ბუნების ენა – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1932

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ბუნების ენა

როცა საღამოს ფართო წამწამებს

დაეკიდება ალმასთა მძივი,

და მაღალ ვერხვებს ააკამკამებს

ღამის მნათობთა შეხება ცივი, –

 

როს დედამიწის და ზეცის შორის

ამოშენდება ბროლის სვეტები

და მთის ყვავილთა შრიალი შორი

სიჩუმის მორევს დაეწვეთება, –

 

ისე საოცრად მეტყველებს მაშინ

მძინარ ბუნების მეფური ენა,

რომ გულისცემაც მოისმის ქვაში

და მიწის სუნთქვას ითვისებს სმენა!

 

მაშინ ჩემს ფიქრებს და აღმაფრენას

შემოერტყმება ცეცხლი და ქარი

და ვგრძნობ სიცოცხლის ღვთაებრივ დენას

გაფითრებული და ცოცხალ-მკვდარი!..

 

იკურთხოს წამი, ჩვენ რომ განვიცდით,

რომელიც ჰქრება და წარსულს ჰბადებს!..

სიკვდილის ჟამიც – რომ ვერ ავიცდენთ, –

და სუფთა ფიქრი გულში რომ ათევს!

 

იკურთხოს ტოტი, სადაც ფოთლებით

გადაფარული ისვენებს ჩიტი,

ბუჩქებში ცვარი რომ იორთქლება

და გასაშლელად გამსკდარა კვირტი!

 

იკურთხოს წამი პირველ დანახვის,

თუ ადამიანს ახარებს სადმე,

დედის მუცელში ბავშვის ჩასახვის

და შებრალების სულდგმულისადმი!

 

კურთხევა მასაც, ვინც პირველ იგრძნო,

რომ საწყალ მონას უდგია სული!

ვისაც გულში აქვს სითბო და სიბრძნე

და სტანჯავს სხვისი ცრემლი და წყლული!

 

ეს სიდიადე თავზარდამცემი

ენაწართმეულ ქურუმად მაქცევს!

სად დავატიო ეს აღტაცება,

და სიყვარული ტკივილს რომ აღწევს?!

 

ახლა ჩემს ფიქრებს და აღმაფრენას

მთელმა ბუნებამ გაუღო კარი

და ვგრძნობ სიცოცხლის ღვთაებრივ დენას

გაფითრებული და ცოცხალ-მკვდარი!

 

მე რაღაც ძალა მიწამდე მკეცავს,

მე თითქოს ვუსმენ ვარსკვლავთა კრებულს,

და უფსკრულებით დამყურებს ზეცა

პირქვე დამხობილს და გაქვავებულს!