ფანტასტიური პაემანი – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1924

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ფანტასტიური პაემანი

გააღებს კარებს მალაელი სოველი ხელით;

– დღეს ჩემ ოცნებას ის მორჩილად ემსახურება –

ჩემ ოთახს ბურავს სურნელება წარსული, ძველი,

და ჩემი სული მირაჟებით დაიხურება.

 

დარბაისელი ის კარებთან სდგას მომღიმარე,

და თეთრი თვალით მე მიყურებს მაინც თაღლითათ;

არ ვიცი, რა სურს; ეს ცხოვრება გავასიზმარეთ…

დღეს მის ოცნებას მე არ ვიცი, თუ რა დაღლიდა.

 

საათის ნელი, ულმობელი, ცივი ხმაური;

ორი ლანდება დაღმართებით გადმოჩეხილი.

და მოლოდინი დღეს პირველი და უცნაური

და მთვარის შუქი შემოჭრილი მაცდურ გრეხილათ.

 

დიდი ხანია მპირდებიან სათუთ პაემანს;

ბევრმა ვადებმა გაიარა და მე ვღონდები;

ვის სურს აქ მოსვლა, შებრალება არ ეპოება.

უხსოვარ დროთა გარდასვლაში ვის ვაგონდები?

 

ახლა ჩემ სმენას შლეიфების შრიალი ბურავს

და ოთახს ავსებს სურნელება, ცისფრათ ნაფერი.

ის განდევნილი ყორანის ფრთას გადამახურავს.

მესმის გალობა ვარსკვლავებით გადმონაბერი·

 

მიახლოვდება; თვალის უპეს დამბლადაცემულს

ამიწევს ნელა ცივი ხელით და მომესმება:

„იხილავ სახეს სიკვდილისგან გამოტაცებულს,

შენ ბავშურ დარდებს მისი ცრემლი გადაესხმება“,

 

საათი მძიმე, ულმობელი, ნელი შრიალი

ლიბრედი შუშა, თეთრი თვალი გადმონთხეული;

მჭკნარი სხეული მოღუნული, ვით მორიალი,

და ჩემი ტანი დამწვარი და ნაცრად ქცეული.