ჩემს ძაღლს ემირს
პირველი მარტი! (მოვიგონოთ მთვარე ნაკლული),
ცოტათი გვასწრებს კალენდარი ახალი სტილით.
ყველას გაგვწვდება დღეს ქალაქში ხორცი დაკლული:
ყველა ვიშოვით სანოვაგეს სულ ახალს დილით.
თეთრი ტყემლების აყვავებას ბევრი უცდიდა;
ახ, მეც ვეცდები, დავალაგო ჩემი ცხოვრება!
იქნება მერგოს სიხარულის მეც ერთი ციდა;
ო, ეს წყალობა მე ყოველთვის მემახსოვრება.
წრეულს ზამთართან მეგობრულათ ვერ გავატარე;
ცივი ალერსით თითქოს მთვარეც აღარ მწყალობდა;
ყველა მაყვედრებს, რომ მამაჩემს ვერ დავედარე
და უდედობით ორი შვილი ჩემი დაობლდა.
დაბრუციანდა ჩემი ძაღლიც – მტრის გასახარათ;
სისხლიან თვალით მოფერებას ის მევედრება:
მადლობა ყველას, უსათუოთ, გულწრფელი მარად!
ბედნიერებით ჩვენ ვერავინ ვერ შეგვედრება.