და ისევ ღამე, ისევ წვიმა ფეხის ხმაურით;
ვერ გადურჩები შემოდგომის მე ნაკლულ დღეებს!
და მაწანწალა ჩემი სული – ნათრევი ყურით –
კიდევ გამოცდის შეყვარების მწარე სიცხეებს.
გაფითრებული დავენდობი შუაღამის ხმაურს;
გადამალაგებს იდუმალი მისი ანთება
თქვენ, ვარსკვლავებო, გზა მოგვეცით მგზავრებს უცნაურს,
მეფე-დედოფალს – მე და მთვარეს გვაგვიანდება.
ჩვენ დიდი გზებით მოსული ვართ და წავალთ მალე;
როგორც კუკლები დავატარებთ არშიან კაბებს.
ჩვენ მწუხარება დიდ ქალაქში ვერსად დავმალეთ.
და გვსურს ვეწვიოთ ახლა სტუმრათ სულ მცირე დაბებს.
სასტუმროების სიბინძურე და მყრალი სული
აღარ აკვირვებს ჩემ ქალბატონს, აღარ აშინებს;
დღეს მისი ცქერა ავათმყოფი, ფერგადასული
ჩემ დაღლილ სულში ფეერიულ კოშკებს აშენებს.
ახ, სულ ერთია ნათრევალა გადამშეულებს
მოგვეჩვენება თვით სამოთხეთ დუქანი ბნელი,
და ისევ ღამე შეგვაერთებს მგზავრებს სნეულებს,
და ისევ ღამე როგორც ჯვარცმა, იქნება მხსნელი.