სკრიაბინის ეტიუდი (მე-2) – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 10.1933

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 18729-30-ხ.

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სკრიაბინის ეტიუდი (მე-2)

ღამის უფსკრული მეც მიჭრია მღელვარე ფიქრით

და ზეცას ხარბად შეპყრობილა ჩემი თვალები,

რომ სიკვდილისა და სიცოცხლის საზღვრების იქეთ

გადამეწია ეს ოცნება განაწვალები.

 

როგორც ფრინველი დაფრთხობილი ზამთრის ღამეში

ასკდება ფანჯრებს განათებულს და ძირს ვარდება –

ისევე ჩემი განწირული სულის თარეში

ფრთებ დამტვრეული სიმაღლიდან ძირს მოქანდება.

 

როცა სიჩუმე გაიშლება ხავერდის ფრთებით

და დრო ჩამოთვლემს მდუმარების უსაზღვრო გზებზე –

ადამიანო, რას დაეძებ, ან რისთვის კრთები?

რათ გტანჯავს ფიქრი სიყვარულზე და ვარსკვლავებზე.

 

იყავი ისე, როგორც მთებში ყვავილი არის!

იყავ ფუტკარი, რომ ითვრება ყვავილის წვენით! –

მზის ელვარება და ნათება ღამეში მთვარის,

რომ შენში ერთად მეტყველებდეს უბრალო ენით.

 

იყავ ტოროლა აფრენილი ზაფხულის დილით,

და ნუ გაშინებს, რომ ახლოა წყვდიადი ღამის…

ო, ეგ სამყარო და ალერსის წუთები ტკბილი

ორთავე მხოლოდ სიზმარია და ქროლვა წამი!..