ოცნება ნესტანზე – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1937

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ოცნება ნესტანზე

ღიათ მირჩება კარი –

თითქოს ვიღაცა მოდის,

როცა ბობოქრობს ქარი

სულ ვეღარ ვიტან ლოდინს!

 

სადღაც გაისმის ნელი

ჩონგურის სიმთა ჟღერა.

კიდევ სასწაულს ველი

და შენი მოსვლა მჯერა!

 

ედემის ვარდებს აფენს

ჩემს ფანჯარაზე მთვარე

და, როგორც ზღვაში აფრებს,

ხეებს ათეთრებს გარეთ.

 

შენი მნატვრელი გავხდი

და მინდა კიდევ გნახო,

მთვარით დათოვლილ ბაღთან

ძველი ვარძიის ახლოს.

 

და როგორც წინათ – ახლაც

გულში ოცნებას მინთებ!

ერთ დრო დაშნების დახლა

ჰქმნიდა ლექსებს და მითებს…

 

ტრფობის ყვავილი გახმა,

გაჰყვა ოცნების ციალს.

ჟამთა მდინარის გაღმა

ვუსმენ შენს კაბის შრიალს!

 

ალბათ ასეთი არის

ყოველი მგოსნის ბედი!..

გარეთ მძვინვარებს ქარი

და ღელავს მთვარის სვეტი.