ვალერიან გაფრინდაშვილს
დღეს ისე, როგორც არასდროს
მომინდა ყოფნა თქვენთან.
მომინდა – გული დაითროს
და გაიფლანგოს ძმებთან.
რა მაქვს, ან რა გამაჩნია!
თქვენ უფრო კარგად იცით:
რაც ამ გულს დაღი აჩნია
და მაინც არის მტკიცედ.
ზოგჯერ უგუნური ძაღლივით
წუთისოფელი მტანჯავს.
ვიცი, რომ სადმე ძაღლივით
წამოვეგები ხანჯალს.
ერთხელაც მაინც მრგებოდა
ზიდვა თამარის დროშის!
ერთხელაც მაინც მრგებოდა
მისთვის სიკვდილი ომში!
ერთხელაც ქართველ ვაჟკაცსა
ბრძოლის ამენთო ალი;
ერთხელაც ქართველ ვაჟკაცსა
შურით გამეღო თვალი!
ერთხელაც ღონემიხდილსა
გადამეხადა ვალი,
და შევხვედროდი სიკვდილსა
ხელში სისხლიან ხმალით!
რაც ჩემს გულს გამოეცალა
უხმოდ ცრემლებში დალბა.
ბავშვობა, როგორც მერცხალი,
სხვაგან დაფრინავს ალბად!
რაც სიყვარული მაჩუქეთ
არ დაკარგულა ჯერაც.
ის ისევ-ისე აშუქებს
და სიკვდილამდე მჯერა.
არ ვიცი, რა გავაკეთე
ამდენ სირცხვილის თმენით.
მახარებს მხოლოდ სიკეთე
და სიყვარული თქვენი.
კოლაუ ნადირაძე
25.VII. 36 წ.
ტფილისი