ერთ დღეს მივიღე ორი დეპეშა – ორივე თბილისიდან. პირველი დეპეშა იყო გამოგზავნილი გიორგი ლეონიძის მიერ შემდეგი შინაარსის: „23 ნოემბერს, გიორგიბას, ქორწილს ვიხდი. ჩამოდი. გოგლ“.
მეორე დეპეშას ხელს აწერდნენ პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და შალვა აფხაიძე. დეპეშა ასეთი შინაარსის იყო: „23 ნოემბერს გოგლას ქორწილია. აუცილებლად ჩამოდი. მოგელით. პაოლო, ტიციანი, შალვა“.
ძლიერ კარგი შემოდგომა იდგა. ფოთოლთ ცვენა, ოქროს დღეები… დეპეშებმა მოულოდნელობოდა და სიხარულიც მოიტანეს.
მე არ მოველოდი ამ ამბავს, რადგან ჩვენს შორის, ამაზედ ლაპარაკიც არ ყოფილა. ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის დაქორწინებას ჩვენ ყველანი დიდი ხანია მოველოდით და ამიტომ ჩვენთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენდა მათი შეუღლება. გოგლა კი ჩვენი უნცროსი ხმა გახლდათ და მისი რომანის შესახებ მე, პირადათ, არაფერი გამეგონა. წარმოდგენა არ მქონდა, თუ ვინ უნდა გამხდარიყო გოგლას მეუღლე. დარწმუნებული ვიყავი მხოლოდ, რომ ის ითხოვდა უთუოდ ქართველ ქალს. მას ხშირად გამოუთქვამს თავის შეხედულება ამის შესახებ. მას ღრმად წამდა, რომ სხვა ტომის ქალს, თუნდაც საქართველოში დაბადებულს და აღზრდილს, დისონანსი შეაქვს ქართულ ოჯახში, უკარგავს მას ნაციონალურ იერს და სილამაზეს, რომელთა თაყვანისმცემელი იგი სიკვდილამდე დარჩა. ეხ, დაუვიწყარო ჩემო გოგლა! ვის განუცდია შენზე მტკივნეულად შენი ქვეყნის სისხლიანი წარსული, მისი საშინელი ისტორიული ტრაგედია. ვის სმენია შენზე ძლიერად საშინელება მონგოლთა თარეშისა, ხმაური ჩეხვისა, ჟლეტისა და აწიოკებისა?! ასეთივე ტკივილს ეგებ განიცდიდა კიდევ ტიციანი, რომელიც ჩვენ ასე უდროვოდ გამოვიტირეთ.
ორი დღით ადრე გავემგზავრე თბილისს. ქუთაისში მარტოდ-მარტო, ღვთის ანაბარად დარჩენილმა ისევ ბედნიერად ვიგრძენი თავი ჩემს მეგობრებში, იმ ადამიანთა შორის, რომლებთანაც გამიტარებია უბედნიერესი წუთები ჩემი სიცოცხლისა.
გავიცანი გოგლას საცოლე და მიხაროდა, რომ გოგლას არჩევანი იყო ესოდენ კარგი და შეუმცდარი. მე ღრმად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ქალი შეუქმნიდა გოგლას სწორედ ისეთ ქართულ ოჯახს, რომელზედაც ის ოცნებობდა. საბედნიეროდ, ასედაც მოხდა და გოგლა ყოველთვის ამაყობდა ამით. დაქორწინების შემდეგ ქორწილი გაიმართა რესტორან ქიმერიონში. ეს გახლდათ ბრწყინვალე ზეიმი, რომელსაც „ყანწელთა“ მთელი შემადგენლობა ესწრებოდა – უკლებლივ, უკლებლივ! ყველანი ახალგაზრდა, მოსიყვარულე, ჯანღონით სავსენი ვიყავით!
საქორწინო სუფრას სათავეში უდგა, შთაგონებული თამადა პაოლო იაშვილი, მისი თანაშემწენი იყვნენ სანდრო ყანჩელი და სანდრო შანშიაშვილი. იყო ექსპრომტები, ლექსების საზეიმო კითხვა. რუმინელი მევიოლინე, ცნობილი დამკვრელი ჟანგულესკო ყოველი სადღეგრძელოს შემდეგ დაკვეთით ასრულებდა ზოგჯერ ტუშს, ზოგჯერ რომელიმე პატარა მუსიკალურ ნაწარმოებს. ახალნაქორწინევთა პირველი სადღეგრძელო, რასაკვირველია, ფრანგული შამპანიურით შეისვა. ყვავილებს ზღვაში აღმოჩნდნენ ნეფე-დედოფალი. ლხენისა და სიხარულის ზღვაში ვცურავდით ყველანი. უკვე თენდებოდა, როცა გოგლა და მისი მშვენიერი მეუღლე სახლამდე მივაცილეთ. შემდეგ პაოლოსთან, ტიციანთან, ვალერიანთან და შალვასთან გაგრძელდა წვეულება და გოგლას დაქორწინების აღნიშვნა!
კოლაუ ნადირაძე
1974 წ.
თბილისი