შენ ქუჩის დარაჯს მიყავხარ ღამით,
ჩამოხეული და ფეხშიშველი.
თუ აგათრიეს მძინარე სადმე,
გნახეს ნარვალში მშიერი, სველი.
შენ გალურჯებულ, პატარა სხეულს
ფარავს ტომარა ჩამოხეული.
და მე გადევნებ თვალებს ამღვრეულს,
ქუჩაში უქმათ გამოთრეული.
ცივია შენთვის თბილი სამხრეთი,
და ეს თბილისი – სიზმარი მწარე.
შენ მოგატყუეს, რომ არის ღმერთი,
რომ სიყვარული ჩვენს გულში არი.
ყუმი რუსეთის განისლულ ველებს
ზნიქავს ყინვები და ბუქი ფარჩავს.
შენ კი თბილისის ზეცა გასველებს
და ჩამოღლეტილს შიმშილი გახრჩობს.
ისევ, თუ ვოლგა გადიელვარებს
შენ მკბენარებით ავსებულ თავში…
მაგრამ ეს ქუჩა – ცივად მღელვარე
კუბოა ჩვენთვის, პატარა ბავშვო!
დედის ალერსი გატირებს ალბად…
და გაშტერებით ხშირად ჩერდები.
მაგრამ დაკარგულ საფლავში დალპა
შორეულ დედის ტკბილი მკერდები.
აქაც ზამთარმა დაუნდობლობა
და სიყვარული იცის თავისი.
და გამთენიას შენი ობლობა
იქნება მისთვის უნეტარესი.
მიითბობ პირთან გაყინულ ხელებს,
და ჩაიძინებ ბავშური ძილით.
მხოლოდ ნაგავის გადამთრეველებს
სულ ზედმეტ საქმეს გაუჩენ დილით.