კეთროვანება – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1920 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

კეთროვანება

ნიკო ლორთქიფანიძეს

 

წმინდაო ღმერთო, მახინჯთ მფარველო, შენ წინ ცრემლებით

ცოდვილი ბავში, დღეს სულ უძლური მე ვიწყებ ლოცვას.

ვერსად წავედი, ამევსო გული იდუმალებით.

გზა დაკარგული, წმინდაო ღმერთო, გევედრი დაცვას.

 

მყრალი სარდაფი, ბალღამით სავსე, ეს რბილი ტანი

მე ყველგან დამაქვს, მაგრამ სიმძიმე მე მღალავს მისი;

და მე ვეცემი ღონე მიხდილი, როგორც ტანტალი.

ჩემ უბედურ გულს ჯერ არ ეღირსა წმინდა მაისი.

 

ო, ბევრი არის ღამის შავ თასში ჩემი ცრემლები

(დაცემის შემდეგ საშინელია კვლავ წამოდგომა).

ჩემ აშლილ სახეს შეაჩვენებენ ალბათ მკვლელებიც

და ბოროტ სულში ისევ ნელდება იმედის კრთომა.

 

წმინდაო ღმერთო, მახინჯთ მფარველო, შენ წინ ცრემლებით

ცოდვილი ბავში, დღეს სულ უძლური მე ვიწყებ ლოცვას.

ვერსად წავედი, ამევსო გული იდუმალებით.

გზა დაკარგული, წმინდაო ღმერთო, გევედრი დაცვას.