1
იქ, სადაც ხიდთან თუჯის გრიფონებს
თვალებს უმძიმებს მარადი ძილი,
პირველად ვგრძნობდი მე ამ სტრიქონებს
დამათრობელი ზაფხულის დილით.
ზაფხულის დილა მიწიდან ცამდე
იდგა გაშლილი ედემის ბაღჩათ
და მთელ ბუნებას გულის კარამდე
გაეხსნა თავის ცისფერი ფარჩა.
ღია თუ დარჩათ კარები ცისა,
ვეღარ მოასწრეს ჩარაზვა მისი –
თორემ ამ წარღვნას თაფლის და რძისა
რათ აღარ უჩანს დასაბამისი?!
თორემ ამ ხეებს, ბალახებს, ბუჩქებს
რომ აუდგიათ მეტყველი ენა,
სუნთქვის სურვილი ასე რათ უჩქეფს
და ეჩქარებათ ცაში აფრენა?
თითქოს ქალაქის მძიმე სხეულიც
ცაში გაფრენის ნატრული ხდება
და ერთი წამით, ნისლათ ქცეული,
მზესა და ჰაერს შეუერთდება!
2
ხიდის მახლობლად, სადაც გრიფონებს
აქვთ გასაფრენად გაშლილი ფრთები,
შენთან შეხვედრას ისევ ვიგონებ
და შენზე ფიქრით ისევ ვინთები.
დღესაც არ ვიცი შენი სახელი,
მაგრამ, ძვირფასო, მე ისევ მავსებს
ღიმილი, დილის გამომსახველი,
და დილა შენი ღიმილის მსგავსი!
სადა ხარ, ნეტავ! ეგების აქვე,
ამ ქარხანაში აბრეშუმს ქსოვდე?
უცქერდე, როგორ გამორბის მაქო
და გმირულ შრომის ღელვასაც გრძნობდე!
ან თუ კოლხეთის მზეში გაალულს
გატკბობს მტრედების ღუღუნი ძილში –
როს ფორთოხლების კრეფით დაღალულს
მიგეძინება ცაცხვების ჩრდილში.
სად ხარ, ძვირფასო?! ეს აღტაცება,
ამ დილის ფეთქა, ეს მზე და სითბო,
ამ ცის დიდება თავზარდამცემი
ეგებ შენც სადმე სიცოცხლეს გიტკბობს?
ან და – ვინ იცის! ეგების ახლა
შენ ჩრდილოეთის გიტაცებს გზები
და არ გაშინებს ყინვა და დაღლა
და არც ქარბუქის მზარავი ხმები.
და თუ დედა ხარ, თუ თბილ კალთაზე
გიწევს მშობელი ვაჟკაცის შვილი –
გააღე კარი ამ ლექსის ხმაზე,
რადგან შენა ხარ თვით სილამაზე
და თვით სიცოცხლეც არის ადვილი!
რადგან დღეს ხარობს სამშობლო ჩვენი,
ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მიწა,
რადგან ეს გული სავსეა რწმენით,
და, ცეცხლად ქცეულ ზეაღმაფრენით,
ამ დიდ სასწაულს უმღერს და იცავს.