ნიკო ლორთქიფანიძე – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 25.02.1983

ადგილი : თბილისი

საცავი : ლიტერატურის მუზეუმი, 27154-2-ხ.

გამოცემა :

მოგონებები

ნიკო ლორთქიფანიძე

ნიკო ლორთქიფანიძე 

(მოგონება)

 

არიან ადამიანები, რომელთა დავიწყება შეუძლებელია. ულმობელია ადამიანის მეხსიერება. იგი ხშირად მტანჯველია და მაწამებელი; ზოგჯერაც ჯალათივით უწყალო და სასტიკი. მაგრამ იგი  სიამის მომგვრელიც არის. ისე, როგორც გაზაფხულის ჟამს, მინდვრის ყვავილების სურნელებით და დანამული ბალახების სიგრილით გაჟღენთილი ნიავი, ეალერსება შრომით დაღლილ მკერდსა და შუბლს, – ასევე სიამის მომგვრელია იგი, როცა გვიბრუნებს დაკარგულ ბედნიერებას, რომელსაც წარსული ჰქვია. იგი კვლავ და კვლავ ასხივოსნებს ჩვენს ბავშვობას, უნეტარეს წამებს ჩვენი სიცოცხლისა, ადგილებს სადაც ფეხი ავიდგით, სადაც გვიყვარდა და ვუყვარდით, სადაც პირველად ვიგრძენით, რომ ცოცხალ არსებად ვართ გაჩენილი და გავიხარეთ…

იქნებოდა თუ არა ადამიანი უფრო ბედნიერი წარსულზე მეხსიერება რომ არ ჰქონოდა, არ შერჩენოდა? ვინ იცის! ძნელია ამ შეკითხვაზედ პასუხის გადაჭრით გაცემა… მრავალ შემთხვევაში – არა, თუ კი ეს წარსული კვლავ სანატრელი იქნებოდა, თუ შესაძლებელი და საამაყო იქნებოდა იგი, ისევ საოცნებო, ისევ მშვენიერი!  მაგრამ, რასაკვირველია, სასურველი იქნებოდა ეს, თუ წარსული აუტანელ სულიერ ტანჯვას, მწვავე სინდის ქენჯნას იწვევს და ხშირად, ხშირად თვითმკვლელობამდი მიჰყავს მას ადამიანი!

არიან ადამიანები, რომელთაც ვერასდროს დაივიწყებ იმ ადამიანთა განსხვავებით, რომელნიც ჩვენს მეხსიერებაში ჰკარგავენ სიმკვეთრეს. მათი სახე როგორღაც იცრიცება, ფერმკრთალდება, უფერული ხდება და თანდათანობით დავიწყების ბურუსში ეხვევა. ისინი არ იწვევდნენ არც დიდ სიყვარულს, არც გაოცებას, არც დიდ სიძულვილს. მათი მოგონება არ გაიელვებს სულში, არ გააშუქებს მას ისეთივე სიძლიერით, როგორც ოდესღაც.  რასაკვირველია, ყოველ ადამიანს, მისი ინდივიდუალობით შემოფარგლულ  სამყაროში თავის უჭკნობი და უცვლელი სახეები გააჩნია, სხვებისგან ზოგჯერ სავსებით განსხვავებული; მაგრამ არიან ადამიანები, რომელნიც ყველა ადამიანის მეხსიერებაში თითქმის ერთნაირად არიან ჩარჩენილნი და ერთნაირი სიძლიერით წარუშლელნი.

ძლიერ თავისებური იყო ჩემი დროის ქუთაისი. იგი წარმოადგენდა წმინდა ქართულ ქალაქს, სადაც ჩვენი, ეკონომიურად წელგატეხილი თავად-აზნაურობა კიდევ განაგრძობდა არსებობას, კიდევ ინარჩუნებდა თავის ესოდენ ორიგინალურ სახეს. მაგრამ ეს გახლდათ ფეოდალურ იმერეთის უკვე უკანასკნელი სულისმოთქმა, მისი დეკადანსი ამ სიტყვის სრული გაგებით, რაც ასე მხატრულად და განუმეორებლად დაიტირა ჩვენმა ბრწყინვალე მწერალმა და დიდმა ჰუმანისტმა დავით კლდიაშვილმა.

