თქვენ, ჩემო ძმებო, მეგობრებო ყველა ქვეყნისა – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1916

ადგილი : ქუთაისი

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

თქვენ, ჩემო ძმებო, მეგობრებო ყველა ქვეყნისა

სერგო კლდიაშვილს

 

დაღალულ ქალაქს, მზით გათანგულს, ერევა თვლემა,

ზემო სართულში გრამაფონის ღრიალი შეწყდა.

ვიღაც მთელი დღე მას უკრავდა დაუღალავათ.

და მე არ ვიცი, თუ ვინ იყო ჩემი მტანჯველი –

ლამაზი ქალი, თუ უნიჭო გიმნაზიელი.

მოხუცი რუსი ფანჯრების ქვეშ აკვნესებს არღანს,

თავათაც მღერის.

ნეტავ ვინ დარჩა მას ამ ქვეყნათ, ან ცხოვრებიდან

კიდევ რა ელის?

უცხო ქალაქში უპატრონოთ სადმე ჩაკვდება,

მაგრამ ქვეყანას ნეტავ ამით რა მოაკლდება!

ო, ეს წუთები, ეს მძიმე დღე, ეს ორშაბათი!

ბევრია ჭირი და ვარამი – მით უფრო მეტი!

ასეთი არის ეს ცხოვრება – ტკბილი შარბათი…

კარგი იქნება, თუ სამოთხეც შემდეგ გვეღირსა,

ჩვენ, ჩემო ძმებო, მეგობრებო ყველა ქვეყნისა!

 

და კიდევ დილით, ქალაქის ბაღში,

ცისფრათ მორთული მე ვნახე ბავშვი.

მოკლე კაბიდან მოუჩანდა თეთრი ნიფხავი.

ო, წმინდა ბავშვო, ოქროს თმებით, ჩვილი მუხლებით!

ჩუმი ღიმილით მე გიმზერდი, როგორც გამზრდელი;

შენ, ვით შროშანა, იყავი თეთრი, სუფთა და ნორჩი…

მე კი რას ვდარდობ! განა სიწმინდე დღეს ადამიანს არ გააჩნია?

განა სახეზე სიბილწის კვალი, ბინძური ფიქრი ვისმეს აჩნია?

ან სულმდაბლობის განა ხშირათ ვხვდებით მნახველი?

ო, ჭეშმარიტათ, სჯობს უდარდელათ, დაუფიქრებლათ ცხოვრების გავლა!

ღმერთო, იკურთხოს შენი სახელი!

 

თქვენ, მეგობრებო, ჩემო ძმებო ყველა ქვეყნისა,

სისულელეა კაეშანი, ფიქრი მწუხარე!

ჩვეულებრივათ დღესაც ცაზე ამოვა მთვარე,

ყველა ივახშმებს, დაიძინებს დამშვიდებული.

გამონაკლიზე ნუ ვიფიქრებთ – ვის რათ გვჭირდება?

მზე ყველასათვის ერთნაირათ აღმობრწყინდება!..

მაგრამ, მე ხვედრი ჩემთვის უცნობ, საბრალო ძმისა

მაინც მაფიქრებს, მაინც მტანჯავს ყოველ წამისათ,

როგორც თქვენ, ძმებო, მეგობრებო ყველა ქვეყნისა!