I.
ეს იყო ფოთის
ბნელი ღამე,
რომლის მზგავსი
ჯერ არ ყოფილა!
ეს იყო ღამე,
როცა ფიქრი
უიმედობის
მხარეში მიჰქრის.
არსად შობილა
ქვეყანაზედ
ასეთი ღამე,
არსად შობილა
ქვეყანაზედ
ასეთი სევდა!
დეკემბრის ქარი
ამ ღამეს ხევდა,
დეკემბრის ღამეს
ქარი არხევდა,
და ფარფატობდა
სიჩუმე შავი,
როგორც ყორანის
გაშლილი ფრთები.
და, როგორც მთები,
იდგნენ შორი-შორს
დიდი გემები.
ფოთის ნავსადგურს
ებრძოდა ქარი.
ფოთის ნავსადგურს,
თითქოს ჩაძირულს
ლანდივით ზღვაში,
თავს დასტიროდა
და უგალობდა
დეკემბრის ქარი –
სიკვდილის მარში.
***
საიდან გაჩნდნენ
ეს გემები
დუმილით სავსე?
საიდან გაჩნდნენ
ეს გემები
დევების მზგავსი?
რამდენი ზღვები
გაუთელავთ
და გაუვლიათ!
რამდენი სივრცე
და უფსკრული
გადაუჭრიათ!
არსად შობილა
ქვეყანაზედ
ასეთი სევდა!
არსად შობილა
ქვეყანაზედ
ასეთი ღამე!
***
გემძირედიდან
როგორც ხოჭო
შავი ხვრელიდან
მხოლოდ ხანდახან
ამოძვრება
იმისთვის მხოლოდ,
რომ, ერთის წამით,
ცხელ ფილტვებში
ღამის ჰაერი
ჩაუშვას სუფთა
და გააგრილოს.
ის, როგორც ხოჭო,
გემძირედის
ხვრელებში დადის.
ის, როგორც ხოჭო,
მზის სინათლეს
გადაეჩვია!
***
ნელა ქანაობს
ნავსადგურში
დაღლილი გემი:
ბრიტანეთის გემს,
როგორც ვეშაპს,
ძილი ერევა!
გემის მუცელში
უქრობელი
ანთია ცეცხლი,
ჰყრია ნახშირი.
გემის მუცელში,
ვით აჩრდილი,
დაძვრება კაცი –
პატარა კაცი
გარუჯულ თმებით,
გარუჯულ სახით.
***
შოტლანდიაში,
პატარა სოფლად,
რომელიც თეთრად
ზღვიდანაც მოსჩანს, –
მან მიატოვა
პატარა სახლი
დაბალი ჭერით,
სადაც ბუხარი
ნელი გუგუნით
მას მოელოდა
ზამთრის ღამეში,
ზამთრის ღამეში,
როცა ქარ-ბუქი
თოშავდა სახეს
და ზღვასთან ბრძოლა
ღალავდა მკლავებს.
ზამთრის ღამეში,
როცა გრიგალი
ბორგავდა გარეთ,
როცა ქარ-ბუქი
მოთქვამდა მწარეთ –
მის კისერს ორი
ეხვია ხელი, –
ორი პატარა,
გამთბარი ხელი,
და სადღაც გულში,
როგორც სიმღერა,
როგორც სიმღერა
ყველაზე ტკბილი,
ისმოდა ნაზად
ძახილი „მამა!..“
***
შოტლანდიაში,
სადაც გაზაფხულს
უყვარს სტუმრობა
მთელი სიმდიდრით,
სადაც ზღვის ხავერდს
ოქროს თევზები
ამღვრევენ დილით, –
მან მიატოვა
პატარა სახლი,
პატარა ეზო,
აყვავებული,
ჭიშკართან ცოლი,
მკლავებზე ბავშვით,
თეთრ ქანდაკებათ გაქვავებული.
II.
ყრუ ნავსადგურში
სთვლემს დაღლილი
გემი-გიგანტი.
ბრიტანეთის გემს
ეთვლიმება
მღვრიე ტალღებზე.
ბრიტანეთის გემს
ბევრი ღამე
უნახავს ზღვებზე!
მის ძროზე მიკრულ
ლოკოკინებს
და წვრილ ნიჟარებს
სხვა ზღვებიც ახსოვთ –
უფრო მწვანე,
უფრო მშვიდი
და მოალერსე, –
სინაზით სავსე, –
ფირუზისა და
ზურმუხტის მზგავსი.