ქუთაისის ერთ-ერთ კაფეში მოწყობილ ლიტერატურულ საღამოზე  პირველად შევხვდი ნიკო ლორთქიფანიძეს. პაოლო იაშვილმა და შალვა ამირაჯიბმა გამაცნეს იგი. ამ საღამოზე ავსტრიიდან ახლად ჩამოსული ნიკო კითხულობდა ვენის საზოგადოებრივობისათვის საყვარელ მწერლის არტურ შნიცლერის ერთ-ერთ ნოველის თარგმანს, აღარ მახსოვს, რომელს. ქუთაისის ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი ესწრებოდა ამ საღამოს. გამიკვირდა თუ როგორი ყურადღებით და პატივისცემით უსმენდნენ მას, თუმცა ნიკო ლორთქიფანიძე კიდევ არ იყო არც ,,მრისხანე ბატონის“, არც ,, ჟამთა სიავისა“, არც ,,ბებრების“ ავტორი. დაინტერესებული ვაკვირდებოდი მას. რაღაც თავდაჭერილი არისტოკრატული იერი , ბუნებრივი არისტოკრატული ქცევა ახასიათებდა მას და მკვეთრად განასხვავებდა ყველასგან. ჩემს წინ იდგა მწერალი, დენდიზმის დამახასიათებელი ჩვევებით. იმ წუთშივე ვიგრძენი ეს და, გითხრათ მართალი, ამ მოულოდნელობით გაკვირვებული დავრჩი.

აქ მსურს მოკლედ განვმარტო დენდიზმის რაობა, ვინაიდან ჩვენს ქართულ მწერლობაში ამის შესახებ, ვგონებ, არაფერი თქმულა.

დენდიზმი არისტოკრატიზმის უმაღლესი საფეხურია და მისგან განირჩევა მეტი ბუნებრივობით, უბრალო ნამდვილი დემოკრატიზმით.

რასაკვირველია, იგი ფეოდალურ-რაინდული ეპოქით არის წარმოშობილი, ამ ეპოქის ტრადიციებზე აღმოცენებული,  მაგრამ დენდიზმს არასოდეს არ ახასიათებდა ქედმაღლობა, შეუწყნარებლობა,  მყვირალა ტანკაზმულობა, და, რაც მთავარია, წოდებრივ პრივილეგიებზე დაყრდნობა, რაც ყოველთვის დონკიხოტურ ფორმებს ღებულობს და ესოდენ აუტანელი არის თავის შინაგანი სიცალიერით.

დენდიზმი, აგრეთვე, საშუალო საუკუნებრივ რელიგიურ-ქრისტიანულ (უმეტესად კათოლიკურ) დოგმებით იყო შთაგონებული და აღჭურვილი. მას ახასიათებდა ჰუმანიური მიდგომა ადამიანისადმი, ჩაგრული, ,,უნცროსი ძმის“ დაცვა, თუნდაც იარაღით ხელში,  რაც შერწყმული იყო სპეტაკ, შეუბღალავ პატიოსნებასთან. დენდიზმი გამორიცხავდა ყოველგვარ ვულგარულ და მერკანტილურ საქმიანობას. რა თქმა უნდა, დენდიზმი გულისხმობს ქონებრივ საყრდენს, რომლის გარეშე იგი ნაწილობრივ კარგავს თავის ბრწყინვალებას, მაგრამ არასოდეს მხოლოდ ქონებრივ საყრდენს არ შეუქმნია და არ განუპირობებია დენდიზმი!

საქართველოში დენდიზმის ისტორია, მე ვფიქრობ, თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის  პიროვნებით უნდა იწყებოდეს, ასევე გამოირჩეოდნენ  ჩემი დროის ქართული დენდიზმის წარმომადგენლები: შემიძლია დავასახელო, მაგალითად, ცნობილი კონსტანტინე ერისთავი, ულამაზესი კაცი დავით მიქელაძე, მამია გურიელი, უნცროსი ძმა ჯაბა გურიელი, რომელსაც კარგად ვიცნობდი, იასონ გელოვანი,  გიორგი შარვაშიძე, კოტე აფხაზი, კოტე მაყაშვილი, შალვა დადიანი, უჩა დადიანი, დიმიტრი ყიფიანი და, რასაკვირველია, ნიკო ლორთქიფანიძე, რომელმაც ორი დუელი გადაიტანა ხელყოფილ პატიოსნების დასაცავად.

