და ისე, როგორც არასდროს
ეხლა მომინდა თქვენთან,
ეს გული ისევ დაითროს
როგორც სანატრელ ძმებთან.
რა მაქვს, ან რა გამაჩნია!
თქვენ უფრო კარგად იცით,
რაც ამ გულს დაღი აჩნია,
და მაინც არის მტკიცე.
ღარიბი, შეუმოსავი,
ვცხოვრობ, სიცივე მტანჯავს.
სადმე სარდაფში ხბოსავით
წამოვეგები ხანჯალს.
რაც წარსულს გამოეცალა,
სისხლის ცრემლებში დალბა.
ბავშობა, როგორც მერცხალი
სხვაგან დაფრინავს ალბად.
რაც სიყვარული მაჩუქეთ,
არ დაკარგულა ჯერაც,
ის ისევ-ისე აშუქებს
და სიკვდილამდე მჯერა.
არ ვიცი, რა გავაკეთე
ამდენ სირცხვილის თმენით,
გულშია მხოლოდ სიკეთე
და სიყვარული თქვენი.
კოლაუ ნადირაძე
28-IV-33 წ. ქუთაისი