კოლაუ ნადირაძეს – Blue Horns

ავტორი : მიქელ პატარიძე

თარიღი : 1933

ადგილი :

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 28731-18-ხ

გამოცემა :

მიმოწერა, პირადი წერილები

კოლაუ ნადირაძეს

ძვირფასო ძმაო კოლაუ!

ხელთათმანი გადაგდებულია და ის იშვიათი იერით და გამბედაობით ავიღეთ. შენი „სკრიაბინის ეტიუდი“ ჩემი სიხარული და ტანჯვაა. მიხარიან, რომ ამ მარტოობის ხანაში მოვისმენ და ეს ხმა არა მარტო ჩემთვის იქნება ძვირფასი.

მიხარიან, რომ სიყალბეს მოკლებული ხმა, შეუძლებელი საერთოდ, ჩვენთვის შესაძლებელი გახდა. მტანჯავს ეს ხმა და ეს სიმღერა, რადგან ყოველდღიურ წვრილმანში ჩაფლულმა ისევ მაღლა ავიხედე და თავზარდაცემული დავრჩი. რამდენი ხანი გასული, და ჩვეულებათ გადაქცეული იმედი ყველაზე დიდი მირაჟი აღმოჩნდა. ულმობელი დასტაქარივით გაუსვი დანა ამ წყლულს და გაჰკვეთე.

ერთხელ კიდევ ვრწმუნდები, რომ ჩვენი გულები თანაბრად ჰფეთქენ. მიიღე ეს ჩემი გამოძახილი იმ კმაყოფილებით, რამ შენ მიერ ნაჩვენები გამოსავალი მეც გავაგძელე და თუ ოდესმე იტყოდენ, რომ ყველა გზები რომში მიდის, ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ ყველა გზები სამუდამო სიმშვიდის მოედანზე იყრიან თავს.

მიქელ პატარიძე