თეთრი პეპლებით სავსე ქუჩები,
და სიჩუმეში შრიალა რბილი.
ვერავინ სიკვდილს ვერ გადურჩებით,
ვერავის იხსნის მწარე სირბილი.
ჩემ გულში ჩარჩა, როგორც სიზმარი,
ის სიყვარული რომ მკლავდა წინად.
უსინათლო და მდუმარე არის
ჩემი ძაღლური სოველი ბინა.
და სიკვდილამდე ვიქნები მარად
მე ამ უკვდავი სიმღერის მეფე.
თავს თეთრი ბაღი გადაეფარა,
და თეთრ ყვავილებს ზეცაში ჰკრეფენ.
ერთი სურვილი იზრდება ნელა,
ერთი ოცნებით ფიქრი ამევსო:
მინდა რომ ერთხელ, უკანასკნელად
ჩემს თავს ბებუთით მოვეალერსო –
რომ მოვჭრა ძირში თეთრი ზამბახი,
არ ვიცი, ვისგან ჩემში დარგული,
რომ დავიბრუნო სამოთხის ბაღი
ბავშურ სიზმრებში გადაკარგული.