ინგლისურ და ფრანგულ დენდიზმისგან ქართული დენდიზმი მნიშვნელოვნად (უფრო გარეგნულად) განსხვავდებოდა. ამის მიზეზები ჩვენი ერის ისტორიულ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებში უნდა ვეძიოთ. ყოველ ერს ხომ თავის სპეციფიკა ახასიათებს! ინგლისურ დენდიზმს ჯორჯ ბრიუმელის, ბაირონისა, შელის და უაილდის სახით  თავისი იერი ჰქონდა, რაც განასხვავებდა მას, უფრო რომანტიკულ ფრანგული დენდიზმისგან, რომლის ყველაზე უფრო თვალსაჩინო წარმომადგენლები რონსარი, დორსე და შატობრიანი იყვნენ .

საღამო მოგვიანებით დამთავრდა. შალვა ამირაჯიბმა, პაოლო იაშვილმა, ვალერიან გაფრინდაშვილმა, ივ. ყიფიანმა და მე წავიკითხეთ ლექსები. განსაკუთრებით რატომღაც დამამახსოვრდა ამირაჯიბის მიერ წაკითხული სონეტის ბოლო ტერცეტის ორი უკანასკნელი სტრიქონი:

,„ჯერ არ ენახეთ, ო, მანანა, ქართლისა ქალებს,

როს შენს წინაშე ისველებდა ვერიკო თვალებს“.

სონეტი კი მანანა ორბელიანისადმი იყო მიძღვნილი.

სავახშმოდ კლუბში წავედით. ნიკო ლორთქიფანიძეც ჩვენთან იყო. თენდებოდა, მაგრამ ჩვენ კიდევ სუფრას ვუსხედით, შინ წასვლა გვიძნელდებოდა. არ ვიცი, რით უფრო მთვრალი ვიყავით,  ღვინით თუ მშფოთვარე ახალგაზრდობით…  ბედნიერება თითქოს ჩვენ გულებში იყო ჩაბუდებული და წუთით მოსვენებას არ გვაძლევდა!  მაგონდება ამ ჩვენი სერობის  ერთი მომენტი: ვალერიანი ეუბნება შალვას: ,,ძლიერ მომეწონა თქვენი სონეტი, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სონეტის უკანასკნელი სტრიქონი, რომელიც მანანა ორბელიანს სრულებით არ ეხება…  ვინ არის ვერიკო? მანანა ორბელიანის ჩვენთვის უცნობი მონათესავე ასული ხომ არ არის?“ დუმილი ჩამოვარდა. რატომღაც უხერხულობა ვიგრძენით. გაოგნებული ვარ მეც. შალვა დუმილით არის შეპყრობილი…  ყველაფერი გახსნა პაოლოს სიტყვამ: ,, მეგობრებო, უსიტყვოდ შევსვათ სადღეგრძელო იმ ძვირფას ასულისა, რომლის სახელი  სონეტის უკანასკნელ სტრიქონს და ავტორის გულს ასე ამშვენებს!“ სადღეგრძელო უსიტყვოდ იყო შესმული…

რამოდენიმე დღის  შემდეგ პაოლო იაშვილმა ლექსი უძღვნა ნიკო ლორთქიფანიძეს. მინდა, ამ ლექსის პირველი მშვენიერი სტროფი გავიხსენო:

,,ხარ მოელვარე, ვით სატევარი,

ემორჩილები მზეს და იადონს,

მომეცი ნება, როგორც მწევარი,

ლექსი გაჩუქო ბუნებით ბატონს“.

