* * *
შენ წადი ვიცი და აღარ მოხველ,
მაინც შენთან ვარ და მაინც გიმზერ.
გესაუბრება ამ გულის ოხვრა
და გეკითხება ცრემლების მიზეზს.
ამიერიდან ვივლით ცალ-ცალკე,
გულს სინანული ორთავეს გვივსებს,
და ვიტყვი, როცა ცრემლები წამლეკს,
ნეტავ დაბრუნდეს წარსული ისევ.
მიქელ პატარიძე
1930, აგვისტო
დედაქალაქი
დაწერილია ახ. კომ. რედაქციაში და მიეძღვნა კ. ნადირაძეს. მისი საპასუხო ლექსი დაიწერა იმავე დღეს, იმავე რედაქციაში.
პასუხი
ისევ ისა ვარ, რაც ვიყავ წინათ:
სათუთი, ნაზი და მეოცნებე,
მხოლოდ წარსული სხვაგვარად ბრწყინავს
და მკვდარ ყვავილებს ხელები ჰკრეფენ…
ეს სიყვარული გულს შერჩენია,
რომელიც მუდამ იყო მართალი.
და ძველებურად ისევ შენია
ამ ატირებულ გულის ფართხალი.
კ. ნადირაძე
16 აგვისტო, 1930 წ.
ტფილისი, გაზ. „ახალ. კომუნის.“ ახალი ბინა