ქუთაისში დავაპირე წასვლა. მომენატრა ჩემი მოხუცებული დედა, მისი ნახვა, მისი ალერსით გათბობა. მომინდა ჩემს მშობლიურ ქალაქში გავლა. გავლა ისევ იმ ადგილებში, სადაც ჩემი ყრმობა გავატარე, სადაც ბედნიერი ვიყავი.. დიდი ტკივილიც გადამიტანია… მომინდა მეგობრების ხმის გაგონება, მათთან საუბარი, წარსულის მოგონება, მათთან ჭიქა ღვინის შესმა.
გარდა ამისა, ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, შესანიშნავმა ადამიანმა და მონადირემ, ლევან მიზანდარიმ მაცნობა, რომ ტყის ქათმებზე ნადირობის დრო დადგა და სანადიროდ მიხმობდა. ამასთან ერთად, ჩემი მეგობარი, ცნობილი სპორტსმენი და მონადირე, შალვა დათიაშვილიც მატყობინებდა, რომ ჭალადიდის რაიონში უკვე „ბეკასებზე“ და იხვებზე ნადირობა დაწყებულიყო.
შემოდგომა მთელი თავისი ბრწყინვალებით, ჭკნობისა და ნაყოფთა სიმწიფის სურნელებით დასტრიალებდა ჩემს ქვეყანას.მზემ თითქოს მოიცალა ჩვენთვის და პატარა ღრუბელსაც ადგილს აღარ უთმობდა განაზებულ მოელვარე ცაზე!..
მწერალთა კავშირში წაველ დასავლეთ საქართველოში, კერძოთ ქუთაისში მივლინების მისაღებათ, რაც რკინისგზაზედ ბილეთის აღებას აადვილებდა.
მწერალთა კავშირის პატარა ბაღში დასასვენებლად შეველ და იქ მიხეილ ჯავახიშვილს შევხვდი, რომელიც ლეო ქიაჩელთან და შალვა დადიანთან საუბრობდა. მე ვაცნობე მათ ჩემი ქუთაისში წასვლა, რამაც, მოულოდნელად, მიხეილ ჯავახიშვილი დააინტერესა.
„მეც ძლიერ მინდა ქუთაისში წამოსვლა, – მითხრა მან, – მინდა, დავათვალიერო და გავეცნო იმ ისტორიულ ძეგლებს, რომელნიც საქართველოს წარულ დიდებაზე მეტყველებენ. მეტად სასიამოვნო იქნება, თუ ერთად ვიმგზავრებთ“.
მე, რა თქმა უნდა, სიხარულით გამოვთქვი თანხმობა ბატონ მიხეილ ჯავახიშვილის წინადადებაზე!
დანიშნულ დღეს ქუთაისს გავემგზავრეთ.
ქუთაისი უქარო დღით შეგვეგება!
მწერლები დია ჩიანელის მეთაურობით სადგურთან დაგვხვდნენ. მახსოვს მათ შორის იყვნენ ბ. კეშელავა, შ. ჩარკვიანი, დ. გაჩეჩილაძე, ლ. ასათიანი, მ. ასათიანი, გიასელი, თომაშვილი, დომენტი ახობაძე, ვ. ამაშუკელი და სხვები.
ქ. ქუთაისის ქალქკომის მიერ ჩვენზე მომაგრებულმა მუშაკმა ამხ. ვ. ძაძამიძემ დიდი ყურადღებით და თავაზიანობით შეასრულა მიხეილ ჯავახიშვილის სურვილი, გაცნობოდა ისტორიულ ძეგლებს. მან ინახულა ბაგრატის ტაძრისა და გეგუთის ნანგრევები, რიონჰესის მშენებლობა და აგრეთვე სათაფლია – დინოზავრების ცუდად მოვლილი ნაკვალევი, მეტად საინტერესო სათაფლიის გვირაბი და პეტრე ჭაბუკიანის მიერ გაშენებული და კარგად მოვლილი სათაფლიის ტყე.
ვინახულეთ გელათის დიადი ტაძარი, დავით აღმაშენებლის საფლავი, შევსვით მის მიერ გამოყვანილი წყაროს წყალი, დავათვალიერეთ გელათის ფრესკები.
შემდეგ ვესტუმრეთ „მოწამეთას“, სადაც ათასორასი წელი განისვენებდნენ ჩვენი ხალხის დიდი გმირები – მთავრები, ძმები მხეიძეები – დავით და კონსტანტინე, რომელნიც თავგანწირულად იბრძოდნენ არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ და საშინელი წამებით თავი დასდეს დაპყრობილი საქართველოს განთავისუფლებისთვის.
ბატონ მიხეილს ეს ადგილები ძლიერ მოეწონა და მეორედ, ორი დღის შემდეგ, ისევ ინახულა გელათი და „მოწამეთა“.
ქუთაისში, ვიდრე დია ჩიანელს ვესტუმრებოდით (სიტყვა გვქონდა მიცემული, რომ მასთან პურს გავტეხდით), სამახსოვროდ სურათი გადავიღეთ. სურათი გადაგვიღო ჩემმა, აწ განსვენებულმა, კარგმა მეგობარმა, ფოტოგრაფიის ოსტატმა – დავით მხეიძემ.
და ისევ ის დია ჩიანელის საყვარელი ეზო, ის მაგნოლიის ხე, ისევ ის გულუხვად გაშლილი სუფრა, დიას თამადობა, ქალბატონ ფაციას, დია ჩიანელის მეუღლის ფუსფუსი და აღელვებულ ბატონ მიხეილ ჯავახიშვილის შთაგონებული სიტყვა ჩვენს სამშობლოზე, ჩვენ ხალხზე, მის უკვდავებაზე!…
შემდეგ? შემდეგ – არაფერი! სიზმრად არის უკვე ქცეული ჩემთვის! წავიდნენ ყველანი, აღარ არიან! აღარავიინ დარჩა, აღარც ის ეზო, არც მაგნოლიის ხე, არც ის აივანი, აღარც დია, არავინ!
კოლაუ ნადირაძე
1981 წ., 27-IX – თბილისი