ასე მგონია – მთვარეა ნედლი
და თითქოს განგებ დააპატიმრეს,
ასე მგონია – საბავშვო ეტლით
მოჭედილ ცაზე გადამატარეს.
სადღაც ცხოვრება დარჩა ნამდვილი!
თითქოს პირველად ვხედავ ვარსკვლავებს…
გაფრენა არის ისე ადვილი,
თუ კი გაბედავ და გაშლი მკლავებს!
ისეთი იყო ჩქარი და მწველი
ახალგაზრდობის ბედნიერება,
როგორც დილაზე დაცვარულ ველის
უბელო ცხენით გადაჭენება!