ფოთლები ქარში, ფოთლები ქარში.
ვინ დასთვლის ფოთლებს მთვარიან ღამით.
დაჰქრის ტყე-ველათ სიკვდილის მარში
და მთვარემ მორწყო ღამე ბალღამით.
ფოთლები ქარში, ფოთლები ქარში!
ცივ ნიაღვარში სწრაფათ ჰქრებიან.
დავიწყებულ კვდრებს სცივათ ზამთარში…
და ქარის ხმაზე შავათ სდგებიან;
ფოთლები ქარში, ფოთლები ქარში!!
– შენ რისთვის ტირი, საბრალო დაო?
– ვიღაც უცნობი ჩამოდგა კარში…
– ილოცე ჩქარა, ო, საცოდაო!
ფოთლები ქარში, ფოთლები ქარში!