ასპინძის ბრძოლა – Blue Horns

ავტორი : კოლაუ ნადირაძე

თარიღი : 1925

ადგილი :

საცავი :

გამოცემა :

პოეზია, შემოქმედება

ასპინძის ბრძოლა

1.

მთების მწვერვალებს ეფინება მზე ფარჩეულად,

მოისმის სროლა და კიჟინა მრისხანე ხმების.

დღეს საქართველო სასიკვდილოდ გადარჩეულა!

ვერ ითმენს ჯარი, და იწყება თარეში ხმლები.

მაღლობთა რკალში მომწყვდეული ხმების ზვირთები

ბრუნავს გრიგალად და ეცემა გადამწვარ ველად.

მთის ფერდოები ჩახლეწილი სისხლით ირთვება,

და ბრძოლის ბედი ახლოვდება დაუძლეველად.

მოდის შუადღე, ემატება მზეს გახელება!

მივლენ ბარბაცით ურდოები, ქრიან დროშები.

მაგრამ მებრძოლებს ეჭირვებათ შესახელება,

ისმის ჭიხვინი და ბრძანება დროგამოშვებით.

შავია მტკვარი. აელვარდა მახვილი მტვერში,

დაიძრა მიწა ცხენოსანი ჯარით მოყრილი.

და ცივი სახით ჩასობილი კვამლიან ველში

მოჰქრის მხედარი შავ მერანზე მხრებში მოხრილი.

 

 2. ყალბი ცნობა ქართველი ჯარის დამარცხების შესახებ

ელიან ხარბად, მოლოდინში ფითრდება სული.

თბილისი ჟღალი, ჭორფლიანი დღეს არის ავად!

მაგრამ გაჩნდება მეომარი ფერგადასული

და შიშის დამბლა დააწვება ქალაქს უძრავად.

 

ისმის ტირილი, ჭირვეული ქალთა გოდება,

ზარების გლოვა, აქლემების ზმუილი ნელი.

სდუმს ნარიყალა ამართული მძიმე ლოდებით,

არავინ არის სიკვდილისგან გადამრჩენელი.

 

მზე გადიხარა, ჟანგისფერი მძიმობს ჰაერი,

ხმა საოცარი ბრბოს მოედო, როგროც სახადი.

გაწითლდა მტკვარი და შეიქმნა სისხლის ნაირი

და საკვირველი იცრემლება ხვთისმშობლის ხატი.

 

ვეღარ მალავენ: დამხსნელია მხოლოდ უფალი,

გამუსრეს ჯარი, დაიღუპა ბატონიშვილი…

გაეშურება სიონისკენ დღეს დედოფალი,

ატირებული, თვდახრილი და ფეხშიშველი.

 

3. ერეკლეს შემოსვლა

მოათრევს მტკვარი მტრების ლეშებს შავად გაბერილს,

ელდა ნაკრავი ხიდეებზე გროვდება ხალხი.

იჭერენ ფარ-ხმალს ნაპირებზე, წყალში დაჭერილს,

შორდება თბილისს მგლოვიარე სიკვდილის თალხი!

 

კიდევ ლოცვილობს დედოფალი ქვედამხობილი,

მაგრამ სარკმელში შეიჭრება ხმა უცნაური.

ივსება გული სიხარულით კვლავ შეპყრობილი!

მოისმის ვიწრო ქუჩებიდან მძიმე ხმაური.

 

მზე დაწდა სისხლად, მაგრამ ბინდი ჯერ გვიანდება,

აწვება მეტეხს დაზანტებით საღამოს ჩრდილი.

და სოღანლუღის სიმაღლეზე, როგორც ლანდება,

დაისის ცეცხლში სდგას ერეკლე ხმალ-ამოწვდილი!