ისევ ბავშვობა მაგონდება სათუთი, ნაზი,
ზამთრის მხატვრობა ჩემი ფანჯრის ვიწრო მინაზე, –
ამბროლაური, დიდი ეზო, დიდი ცაცხვები
და სათამაშოთ არჩეული ფერადი ქვები.
როგორ მიყვარდა სოფლის დილა, ჭრიალი ურმის,
და თოვლის მოსვლა, გამოჩენა უცნობი სტუმრის!
ჩვენს ეზოს იქეთ ვაცხოვრებდი სულ სხვა ქვეყანას…
ზღაპრების შემდეგ ჩემი ძიძა მიმღერდა ნანას.
დავიძინებდი დაღალული მე მის კალთებზე
და ძილში ვგრძნობდი მამის კოცნას ოქროს ფერ თმებზე.
ახლა ვიგონებ ჩემს ბავშობას, ჩუმათ ვიმღერი.
აღარ მაცვია, როგორც გოგოს, კაბა ცისფერი,
და მამა ჩემიც, საყვარელი, მომიკვდა წრეულს!
ვეღარ უშველის ის თავის შვილს დაკარგულს, სნეულს!
აქ დედა ჩემი, უნუგეშო, ტირის თავისთვის,
ყვითელი ხელით დაუნთია სანთელი ღვთისთვის;
მისი ფეხის ხმა მოპარული გაისმის ძვირათ,
მისი თვალები ცრემლიანი დამდევენ გზირათ;
დიდ ოთახებში ჩვენ ორნი ვართ და დაღამებას
თრთოლვით მოველით სიჩუმეში, როგორც წამებას.
როგორც აჩრდილი მიმალულა კუთხეში დედა,
რომ ცრემლებისთვის მის თვალებზე ვერ შემეხედა.
როს დაღამდება – გაიბმება სული მახეში.
ვშიშობ, მივიდე და ჩავხედო დამჭკნარ სახეში.
გადის თვეები და ყოველ დღე ცახცახით ველი,
რომ დედაც წავა: არავინ ჰყავს საბრალოს მცველი.
დამტოვებს ისიც. და ნუგეშით ვიღას მივმართო?
მალე ამ სახლში მე დავრჩები სულ მარტოდ-მარტო…