მინდა მოვიგონო ქუთაისის წარსული, განსაკუთრებით ის წლები, როცა იქ მწველი ლიტერატურული ბრძოლები მიმდინარეობდა.
ეს ქალაქი, რომელსაც, მგონი, აღარც კი ვახსოვარ, ჩემს მეხსიერებაში ისევ ცოცხლობს იმ თავისებურებით, რაც მხოლოდ მას გააჩნია და რაც აროდეს განმეორდება.
ქუთაისი! ეს ხომ იმპერატორულ რუსეთის თვითპყრობელობის პერიოდში წმინდა ქართული ქალაქი გახლდათ, სადაც მძლავრად გაისმოდა ერის მაჯისცემა, სადაც შეუბღალავად ირწეოდა მშობლიური აკვანი.
აქ დადიოდა უგვირგვინო მეფე _ დიდი აკაკი, თითქოს ოლიმპიდან ჩამოსული ზევესი.
მორიდებით და ღიმილით ეგებებოდნენ მას ბავშვები. დიდები მოკრძალებით და უდიდესი პატივისცემით ჩერდებოდნენ, რომ მისთვის სალამი მიეცათ!
ვიგონებ ქუჩაში ერთად მოსეირნე აკაკის და ვაჟა-ფშაველას, მათ ერთად გამოსვლას ქუთაისის თეატრში, მათ მიერ ლექსების წაკითხვას, მათ ხმას!
ბედნიერებას მგვრის ეს მოგონება ახლა, მაგრამ რა რიგ სავალალოა, რა რიგ მტკივნეული, რომ აროდეს მინახავს ილია!..
ქუთაისის იმდროინდელ ცხოვრებას ამშვენებდნენ აგრეთვე ჩვენი თაყვანსაცემი მწერლები: დავით კლდიაშვილი და ნიკო ლორთქიფანიძე.
აქ ხშირად შეგეძლოთ დაგენახად ნიკო ნიკოლაძე, გიორგი შერვაშიძე, კონსტანტინე ერისთავი, შალვა დადიანი _ მაშინ ჯერ კიდევ არა სახელოვანი მწერალი (იგი თეატრში მუშაობდა, როგორც მსახიობი და ახლად დაწერილი ჰქონდა პიესა „გუშინდელნი“).
წარუშლელ პიროვნებებათ დარჩნენ მეხსიერებაში ქართული გიმნაზიის დირექტორი იოსებ ოცხელი, ამავე გიმნაზიის ინსპექტორი სილოვან ხუნდაძე _ დაუცხრომელი მებრძოლი ქართული ენის სიწმინდისათვის. საინტერესო პიროვნებები იყვნენ, აგრეთვე ფილოლოგი ტრიფონ ჯაფარიძე, ექიმი სამსონ თოფურია და იურისტები _ ხელთუბლისშვილი, კ. ჩიკვაიძე.
ქუთაისის თეატრში ბრწყინავდნენ _ შესანიშნავი და ულამაზესი მსახიობი ლადო მესხიშვილი, განუმეორებელი და სპეტაკი ნუცა ჩხეიძე, ვალერიან გუნია, ა. იმედაშვილი, ჩემი მეგობარი, უდროოდ დაღუპული, არადელ-იშხნელი, ყალაბეგიშვილი.
მწერლობის ასპარეზზე უკვე გამოვლინებულნი იყვნენ გალაქტიონ ტაბიძე, ჯაჯუ ჯორჯიკია, კიტა აბაშიძე, ია ეკალაძე, თომაშვილი, ცახელი, ცვარნამი (მებუკე), ივ. გომართელი, ფ. მახარაძე.
ქართული პოეზიის რენესანსის პირველ მერცხლად მე, რატომღაც, მაინც ჟურნალ „ოქროს ვერძის“ გამოსვლა მიმაჩნია.
