რომ თბილისი პოეტების ელდორადოა და გრიშაშვილს არ გაუჭირდებოდა თავისი ალმანახის გავსება. „ლეილამ“ გაამართლა თავისი raison detre სრული, ყველასათვის მისაღები ვულგარობით და მხატრულ სიღატაკით. მოუხერხებელია ყველა ლექსის დაფასება, ვინაიდან მხატრულ საზომის გარეშე სდგანან. ამ ციკლს ეკუთვნის უმრავლესობა: ფაშალიშვილი, მჭედლიშვილი, მარიჯან, აბაშელი, შანშიაშვილი (ეს დიდი პოემისტი ჩვენი დროის) და სხვები.
დიდი პოეტის შემოქმედებაში ყალბი ლექსი შესაძლებელია. მაგრამ ეს უბედური გამონაკლისია; მდარე პოეტისათვის კარგი ლექსი ბედნიერ შეცდომას შეადგენს. გრიშაშვილი უკანასკნელ კატეგორიას ეკუთვნის და მისი ზოგი ლექსი, როგორც: „ტრიოლეტები შეითან ბაზარში“ (ფორმის დარღვევით) და უკანასკნელი „ქორწილი ჩვენ უბანში“ (ელენე დარიანის გავლენით) ამგვარ შეცდომათ უნდა ჩაითვალოს.
ვ. კოტეტიშვილის აზიოფილობა საზღვრებს სცილდება და სრულიათ არ ეთანხმება პრინციპს, რომელიც „ლეილას“ პირველ ნუმერში გრიგოლ რობაქიძემ გამოაცხადა. თანამედროვე ვიღაც ფრაკით საქართველოში შემოჭრილი ამბობს: „ძვირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ. უმჯობესი იქნება მათი ქორწილი ქართულ ნადიმით გადავიხადოთ“. მეორე ქმრის ხელში „ლეილა“ გამოიცვალა. ეს ქალის თვისებაა.
ჩვენ ვიცით აზიის ღირებულება. ქართულ პოეზიას აზიურობა არ დაკლებია. არ აკლია ახლაც. საიჭვო არის მხოლოთ ის, რომ ევროპამ „ლეილაში“ ვინმე „შეშალოს“: ამისათვის ისინი საკმაოთ აზიელები არიან და საკმაოთ ჯანმთელნი – საბედნიეროთ.