ზოგჯერ კი ცხელი,
როგორც მდუღარე,
გაცოფებული,
რისხვით მქუხარე,
თითქოს დიადი,
გამოუთქმელი,
მარადიული ფიქრით მწუხარე!
მის ფსკერზე მიკრულ
წვრილ ნიჟარებს
ბევრი უნახავთ:
მკვდარ მეზღვაურთა
გადმოშვება
ვიწრო ფიცარზე
გემიდან ზღვაში;
ჩაძირულ გემთა
მარტოობა
და მყუდროება.
თევზების ჯარი,
მონავარდე,
ოკეანეში;
მარჯნის ტყეების
ელვარება
ცისფერ სიღრმეში,
და ზღვით დაფარულ
ქალაქების
მშვენიერება.
ბევრმა მედუზამ
გამოსცურა
მათ ქვეშ, ალერსით,
ზღვების ფსკერიდან,
და მარგალიტმაც
გაუღიმათ
უფსკრულებიდან.
***
მესამე წელი
დაილია
ამ ხეტიალში.
გამოშრა კანი
და თვალები
ნახშირის ალში.
ამ ნავსადგურში
გათავდება
ბედის ტრიალი,
ამდენი ტანჯვა,
მარტოობა
და ხეტიალი.
ამ ნავსადგურში
გათავდება
მესამე წელი,
რაც მას არ ესმის
სანატრელი
მამის სახელი.
აქედან გემი,
როს აივსებს
უმაძღარ სტომაქს,
გაემართება,
დატვირთული,
ისევ ინგლისში,
რომ ბირმინგამის
და ლონდონის
ქარხნებს აძლიოს,
ჩასაყლაპავათ,
მოზიდული
შავი ქვის მთები.
რამდენი წუთი,
რამდენი ღამე
მან გაატარა
გემძირედის
ხვრელებში მარტოდ!
მას ახლა ისევ
აგონდება
მშობელი მხარე,
ზღვის პირად სახლი,
გაზაფხულით
შემკული არე,
სამშობლოს მზე და
სამშობლოს მთვარე.
III.
მან დედამიწის
ყოველი კუთხე
შემოიარა.
ოკეანების
გრიგალები
გადაიტანა.
მაგრამ მას ღამე
ჯერ ასეთი
არსად უნახავს,
ჯერ არასოდეს
ასე მძიმედ
არ მოსწყენია?
მას აგონდება
ეკვატორი,
სიცხე და ხაშმი,
იქ, სადაც ტყეებს,
მდინარეებს,
ქალაქებს, ველებს –
ადგიათ ზეცა,
ვით საკირე
ცეცხლის მფრქვეველი.
სადაც ღამეში
იგრაგნება
ელვების კვანძი
და, მეხის ცემით
გაყრუებულ,
ჰაერში ისმის
ტროპიკულ თქეშის
ხმაურობა,
ღრიალი ლომის,
და დაფეთებულ
სპილოების
ჯირითი მძიმე.
***
მას აგონდება
ინდოეთის
ნავსადგურები –
განადგურება
დამონებულ,
მშიერი ხალხის,
სადაც სამასი
მილიონი
აგდია მტვერში,
ვერ ბედავს თავი
ასწიოს ზევით
და გაახილოს
სიამით თვალი.
ზეცა კი არის
ისეთი ლურჯი,
ისეთი სუფთა
და გამჭვირვალე!
***
მას ახსოვს გზები
ქარავნებით
ამტვერებული.
მოუკრავს თვალი,
როცა გემი
ნაპირს მიმდგარა,
დიდ მოედნებზე
დაჩოქებულ
აქლემებისთვის,
რომელთა ტვირთი,
აჩქარებით,
აჰქონდათ გემზე
ადამიანებს
– მონებს –
რომელთაც უწოდებენ
შავკანიანებს,
მას სხვაც რამ ახსოვს,
სხვაც რამ უნახავს!
რამდენი ცრემლის,
სიმკაცრის მოწმე
იგი გამხდარა!
რამდენი სისხლის –
უმანკო სისხლის –
მის თვალწინ ხშირათ
ტბორი დამდგარა!
რაოდენ შურის
რაოდენ მტრობის
და ვერაგობის
ამ ცოდვილ მიწის
ყოველი კუთხე
ქცეულა ბუდეთ!
ეს ყოველივე,
მან, საცოდავმა,
უბრალო მუშამ,
გემის ხვრელებში
სადღაც ჩასულმა,
რა საოცარი სიცხადით ნახა,
რა უტყუარი
სასწორით ზომა!