იგრძნობა, რომ ქართული ლექსი იწყებს ახლებურად სუნთქვას, ახლებურად შლის ფრთებს… ახლოვდება მომენტი, როცა ქართულ მხატვრულ მეტყველების წინაშე ახალი ფართო გორიზონტი უნდა გაიშალოს…
ლიტერატურულ სარბიელზე იწყებენ გამოსვლას უფრო ახალგაზრდა მწერლები: პაოლო იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, სანდრო ცირეკიძე, სერგო კლდიაშვილი, რ. გვეტაძე, შ. აფხაიძე, დია ჩიანელი (დავით ჩხეიძე), ივ. ყიფიანი, ლ. ჯაფარიძე, ა. არსენიშვილი, გ. ლეონიძე, კ. ნადირაძე, ნ. მიწიშვილი (სირბილაძე).
ახალგაზრდა მწერალთა მოღვაწეობა კულმინაციას აღწევს 1916 წელს, როცა პ. იაშვილის რედაქტრობით გამოდის ჟურნალი „ცისფერი ყანწები“ და ამავე სახელწოდებით არსდება საქართველოში სიმბოლიზმის სკოლა.
არსდება, აგრეთვე (პირველად მსოფლიოში) ყოველწლიური გაზეთი „პოეზიის დღე“, 1918 წ., სადაც საქართველოს ყველა მწერალთა ახალი ნაწარმოებები ქვეყნდება.
არსდება ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“ (რედ. ვ. გაფრინდაშვილი), ჟურნალი „შვილდოსანი“ (რედ. სანდრო ცირეკიძე).
გარდა ამისა, ითარგმნება და იცემა „სტეფან მალარმე“, „ახალი პოეზიის ანტოლოგია“.
იბეჭდება და გამოდის ცისფერყანწელთა წიგნები: ვ. გაფრინდაშვილის „დაისები“, ს. ცირეკიძის „მთვარეულები“, კ. ნადირაძის „ბალდახინი“. ყოველივე ამის გაკეთება ჩვენ შევძელით იმ მტრულ გარემოცვის პირობებში, რომელიც ჩვენს მიმართ ქუთაისის წრეებში არსებობდა.
ქუთაისის ვიწრო ბურჟუაზიულ, ჩინოვნიკურ წრეებისათვის მიუღებელი იყო, როგორც ახალი გაბედული სიტყვა, ისე ჩვენს მიერ უარყოფა დეგრადირებულ პოეტურ შემოქმედებისა და „მეშჩანურ“ ყოფაცხოვრების ფორმებისა.
ყველაზე უფრო, არ ვიცი, რატომ, მიუღებელი დარჩა ჩვენი ერთსულოვნება და განსაკუთრებით ჩვენი ბოგემური ცხოვრება. არ მოსწონდათ ჩვენი ძმური მეგობრობა, ბავშვობიდანვე სიყვარულით გამთბარი (ჩვენ ხომ ყველანი, თითქმის ერთ კულტურულ დონეზე ვიდექით, ერთ ემბაზში განბანილნი). აღარ განმერდება ეს, უკვე სიზმრად ქცეული, ჩვენი მეგობრობა, ჩვენი სიყვარული, ის სითბო, ის თითქმის ერთნაირი გულისცემა!.. მაგრამ, დამშვიდდით და გაიხარეთ, ჩვენო მოძულენო, დაუცხრომელნო! წავიდა და დასამარდა ყოველივე ეს, დიახ! წავიდა და დასამარდა!
ყოველივე, რაც მაშინ ჩვენ წინააღმდეგ იყო მიმართული, აურზაური და ბრძოლა, მაინც ჩვეულებრივ მოვლენად უნდა ჩაითვალოს, ასეც უნდა მომხდარიყო, თუმცა შეუპოვარი ბრძოლა, ბრძოლა პრინციპიალური უტყუარი მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო იმისა, რომ მიუხედავათ შეცდომებისა, მიუხედავად ახალგაზრდულ შეურიგებლობისა, ჩვენ, „შეჩვენებულნი და დევნილნი“, მაინც სწორ გზას ვადექით, რომ ჩვენ ეს ღრმად გვწამდა და გვჯეროდა!
გარდა ამისა, ჩვენ გვწამდა და ვიცოდით, რომ ვიყავით არა ცრუმეტყველნი პატრიოტები ჩვენი ქვეყნისა, არამედ გულწრფელნი, გადაგვარების გზას, ერისადმი ღალატს აცდენილნი, აცილებულნი იმ სამარცხვინო დეგენერაციას, რაც ასე საბედისწეროდ ვითარდებოდა საქართველოში _ განსაკუთრებით ჩვენს თავადაზნაურობის, წარჩინებულ ჩინოვნიკურ და ფსევდო ინტელიგენციის წრეებში.
