კოლხეთის საღამოები – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1936

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

კოლხეთის საღამოები

1

აჰა, საღამოც აშრიალდა მშვიდი და სათნო!

სცხრება ნელ-ნელა ელვარება ზაფხულის დღისა;

გაფანტულ ღრუბლებს მზე სხივებით სივრცეში ადნობს,

და ბუტბუტებენ დაბურვილი ფოთლები ხისა.

 

კიდევ წუთი და აინთება ცაში ვესპერო,

დაიტვირთება ვარსკვლავების მტევნებით ღამე, –

თითქოს მას სურდეს სიმაღლიდან მიწას ეფეროს

და ადამიანს მოაფინოს ზეცის სიამე!

 

ამაღლდი, სულო, შეუერთდი შენც ამ სამყაროს!

დაჰგმე წუთიერ და წარმავალ გრძნობათა ზრახვა, –

რომ ეზიარო ჰარმონიის უძირო წყაროს,

რომ ჰპოვო სიბრძნე იმ ფოთოლშიც, ხეზე რომ გახმა!

 

2

საღამოვდება. მზე შორდება იისფერ თაღებს,

სხივებს – თავთავებს დამწიფებულს – მიწაზე აცვენს.

ზღვა სუნთქავს ნელა, აშრიალებს აქა-იქ ტალღებს

და დაღლილ მნათობს თავის ცისფერ მკლავებში აწვენს.

 

კიდევ ადრეა ვარსკვლავების აელვარება,

მხოლოდ ხანდახან გაიქროლებს თოლია ცაზე.

ნუ შფოთავ, გულო, დაივიწყე ეგ ჭმუნვარება

და შენც ამღერდი მარადიულ ტალღების ხმაზე!