შევალ „Notre Dame“-ში მოღუნული როგორც იუდა:
დიდი ქუჩების ავხორცობით ტანდაღალული:
ვიცი, ვერლენი მონანებით აქ მოდიდოდა.
რომ დიდი ცოდვა შეევედრა გადანახული.
შემომხედავენ წმინდანები დატვირთულ ცქერით;
აკანკალებით იმათ თვალებს ჩავაშტერდები;
მლოცველთა ზურგებს ეფინება ყვითელი ფერი:
დავთვალე შიშით ქარვისფერი ქრისტეს გვერდები.
ისევ ღვთისმშობლის გაღიმებას გავეკიდები;
შევკადრებ მხოლოდ: „ქალბატონო, ახ ჩემი გული!“
და თუ ავტირდი – მე მლოცველებს მოვერიდები,
რომ სხვაზე მეტად არ ვეგონო მათ დაკარგული.
როცა ქუჩებში ნოემბერი დადის წვიმებით,
იქნება სცივათ მაშინ გამხდარ, უბინო ძაღლებს!
თეთრ ბალდახინზე ქანაობენ სერაფიმები,
მიასვენებენ მოქალაქეს ყველაზე ნაკლებს!
ვინ შეგვახვედრებს, ვის უნდებვართ, ვინ მოგვიგონებს?
დიდია ღამე… ვინ გადახდის სახლებს სახურავს?
მხოლოდ პოეტი გაბრაზებით დაცლის სტრიქონებს
და ჭლექიან ცოლს ღმერთზე მომდურავს.
მივმართავ ჩემ თავს მონოლოგით და ვეტყვი ასე:
„თქვენ, სულო ჩემო, საცოდავი ხართ როგორც ბავშვი!
რისთვის არ მოგწონთ ეს ცხოვრება და სიძვირფასე?
წავიდეთ ერთად, ჩუმათ ჩავსხდეთ მოთეთრო ნავში.
მე თქვენ ოქროს თმებს გადაგვარცხნით იქ მორიდებით,
თეთრ კაბით მოგრთავთ, დაკიცონით მცივანა ფეხებს;
და თუ ქალაქმა გადაგვრეკა თავის დიდებით –
წავალთ და მტრედებს გადავუყრით პურის ნატეხებს.
გრამაфონის ხმა (უკვდავია მომგონი მისი!)
ჩვენ მოგვესმება სახლებიდან ნელი ხრიალით.
და თუ დაგვიდგა დღე მზიანი და სამაისო –
დაუართ ლეკურს თავმომწონე ცეკვა ტრიალით!..