ოცნება საქართველოზე – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1917

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ოცნება საქართველოზე

სანდრო ცირეკიძეს

 

დავიწყებული ძველი ფონები

და ნანგრევები დიდ ციხეების:

ჩვენი დიდება მოსაგონები,

ფართო ჩრდილები ცაცხვის ხეების.

 

შედიხარ ჩუმად, გრილი ტაძარი…

მოთაფლისფერო სახე მამების;

და საცეცხლურში ცოტა ნაცარი

და შავი ხატი წმინდა სამების.

 

ნიშანი ბედის – კარზე ნალები,

სახურავები დახავსებული

და ღვთისმშობელის მოგრძო თვალები

უმანკო სევდით ამოვსებული.