სახრჩობელებზე ჩამომხრჩვალი ღამის წამები.
ვიხუტებ მთვარეს და დავეძებ მშვენიერებას.
მათბობს ტკივილით საკუთარი სულის წამება,
ჩემ ბოროტ სხეულს მე დაუწყებ ისევ ფერებას.
უფსკრულის პირზე სიარული არ მენანება:
მე აქ ვიპოვი უკანასკნელ ბედნიერებას.
დავტირი ხარბათ მარტოობის ბედნიერებას.
მსურს, ვამარადო ხვთისმშობლის წინ ლოცვის წამები.
ჭლექიან კვნესით ამათრთოლებს ქარის წამება.
გრიგალ ქუჩებში, მოლანდებულ მშვენიერებას
თაყვანს ვცემ ჩუმათ; გაუბედავ კრძლვით ფერებას
და თუ მატორი გადამსრისავს, – არ მენანება.
მე ყველა მიყვარს ცივ ღამეში და მენანება.
ღმერთს შევავედრებ ყველასათვის ბედნიერებას.
შენ ვინ გაღირსებს, სულო ჩემო, ნაზ მოფერებას?
რად გაშინებენ ეს თვეები, წლები, წამები?
მალე ჩვენც ვიგრძნობთ მარადობის მშვენიერებას;
მალე, სულ მალე, გათავდება ჩვენი წამება.
იწყება მთვარით ჩემი ნელი ჯვარზე წამება;
ღამეში ჩასვლა შემაშინებს, დამენანება;
შენც იგრძნე, სულო, დამარცხების ბედნიერება!
კიდევ განკითხვის არ დამდგარა შავი წამები –
და, ჩემო თავო, ჩვენ არავინ მოგვეფერება!
მალე გავიგებთ ჩვენ სიკვდილის მშვენიერებას.
მე ყველაფერში ვხედავ ფარულ მშვენიერებას.
მილიონ წლების ჩემ ძარღვებში ისმის წამება;
ათასჯერ შობა; დრო უსაზღვრო, უხმო წამები!
ცხოვრება ჩემი დაკარგული არ მენანება!
მე არც წარსული მეზოგება ბედნიერება.
მშვიდობა ყველას, თდილი სახლი და მოფერება!
მე ჩემ ჭრილობებს ვუკვირდები, ვუწყებ ფერებას.
შორ არის ზეცა, სილაჟვარდე, მშვენიერება!
(იქ ყოველ მართალს ელოდება ბედნიერება).
მე ყველა ცოდვებს შევიყიდი, არ მენანება!
ო, ღმერთო ჩემო, დაასრულე ჩემი წამება
და დააჩქარე ეს დღეები, და ეს წამები!