აფხაზური სიმღერა – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1927

ადგილი : სოხუმი

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

აფხაზური სიმღერა

ენგურში მთვარე ჩავარდა

ვერცხლით მოჭედილ ციდანა.

ენგურში მთვარე ჩავარდა,

და ვერცხლი ჩამოიტანა.

ასე ამბობდა ენგური:

„რიონის ქება მსმენია: –

ყოფილა ერთობ შემკული

და ზეცა ლურჯათ ჰფენია“

„მთებით ვარ შემოღობილი

და ქანჩახებთან ძმურადა.

მენატვრის ნახვა დობილის,

და მასთან მისვლა სტუმრადა“.

„მართლაც თუ ისე ფართეა,

როგორც ავივსე სმენითა?

ან თუ ჩემსავით მარდია

თეთრი ჩქერების დენითა?“

„მთვარე ხომ – ვინ არ მიხვდება –

ყოველღამ ჩემთან წვებაო…

მეც ველად გაშლა მიხდება,

და ზეცაც მეფინებაო“.

ენგურო, რიონს ვერ სჯობნი

გადმომსკდარს ფასის მთიდანა!

მთებში ხარ სადღაც ნაპოვნი,

ქაფათ დაღვრილი მთიდანა.

შენი ტანი და იერი

მისას ვერ შეედრებაო,

მთვარეც გღალატობს ცბიერი: –

თურმე მასთანაც წვებაო!