მწვანე თვალებში უპოვიათ სადგური ბინდებს;
მძიმე აბრეშუმს გადუყრია ნაოჭი წელზე;
ეგებ ტურნირი გაემართათ თქვენთვის რაინდებს,
და სათარეშოთ გასულიყვნენ რაშებით ველზე.
ღამის ბადეში შეიჭრებით, ვით ჯეირანი,
და ჰაერს არღვევთ სურნელოვან, ძვირფას ხაზებით;
თქვენ ინდოეთი გაოცნებებთ, ხან კი ირანი,
და სიტყვას: ძვირფასს, გაუღიმებთ, გაენაზებით.
მრავალ ფერებათ დაიღვრება თვალთა მორევი:
(ვაგნერის ხმები და შექსპირის ცივი ლანდები!)
თითქოს ჩავიდნენ ტბის სარკეში ნიამორები,
თითქოს შეიხსნა დედოფალმა მელავანდები.
დამქრალ დარბაზში ატირდება ჭიანურები;
და თქვენც გადმოხვალთ მათ ხმებიდან მიუწვდომელი;
ჩემი თვალები მშორდებიან თქვენი ყურებით,
გულიც მოკვდება სიყვარულის ხარბი მდომელი.
შავი ბეჭედი ცერზედ მოსჩანს, ვით ტარანტული;
(იჭვით ელიან სხვა თითებიც დაგვირგვინებას)
ფარჩის კაბაზე ღიმილია გადაფანტული:
უცქერის ნაზათ დედოფალი ამ ქორწინებას.
დანაბულ ცქერით დაენდობა რჩეულ თითს წამით –
– სარკის სივრცეში ქარავნები ნისლათ ჩნდებიან –
სწამლავს დედოფალს საოცარი მკბენარი შხამით;
შეყვარებული სხვა თითები რას მიხვდებიან?
ჩვენი თვალები იმ ბეჭედში შეხვდენ მგზავრებათ.
ო, სინამდვილე სანატრელი სპარსულ ნოხების!
მრავალი მთვარე ამაყობდა იქ ღვდელ-მთავრებათ,
თითქოს შეშურდათ მათ წარსული დიადოხების.
მთვარის სხივებზე იქ დარდობენ თვლები ძვირფასი;
დედოფლის თვალებს რათ დაშორდა ცრემლი კრიალა?
მედიდურ სახით მოგვევლინა ჩვენ ქანდირბაზი,
და ხავერდისფრით ვარსკვლავები ააშრიალა.
უცნაურ კოშკებს ის აშენებს ფერად რკალებით;
მოიხდის ცილინდრს და ლორნეტით დაგვაკვირდება.
შემდეგ ღამეში კვლავ ჩაჰყვინთავს აკანკალებით,
თავის სიყვარულს ის არავის არ დაპირდება!
და მხოლოთ მაშინ, როს რიჟრაჟი განესტავს მინებს,
დედოფლის ხელი დაკბენილი ისევ შავდება;
თავათ სიკვდილი ჩვენ ბეჭედით დაგვაქორწინებს
და მდუმარება სარკეებით გადმოზღვავდება.
მაშინ ჩჰქრება სასახლეში სანთელთ კრებული;
ძვირფასი ქვებით ოთახები დაიქარგება;
მე დედოფალი დამცილდება ატირებული,
და მოჩვენებათ მზის სხივებში დაიკარგება!