ეს გახლდათ ის მოვლენა, რის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას აწარმოებდნენ იმავე თავადაზნაურობის დიადი წარმომადგენლები _ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, დ. ყიფიანი, იაკობ გოგებაშვილი და ნიკო ნიკოლაძე.
ჩვენი მიზანი იყო _ ახალი სული ჩაგვედგა უკვე მოდუნებულ, შაბლონის მარწუხებში მოქცული ქართული ლექსისათვის, მოგვეშორებია მისთვის პროვინციალური ჟღერადობის ფორმა და შინაარსი.
მე მწამს, რომ ჩვენ მივაღწიეთ ამას, რომ ეს ჩვენ შევასრულეთ სავსებით!! რასაკვირველია, ამის საშუალებას ჩვენ გვაძლევდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მაღალი კულტურული დონე, რომლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამაზე ოცნებაც კი!
ზოგიერთ ცრუმარქვია მეცნიერს ეგების კბილი მოკვეთოს ჩემმა სიტყვამ, მაგრამ ნურას უკაცრავად, პატივცემულნო „მწიგნობარნო და ფარისეველნო“! ეს ასე გახლდათ და ვერაფერი ამ ჭეშმარიტებას ვერ შეარყევს!
სამწუხაროდ, ამ საინტერესო და სერიოზულ ლიტერატურულ პერიოდის მიჩქმალვისა, დამახინჯების, თავდაყირა დაყენების და გაყალბების ტენდენცია დამკვიდრდა ამჟამად ჩვენში.
პოეზიისა და ხელოვნების „დიდათ მცოდნე მეცნიერული მუშაკები“, სხვადასხვა მეცნიერულ წოდებთა მფლობელნი, რომელნიც ამ ისტორიულ პერიოდის თანამედროვენი არა ყოფილან და არც შეეძლოთ ყოფილიყვნენ, ჩვენს მაშინდელ მოწინაამდეგეთა მიერ შეგნებულად მოჭორილ, თითიდან გამოწოვილ ცრუ ამბებს, თავიანთ აკვიატებული აზრის შესაბამისად იყენებენ! რას არ თხზავენ და შემდეგ მრისხანედ წარბების შეყრით, ნაოჭებით დაღარულ შუბლის ბრძნული გამომეტყველებით ღაღადებენ ამ გაყალბებულ `ისტორიას~. ვინ დაუშლის მათ! მკვდარნი ხომ არ მეტყველებენ, მათდა საბედნიეროდ!
მაგრამ, ყოველივე ეს ამაოა, დიდათ პატივცემულნო „ფილოლოგიის“ დოქტორებო! ახალგაზრდობაში გავრცელებულ, შეძენილ წარჩინებას და სიკეთეს ეს, რა თქმა უნდა, ვერ ხელყოფს, მაგრამ ყოველგვარ სიყალბეს და მოჭორილ ამბავს დრო ულმობელი წალეკავს, წაშლის.
მე არ მევალება ვარკვიო აქ, თუ ვისი წყალობით, როდის, რატომ წარმოიშვა ეს ფსევდო-მეცნიერული და პროვინციალური აღქმა, იმედი მაქვს, რომ განვლილ ლიტერატურულ პერიოდისა (ერთხანს მას, რატომღაც, „მენშევიკური“ სუნი ასდიოდა); გემოვნება მრავალგვარია! როგორც მაიაკოვსკი ამბობს, `Есть много вкусов и вкусот~. მართლაც, ალბად ყოველთვის იყვნენ, არიან და უნდა ვიგულისხმოთ, რომ მუდამ იქნებიან, როგორც პოეზიაში, აბდაუბდისა და ისტორიულ სიცრუეთა მოტრფიალენი, ისე ნათელი გრძნობის, ნათელი შემოქმედების, ნათელი სიტყვის, რეალური განცდის თაყვანისმცემელნი!!
