ინфანტა მწევარით – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1920 წლამდე

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ინфანტა მწევარით

მე მელანდება ღამეებში ვილლა ბორგეზე;

თითქოს მელიან მდუმარებით ბროლის თაღები.

თეთრი სფინქსები კიბეებთან თბებიან მზეზე.

და მეც მათ ცქერით სამუდამოთ დავიდაღები.

 

თეთრ ტანსაცმელში იქ მდუმარე ინфანტა მელის,

თეთრი მწევარი მის ფეხებთან წევს მოკრძალებით.

და მენატრება მე შეხება დედოფლის წელის,

მაგრამ ვიჩოქებ, როგორც მონა თვალთა ბრძანებით.

 

ფარშავანგები მოელიან თავის პრინცესას.

ის განაბული უკვირდება მათ სათუთ ფანდებს;

მაგრამ როდესაც გაიგონებს გედების კვნესას, –

გაიარს ჩუმათ საფირონის ქვის შუშაბანდებს.

 

თეთრი მწევარი თან გაჰყვება შეყვარებული,

ერდგული პაჟი შემოდგომის მძიმე დღეებში –

და ლეონარდოს სურათები გაფითრებული

მძიმე თვალებით აცილებენ მას სარკეებში.

 

და ყოველ ღამე მე ინфანტას ჩუმი გოდებით

დილამდე ველი; მიშრებიან ლოცვით ტუჩები.

თენდება ჩუმათ; ისევ გულით დავიკოდები.

ვიცი, წამებას მე ამნაირს ვერ გადურჩები.

 

მე ისევ სპლინი მემუქრება განმეორებით;

არ ვიცი, რატომ და მაშინებს დილის ბუნება,

და ჩემი სული ისევ ისე ავი ზმორებით,

როგორც რომ ძაღლი სიცივეში მოიღუნება.