სადა ხართ, ჩემო ოქროს დღეებო – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1926

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

სადა ხართ, ჩემო ოქროს დღეებო

როგორც მაისის ჭექა-ქუხილმა

გადიდგრიალა ახალგაზრდობამ, –

პირველი ვნების ტკბილმა დუღილმა,

დავაჟკაცების პირველმა ტრფობამ!

 

ეს იყო მაშინ, როდესაც ზეცა

მეგონა ბაღი ვარდებით სავსე,

როცა მეც ოქროს პერანგი მეცვა,

როცა მეც ოქრო მესხმოდა თავზე!

 

ეს იყო მაშინ, როცა მესმოდა,

თუ როგორ სჭრიდა მიწას ბალახი,

და, როგორც წყარო, შხეფებს მესროდა

ბედნიერება მინდვრად ნანახი!

 

მთელი სიცოცხლის უბრალო სიბრძნე,

მთელი ბუნების ენა ვიცოდი,

როცა ფრინველთა გალობა ვიგრძენ

და ყვავილივით მზეში ვიწოდი!

 

რამ მოადუნა ამდენად სმენა,

რა დაეფარა სულსა და თვალებს,

რომ აღარ მესმის ბუნების ენა,

რომ სიყვარული აღარ მაწვალებს?

 

სადა ხართ, ჩემო ოქროს დღეებო, –

პირველი გრძნობის პირველო ფეთქვა?!

თითქოს მახეში გული გაება

და ვეღარ ვამბობ, რაც უნდა მეთქვა!

 

აღარც ის ვნება დამწველი მზისებრ,

და სიტკბოებით სისხლში მღელვარე!

ო, როგორც ხმალმა ჰაერში, ისე

ჩემმა ცხოვრებამ გაიელვარა!