აქ მინდა აღვნიშნო, თუ როგორი დახმარება გაგვიწია  ნიკო ლორთქიფანიძემ, რათა გამოგვეცა ,,პოეზიის დღე“. მეტად  დაინტერესებული იყო ამ საქმით დ არ ზოგავდა ენერგიას ამ იდეის განხორციელებისთვის. მან ჩააბა ამ საქმეში პოეტი თომაშვილი, ილია ჭყონია, ჯაჯუ ჯორჯიკია, შალვა დადიანი, კიტა აბაშიძე, იოსებ ოცხელი, ვასო ამაშუკელი, სილოვან ხუნდაძე. საერთოდ ,,ცისფერი ყანწები“-ს მე-2 ნომრის გამოსვლისა, განსაკუთრებით კი ,,პოეზიის დღის” გამოსვლის შემდეგ, რაც, თუ არ ვცდები, 1918 წლის 26 მაისს მოხდა, ჩვენი შეხვედრები უფრო გახშირდა. თავს ვიყრიდით პაოლო იაშვილთან, ნიკო ლორთქიფანიძესთან, ვალერიან გაფრინდაშვილთან, ჩემთან, დია ჩიანელთან, კლუბში. ვიგონებ  იმ დიდ ქეიფს, რომელიც გავმართე ჩემს, ქალაქსგარე ბაღში, ბანოჯაში, სადაც მოწვეული მყავდა ქუთაისის მოწინავე ინტელიგენცია ბედნიერ დღეების აღსანიშნავად და დროის გასატარებლად…

ისევ მსურს მოვიგონო, და ყოველთვის მოსაგონარი იქნება  ჩემთვის ის ზამთრის საღამო, როცა ვალერიან გაფრინდაშვილთან ჩვენი თავშეყრის დროს ნიკო შემოვიდა გაღიმებული, თოვლის ფანტელით დაფარული და ჩვენი ძებნით ოდნავ დაღლილი. ძმურ სუფრაზე, მან პირველად წაგვიკითხა თავის ,,ბებრები“, რომელიც მან, წაკითხვის შემდეგ, სანდრო ცირეკიძეს გადასცა მის მიერ ახლად დაარსებულ ჟურნალ ,,შვილდოსანში” დასაბეჭდათ… ძნელია იმ აღტაცების გადმოცემა, რომელიც ამ პატარა მოცულობით შედევრმა  გამოიწვია! იმ საღამოს ბატონ ნიკოს სადღეგრძელო სამჯერ დაილია…

გვიან ღამით ჩვენ ყველანი ვაცილებდით მას. თოვდა, თოვდა ზღაპრულად, ,,ქუთათურად“ და თოვლის სიმფონიით გარინდულ ქუთაისის ქუჩებში ჩვენი ფეხის ხმა აღარ ისმოდა. თოვლის ვარსკვლავების შრიალი ანაზებდა ჰაერს. თოვლში ჩაფლული ბალახვანის ქუჩა და მთელი ქალაქი ნეტარ ძილს მისცემოდა. უდარდელად და ტკბილად ეძინათ ქალაქ ქუთაისის სქელღიპიან, კეთილი ცხოვრებით გამოთაყვანებულ ვაჟბატონებს, ჩინოვნიკებს, ვაჭრებს და გაკრეტინებულ შეთხელებულ ,,აზნაუშვილებს“ – მოხეტიალე საქმოსნებს.  თეთრ ხიდზე შევდექით და თოვლის ფანტელით დაფარულნი, ვუცქერდით, თუ როგორი სინაზით ეფინებოდა რიონს თოვლის უსპეტაკესი და უსათუთესი საბანი…

თოვდა განუწყვეტლივ და მან დაფარა ყველაფერი, ყველაფერი, ჩვენი ნაკვალევი, შემდეგ კი, შემდეგ ჩვენი ხსოვნა, ჩვენი აქ ყოფნაც სამარადისოდ!..

ბოლო ხანებში  ჩვენ თბილისში ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ეს უკვე ოციანი წლები გახლდათ.  უმთავრესად მწერალთა კავშირის ბაღში ვიყრიდით თავს.

