გაზაფხული თბილისში – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1920

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

გაზაფხული თბილისში

ქუჩებში ჩუმათ შემოგვეპარა,

იის კონებით მოჰქარგა კვალი,

და თბილისს ზეცა გადაეფარა,

როგორც გამდნარი ფირუზის თვალი!

 

სამშობლოს მკერდზე ამოქარგულო,

ჩემო ქალაქო, ქალაქო წმინდა!

მე ეს პატარა, მტკივანი გული

შენს თბილ მუხლებზე დავაგდო მინდა!

 

მიმიღე მაინც! გადაიბურდა,

ჯვარცმად გადიქცა ჩემი დღეები,

და მე სიწმინდე ისე მომწყურდა,

როგორც დამწყვდეულ არწივს კლდეები!

 

ხარ ზიარებით სავსე ბარძიმი,

თბილისო ჩემო, ამღერებულო!

შენი სიონი თეთრი და მძიმე

თითქოს ჩემს გულში აშენებულა!

 

თავს სასწაულის რეტი ესხმება,

და კიდევ მჯერა, რომ ოქროს ფრთები

ჩემს მხრებს დამსხვრეულს გამოეხმება,

რომ გადმოგფანტო იების მთები!

 

ისე, ვით დედამ, მომხვიე ხელი,

გადამაწვინე შენს სათუთ მკლავზე,

რომ ვიმეორო შენი სახელი

და გული გასკდეს ზარების ხმაზე!