„…Нет, весь я не умру“.
А. Пушкин
ო, არ მომკვდარხარ, საყვარელო და სხივოსანო!
ჯადოსნურ ჰანგებს ულმობელი სიკვდილი ასცდა.
შენ ყველგან ცოცხლობ, ყველგან სუფევ, ჩვენო მგოსანო,
ღარიბ კერასთან, ვარსკვლავებთან, გულში და ზღვასთან!
ასი წელია, რაც სიცოცხლე ჩაგიქრო ტყვიამ.
მიწაზე ჰყრია გვირგვინები, ნამსხვრევი ტახტის,
მაგრამ შენს სახელს დღეს რუსეთის დიდება ჰქვია –
შენ ხალხის გულში უქრობელი ლამპარი გახდი.
ცრემლები, ოხვრა, სიდიადე გრძნობის და ფიქრთა,
ყვავილთა გაშლა, სიყვარული, ხმანი მისანი –
თავს იყრის შენში: – ყოველივეს იკრებ და ირთავ,
ბრძენო და ბავშვო, უნაზესო და გულთმისანო!
რამდენი ღამე მარადიულ კაეშნით სავსე
შენს სულთან ერთად, შენს ლექსებთან გამითევია…
შენი ოცნების არწივები დამქროდენ თავზე
და შენთან ერთად მეც ცრემლები დამინთხევია.
შენს სულგრძელობას, შენს ვაჟკაცურ სიკვდილის ამბავს,
შენს კეთილშობილ სიამაყით სავსე ბუნებას
მე ვაკვირდები აღელვებით და მაშინ ვკარგავ
მარტოობისა და ბოროტი სულის ცდუნებას.
ადამიანო და პოეტო! ეს ჭირნახული,
რაც მაბადია, რაც ჩემშია, რაც მამეტყველებს,
რაც მოდის ლექსად და გულშია ღრმად ჩამარხული
მინდა გადავცე შენს ღვთაებრივ, შენს უკვდავ ხელებს!
ჩემი ნობათი არის მცირე, ასე ღარიბი
შენსა სიმდიდრეს აღურიცხველს ვერას შემატებს!
მაგრამ გამიღე მაგ ანთებულ გულის კარები,
ნუ დამშორდები, ნუ დამაგდებ, ნუ გამიმეტებ!
მომკიდე ხელი, რომ ცხოვრების მღელვარე გზაზე
გამოგყვე უკან და სხივებმა შენმა მათოვოს,
რომ სათნოებით მეც ვიფიქრო ადამიანზე
და შთაგონებულ სიყვარულმა არ მიმატოვოს!
ო, არ მომკვდარხარ და სიკვდილი ვერ მოვა შენთან!
გაქრნენ ისინი, ვინც დაგადგა გვირგვინი ეკლის…
და გადაჰყურებს ქარტეხილებს საუკუნეთა,
შენი უკვდავი, ხელთუქმნელი დიდების ძეგლი!