ჩვენს მეგობრულ წრეს შემოემატნენ: შალვა დადიანი, ლეო ქიაჩელი, გერონტი ქიქოძე, საშა აბაშელი, ალ. ქუთათელი, მიქელ პატარიძე, პოლიკარპე კაკაბაძე, დავით გაჩეჩილაძე, ბონდო კეშელავა, კონსტ. ჭიჭინაძე, პავლე ინგოროყვა, შალვა კაშმაძე, გალაკტიონ ტაბიძე.

ხშირად მოდიოდა ილია ზურაბიშვილიც, რომლის ფანტასტიკური სიყვარული აკაკი წერეთლისა და ზაქარია ფალიაშვილისადმი ნამდვილ თაყვანისცემამდე იყო მისული. მინდა, გავიხსენო ილია ჭავჭავაძის გაზეთში მისი თანამშრომელი ილია აღლაძე. რომელიც საინტერესოდ გვიყვებოდა აკაკის თბილისში ჩამობრძანებისა და მისი ილია ჭავჭავაძესთან რედაქციაში შეხვედრების შესახებ.

ხშირად გერონტი ქიქოძის პარადოქსები უმეტეს შემთხვევაში ლიტერატურის დარგში (მაგალითად, იმის თქმა, რომ მერიმე თითქოს უფრო დიდი მწერალია, ვიდრე ლევ ტოლსტოი, ან კიდევ, რომ ყაზბეგი და გიორგი წერეთელი სადღაც უფრო ქართველი მწერლები არიან, ვიდრე რუსთაველი) გაცხოველებულ კამათს იწვევდა ჩვენს შორის, მაგრამ არასდროს არ მინახავს ნიკო ლორთქიფანიძე, რომ მას დენდიზმის ჩვეული ფორმები დაერღვიოს, კამათით ძლიერ აღელვებული ყოფილიყოს, ან აღშფოთება გამოევლინოს. იგი ყოველთვის თავშეკავებული ირონიით იყო შეიარაღებული. მისი სკეპტიციზმი არასდროს წრეგადასული არ ყოფილა და სარკაზმის ფორმა არ მიუღია! კეთილშობილური იუმორი ყოველთვის ამშვენებდა ამ არაჩვეულებრივ ადამიანს, შესანიშნავ მწერალს, რომელიც თავის ბუნებით უფრო პოეტი იყო, ვიდრე ბელეტრისტი. კიდევ ერთი რამ მინდა დავუმატო ჩემს, შესაძლოა, ცოტათი ნაჩქარევ დახასიათებას; მას აბსოლუტურად არ ეხერხებოდა და არც უყვარდა თავის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, რის გამო მე ამაოდ ვეცადე, რათა ეთხრობია ჩემთვის ვრცლად მის მიერ ორჯერ ჩატარებული დუელის ამბავი.

ნიკო ლორთქიფანიძე ალბათ ისე, როგორც არავინ, განიცდიდა ბარათაშვილისებურ დამდაგველ, მწარე მარტოობას, მიუხედავად იმისა, რომ იგი თავის ოჯახში სავსებით ბედნიერი კაცი გახლდათ .

მისი მეუღლე, ქალბატონი თამარი, თავდადებული მეოჯახე ქალი იყო და სიყვარულით უქმნიდა ნიკო ლორთქიფანიძეს წყნარ და სანატრელ მყუდროებას…

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხშირად მინახავს ბატონი ნიკო, გვიანი ღამით, საოპერო თეატრის წინ, სადაც ამჟამად სახელმწიფო გამომცემლობის მაღაზიაა, მარტოდ მარტო, მოაჯირს მიყრდნობილი და ფიქრიანი.

მას ხშირად გავუჩერებივარ მეც, მარტოდ მარტო, რუსთაველის პროსპექტზე სახეტიალოდ, აგრედვე გვიანი ღამით გამოსული, კაეშნეიანი და ფიქრიანი და ჩვენ, ამ მარტოობის გასაქარვებლად ნელი ნაბიჯით წავსულვართ რესტორან ,,ინტურისტი“-საკენ, სადაც მას განსაკუთრებით უყვარდა ხოლმე შესვლა.

კ. ნადირაძე

25/II 1983

თბილისი