1916 წლიდან 1920 წლამდე
1916 წლიდან ჩვენ, პოეტები, ხშირად ვიკრიბებოდით ერთმანეთთან.
თითქმის ყველა ჩვენგანის სახლი იმპროვიზირებულ „სალონს“ წარმოადგენდა. წარმოებდა ლიტერატურულ, ფილოსოფიურ, მხატვრულ შემოქმედების საკითხებზე საუბარი, კამათი, ახალი ლექსებისა და პროზაულ ნაწარმოებთა კითხვა, სხვადასხვა მშობლიურ და უცხოურ მწერალთა შემოქმედების გარჩევა, მათი შეფასება.
ვიკრიბებოდით უმეტეს შემთხვევაში პაოლოსთან, ჩემთან, ვალერიან გაფრინდაშვილთან, სანდრო ცირეკიძესთან, დია ჩიანელთან და ზოგჯერ ჩვენს უფროს მეგობართან, ბატონ ნიკო ლორთქიფანიძესთანაც.
მაგონდება ერთი შეკრება დია ჩიანელთან, ჯერ კიდევ უცოლშვილო მწერალთან. ეს, თუ არ ვცდები, 1919 წელს მოხდა: ტიციან ტაბიძემ და ცირეკიძემ დასვეს საკითხი ქართულ ლიტერატურულ მუზეუმის დაარსების შესახებ. სერიოზულად დავინტერესდით. გაფრინდაშვილმა, დია ჩიანელმა და, რამდენადაც მახსოვს, სერგო კლდიაშვილმა საჭიროდ მიიჩნიეს ამ მუზეუმის ქუთაისში დაარსება. არჩეული იყო ამ, ჯერ არარსებულ მუზეუმის დირექტორად ტიციანიც, მაგრამ უმრავლესობამ კატეგორიულად მოითხოვა, რომ მუზეუმი თბილისში დაარსებულიყო…
მუზეუმის დაარსება ჩვენ ვერ შევძელით, მაგრამ საინტერესოა, რომ ამ იდეის მხოლოდ 1929 წელს განხორციელების შემდეგ, თბილისში, მუზეუმის პირველ დირექტორად არჩეულ იქნა ისევ ტიციან ტაბიძე.
არ შემიძლია, არ მოვიგონო, თუ როგორ გვიყვარდა დია ჩიანელის სახლში შეკრება!
გარდა დიას სტუმართმოყვარე გულწრფელ მეგობრობისა, ჩვენ გვიზიდავდა მისი ეზო, დამშვენებული მეტად ლამაზი მაგნოლიის ხით, რომლის დიდი თეთრი ყვავილები სურნელებას აფრქვევდნენ ირგვლივ. გვიზიდავდა დიას ბინის მომხიბლავი აივანი! ამაყად გადაჰყურებდა იგი რიონის მშფოთვარე, ძლიერ ტალღებს, მათ თეთრ ქაფათ ქცეულ ჩქერებს. ეს ჩქერები თავის ხმაურით, თითქოს უგალობდნენ ჩვენს სუფრას, ამ აივანზე გაშლილს, ზოგჯერ, ეგების, არც ისე მდიდრულს, მაგრამ ჩვენი ძმობით მდიდარს და გამთბარს, ჩვენი ახალგაზრდული ჟინით, მეგობრობით, პოეზიით და სიყვარულით აჟღერებულს!
ამ მქუხარე ჩქერების ქვემოდ რიონი უცებ ღრმავდება და ტორტმანით მიედინება „თეთრი ხიდის“ ქვეშ. აქ, ამ ხიდიდან და ხიდის მარცხნივ მაღალი სახლის სახურავიდან, ოდესღაც, მიყვარდა ჩემს საყვარელ რიონში ხტომა…
შესაძლოა, გადმოვმხტარიყავ ამ ხიდიდან ახლაც, მაგრამ… მაგრამ უკვე აღარ შემშვენის, გვიანღა არის, ერთობ გვიან, ძვირფასო მკითხველო!
ყოველივე ეს, შეერთებული დიას ოჯახის სითბოსთან, პოეზიასთან, ახალგაზრდობასთან და გულწრფელ მეგობრობასთან, გვანიჭებდა ჩვენ ბედნიერებას!! მართლაც, როგორი ბედნიერები ვიყავით, როგორ გვიყვარდა სიცოცხლე!
