ქართული მწერლობისთვის
(გრ. ჯაფარს)
დავშორდი ქართლის გადამწვარ ველებს,
და იმერეთის მხარეს უცნაურს.
ოქროს წვიმები მიწას ასველებს,
მეც უსმენ ოქროს წვიმების ხმაურს.
დავტოვე ფოთის უსაზღვრო სევდა
და მარტოობა დიდი გემების,
როცა შუაღამეს ღრიალით ხევდნენ
სირინოზების მწუხარე ხმები.
როგორც სიცოცხლე, როგორც ალერსი
ისეთი ტკბილი იყო ჰაერი;
მათრობდა გრძნობა უმხურვალესი
ჩემთვის უცნობი და სხვანაირი.
ვით შევარდენი, ჯერ დაუგეში,
ისევ ითხოვდა გაფრენას გული,
მხოლოდ ზღა იყო ჩემი ნუგეში
და მისი სივრცე გადაკარგული.
რამდენმა ფიქრმა, რამდენმა განცდამ
დაიმორჩილა ოცნება მაშინ,
როს თვალი ნაცნობ ნაპირებს ასცდა
და მზე ჩასვენდა ანთებულ ზღვაში.
როგორც ირემი მკერდში დაჭრილი,
გადმოვარდნილი მთებიდან ბარად, –
და ზღვის სივრცეში ვიყავ გაჩრილი
და მარტოობა მიმქონდა ფარად.
მენატრებოდა, მსურდა მენახა
მხარე უცნობი, მხარე ზღაპრული.
მე ეს სურვილი გადამენახა
ჩემს ბავშვობიდან გულში ჩაკრული.
და როცა შორით ცისფერ ტალღებში
ნაპირი მწვანეთ ამოიმართა –
მე თითქოს ვიღაც შემიდგა მხრებში
და გული გახდა ზღვასავით ფართე.
ზვირთების სუნთქვა მარილიანი
სახეში მცემდა და გულს სწვდებოდა,
და აფხაზეთი ოქრომზიანი,
როგორც სიზმარი, ჩემ წინ დგებოდა.
მე მშორდებოდა, ვგრძნობდი, თანდათან
ყოველი ფიქრი, ყოველი სევდა…
თითქოს ვიდექი მედეას ბაღთან,
თითქოს ლაჟვარდი მირონს მასმევდა.
პირგამურვილი კოლხეთის მზითა
(არგონავტების ჰქონდა საყვირი)-
ვხედავდი: ოქრო გაჰქონდა ტვირთად,
და ბრუნდებოდა ზღაპრული გმირი.
ელავდნენ მთების გამდნარი გზები;
ნიავი სურნელს ფანტავდა მძაფრად,
და მზე სისხლისფრად სწვავდა სივრცეში
მეკობრეების გაფრენილ აფრას.
აქ მოხდა ალბად ნურადინ ფრიდონ,
და ტარიელის შეყრა პირველი.
ალბად აქედან ქაჯეთს გაფრინდა
წერილით ზანგი გასაკვირველი,
რომ წამოეღო შორიდან ამბად
პირბადის კიდე – ტრფობის ნუგეში –
მსუბუქი, როგორც ღრუბლების ბამბა,
ამონაწები ცრემლის გუბეში.
ვინ არ ყოფილა სიცოცხლის მდომი
მიწას ცახცახით არ დამხობია?
ან რომელ ვაჟკაცს, რომ იყოს ლომი,
გული ცრემლებით არ დალბობია?
და მეც ხომ მარტო ვარ სიყვარული,
და ამღერება ქართული მიწის!
მაღლიდან ოქრო გადმოღვარულა
და ჩემი ტანიც ოქროში იწვის.
მეც ხომ იგივე ტრფობა მაწუხებს,
მე მინდა ვიყო ველად გაჭრილი.
მეც სიყვარული მიჭერს მარწუხებს
და სასიკვდილოთ მეც ვარ დაჭრილი,
მაგრამ მადლობით სავსე ვარ, რადგან
მიწაზე გავჩნდი, როგორც სულდგმული,
რომ ცის გუმბათი მეც თავზე მადგა,
და ცეცხლი მქონდა გულში ჩადგმული!
კოლაუ ნადირაძე
10.XI.27 წ.
სოხუმი