მაგრამ სუყველგან
იგი ხედავდა,
რომ ერთი სიტყვა,
ცეცხლის ბურთივით,
დაჰქროდა ყველგან,
არხევდა დროშებს,
რაზმავდა ბრბოებს,
რაზმავდა ბავშვებს.
და იყო სიტყვა
იგი ცეცხლი
– გულში არავის
რომ არ უქრება –
სიტყვა უბრალო
და ღვთაებრივი:
„თავისუფლება“.
გემძირედშიდაც
გადმოგორდა
ეს ცეცხლის ბურთი,
ეგ ცეცხლის სიტყვა!
ჩაძვრა ყურებში,
მიაღწია გულის სიღრმემდე
და გული ალში გაახვია,
დასწვა, დასეტყვა!
***
ორი დღის წინათ
ის მიადგა
ამ ქვეყნის ნაპირს –
ზღაპრულ ქვეყანას,
ჩაგრულთა მნათობს:
ორი დღის წინათ
მან იხილა
საბჭოთა მხარე –
მონურ სამყაროს
ცეცხლად რომ ათოვს.
მან ცხად იხილა,
რაც ამბავად
მხოლოდ სმენოდა,
ის, რაც მას ზღაპრად
და ოცნებათ
მხოლოდ სჯეროდა.
და სიხარული
გულში ჩადგა,
როგორც ნათელი…
***
მესამე წელი
დაილია
ამ ხეტიალში,
მაგრამ აქედან
ის ბრუნდება
მშობელ მხარეში.
გემძირედიდან
ამოძვრება
პატარა ხოჭო.
მონახავს სოფელს,
ზღვიდან რომ მოსჩანს,
და ისევ-ისე,
როგორც წინათ, –
სამი წლის წინათ, –
დაბალ ჭერის ქვეშ
გაიგონებს
სანატრელ სახელს,
დაღალულ მხრებზე
შემოიწყობს
პატარა ხელებს.
მესამე წელი
დაილია
ამ ხეტიალში,
მაგრამ აქედან
ის ბრუნდება
შოტლანდიაში.
გემძირედიდან
ამოძვრება
პატარა ხოჭო,
გამოვა კარში,
ცეცხლის ბურთს ჩუმათ
ამოიღებს
გულის სიღრმიდან
და გადაისვრის
ათრთოლებულ ხელებით ხალხში!..
***
როცა ბნელ ღამით
ინგლისის გემს
გაუსკდა მილი
და ორთქლში უცბად
დაიშალა
ადამიანი, –
კაპიტანს მოკლეთ
მოახსენეს,
რომ ამ შემთხვევამ
იმსხვერპლა მხოლოდ
ერთი მუშა –
შოტლანდიელი,
რომ ორთქლის ძალამ
მთლად დაშალა
მისი სხეული.
მას მოახსენეს,
რომ პატარა
შეღებილ ყუთში,
რომელიც, ალბად,
მას მიჰქონდა
ბავშისთვის სახლში, –
აღმოაჩინეს
სათამაშო
ნივთებთან ერთად
პატარა დროშა,
აბრეშუმის წითელი დროშა
ზედ ამოქარგულ
ჩაქუჩისა და
ნამგალის ნიშნით.
ხოლო მის გვერდით
ვიღაც უცნობ
კაცის სურათი,
რომლის ქვეშ მოკლეთ
ეწერა: ლენინ.
…………………….
ქვეყნად ვერავინ
ვერ გაიგებს,
რომ ბნელი ღამით,
ფოთის ჭაობში,
რომელიც მუდამ
ხაშმს და ციებას
ერთად ატბორებს,
იქ, სადაც დღისით,
მოწყენით, ზანტად
ყანჩა აზმორებს, –
ავდრიან ღამით,
როდესაც წვიმდა
ნიაღვარულად,
ვიღაც საბრალო,
უცნობი კაცი,
ისე, ვით ძაღლი,
შეუსუდრავი,
ჩაფლეს მალულად.
***
შოტლანდიაში,
სადაც გაზაფხულს
უყვარს სტუმრობა
მთელი სიმდიდრით,
სადაც ზღვის ხავერდს
ოქროს თევზები
ამღვრევენ დილით, –
ისევე მოსჩანს
პატარა სახლი,
პატარა ეზო აყვავებული,
ჭიშკართან ქალი
მკლავებზე ბავშვით,
თითქოს ლოდინით
გაკვირვებული.
დგას, ჟამს მწუხრისას,
დაისის ალში,
ვით ქანდაკება, გაქვავებული.