ამგვარადვე დაუვიწყარია და მოსაგონარი პაოლო იაშვილის ოჯახი.
პაოლოს „მამა ძლიერი, ჯიბრაელი“ (ჯიბო) იაშვილი და მისი მრავალშვილიანი მეუღლე, პაოლოს დედა, ქალბატონი ბაბილინა, მისი ოჯახის სიდარბაისლე, მასპინძლობა, მშობლიური მზრუნველობა ჩვენზე, ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი (ხშირად) ნეტარი დღეები და ღამეები მათ სოფელ არგვეთში გატარებული!
ეხ, „ბევრი სხვაც ახსოვს ჩემს ბიჭობასა,
მაგრამ სად არის ახლა ის ლხენა?!“
1934 წელი
საკმაოდ დიდმა დრომ გაგვთიშა მე და ჩემი მშობლიური ქუთაისი. მამის გარდაცვალებისა და ჩემი მეგობრების საცხოვრებლად თბილისში გადასვლის შემდეგ ქუთაისში დარჩენას აზრი უკვე აღარ ჰქონდა. ერთ დღეს ქუთაისში წასვლა გადავწყვიტე: მომენატრა ეს ქალაქი, მომენატრენ ქუთაისში დარჩენილი მონადირე მეგობრები, მომენატრა ჩემი ძვირფასი მეგობრის ლევან მიზანდარის (თანამედროვე ცნობილ მოქანდაკის ვალერიან მიზანდარის მამის) ნახვა და მასთან ერთად ტყის ქათმებზე სანადიროდ წასვლა.
ლევანი მშვენიერი მონადირე და განსაკუთრებით საყვარელი ადამიანი გახლდათ. იგი ჩემზე საგრძნობლად ხნიერი იყო (მამაჩემთანაც ნადირობდა). ჩვენი დამეგობრება კი ხშირმა ერთად ნადირობამ განაპირობა. შემდეგში ჩვენმა მეგობრობამ რაღაც შთამომავლობითი სახე მიიღო და დაუვიწყარ ლევანის გარდაცვალების შემდეგ, ეს მეგობრობა გაგრძელდა ჩემსა და მისი ვაჟის ვალერიანის შორის.
მწერალთა კავშირიში წავედი საგზურის _ მივლინების მისაღებად და მწერალთა კავშირის ბაღში მიხეილ ჯავახიშვილს შევხვდი. მან მოულოდნელად მაცნობა, რომ ისიც ქუთაისში წასვლას აპირებს და დიდი ხანია სურს ისტორიულ ადგილების და ძეგლების დათვალიერება. მითხრა, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, გამეზიარებია მასთან ეს მოგზაურობა.
რა თქმა უნდა, სრული თანხმობით ვუპასუხე, თანაც ხუმრობით დავძინე, რომ ძლიერ მოხარული ვიქნებოდი, თუ ბატონი მიხეილი ჩემთან ერთად ტყის ქათმებზე სანადიროდაც წამოვიდოდა. ეს ხუმრობა მას არ დავიწყებია და ხშირად მეუბნებოდა: _ ხომ არ წავიდეთ ტყის ქათმებზე სანადიროდო. ორი თუ სამი დღის შემდეგ ქუთაისში აღმოვჩნდით. ქუთაისი წყნარი, უქარო ამინდით მოგვეგება, მოგვეგება მაჭრით, ყურძნის მტევნებით, უნაბით, მწიფე ლეღვით, ზღაპრულ წითელი სოკოთი (ნიყვით), გაკრიალებული უღრუბლო ცით.
სასტუმროში, ბატონ მიხეილის სანახავად, მისთვის ყოველგვარი დახმარების გაწევისთვის მოვიდა ქუთაისის ქალაქკომის კულტპროპი ვანო ძაძამიძე _ ძლიერ სიმპატიური, თვალსაჩინო და კულტურული ახალგაზრდა. მას თან მოჰყვენ _ საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების მდივანი დია ჩიანელი, ბონდო კეშელავა, დავით გაჩეჩილაძე, მამია ასათიანი, ლადო ასათიანი, შარუხ ჩარკვიანი. საოცრად გულთბილი შეხვედრა იყო. დია ჩიანელი, უკვე ცოლშვილიანი, გვეპატიჟება სახლში. უფრო ახლოს ვეცნობით ახალგაზრდა, დამწყებ პოეტებს, რომელთაც, როგორც ჩანს, კარგ მეგობრულ დახმარებას უწევენ ვანო ძაძამიძე და დია ჩიანელი.
პირადად ჩემთვს დიას ნახვა მეტად სასიხარულო იყო: გახსენება საკმაოდ შორი წარსულის, ჩვენი საერთო მეგობრების, დაკარგულ ამხანაგების მოგონება, გახსენება იმ დღეებისა და წლების, როცა ჩვენ უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით!
და, აი, თუთხმეტი წლით განშორების შემდეგ, ისე ვუახლოვდები დაუვიწყარ ადგილს! ისევ ის სურნელოვანი, ულამაზესი მაგნოლიის ხე, ისევ ის სახლი, ისევ ის, რიონის ჩქერების ხმაურით მგალობელი აივანი, რომელსაც ახლა უკვე დიას მეუღლის, ქალბატონ ფაციას სათნო, კეთილი ღიმილი და ბავშვთა წკრიალა ხმები ამშვენებენ. ისევ პოეზიით, მეგობრობით და სიყვარულით შემკულია სუფრა, იმ საოცნებო აივანზე გაშლილი. დია თამადაა. მღელვარე სადღეგრძელოები. მიხეილ ჯავახიშვილი მიესალმება და ქებათა-ქებას ასხავს „ლიხთიქითურ მხარეს“, რომელმაც ცოტნე დადიანი, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე წარმოშვა, წარმოშვა შესანიშნავი ქართული სუფრა. ჩვენი სუფრა დიდხანს გაგრძელდა. ორი დღის შემდეგ ვანო ძაძამიძემ მანქანით აგვიყვანა გელათის ტაძრის სანახავად. იქეთან ჩამოსვლის და ბაგრატის ტაძრის ნანგრევების დათვალიერების შემდეგ გადავწყვიტეთ სათაფლიის გვირაბისა და დინოზავრის ნაკვალევის ნახვა, მაგრამ ვიდრე სათაფლიისაკენ გავემგზავრებოდით (იქ უკვე გველოდებოდა პეტრე ჭაბუკიანი და პატარა პურ-მარილი მოლზე, გაშლილი გვირაბის მახლობლად), გადავწყვიტეთ სურათის გადაღება, რომელიც პირველად ჟურნალში გამოქვეყნდა. ორმოცდახუთმა წელმა განვლო ამ სურათის გადაღების შემდეგ!
რამდენი რამ იქნა გადატანილი ამ ორმოცდახუთი წლის განმავლობაში. რამდენი ტკივილი, გაჭირვება, რამდენი ოცნებისა, იმედების და სიხარულის დამხობა, განიავება! რამდენ უსაყვარლეს და უძვირფასეს ადამიანებთან უდროოდ სამარადისოდ გამოთხოვება!
საოცარი ხარ, შენ, გულო და რარიგ ამტანი! ღრმა და უძირო ხარ შენც, ულმობელო, შეუბრალებელო მეხსიერებავ!!
ერთ დღეს, ჩემი წარსულის ძებნის დროს ვნახე ეს გადარჩენილი და გადანახული სურათი, რომელმაც წამიერ, ჩემი წარსული გამახსენა და გამიცოცხლა.
კოლაუ ნადირაძე
25/VI. 1979 წ.
თბილისი
მაგრამ რა იქნებოდი შენც, საბრალო ადამიანო, ამ მეხსიერების გარეშე?!
რა იქნებოდა შენი სიცოცხლის ბოლო წუთები, შენი სიცოცხლის შემოდგომა, შენი ზამთარი, ბუხრის ცეცხლთან შენი დაღლილი ძვლების გათბობის ჟამს, თუ, რა თქმა უნდა, ბედი შეგინარჩუნებდა, როგორც უიშვიათეს წყალობას, მყუდრო პატარა კუთხეს და მყუდრო პატარა ბუხარს!